მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

639ef3a389588
ირაკლი მაკალათია
18.12.22 15:04
1133
გთავაზობთ, გასული კვირის (12 – 17 დეკემბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას.

1. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს;
2. 2022 წლის III კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 1,595 ლარამდე გაიზარდა;
3. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია და აუდიტის სამსახურის შეფასება;
4. მთავრობა ანაკლიის პორტს სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებს;
5. ნოემბერში საქართველოში რეკორდული მოცულობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა;
6. 2021 წელს სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა ხელფასებმა 907 მილიონ ლარს გადააჭარბა;
7. ეროვნული ბანკის გაფრთხილება ირანულ საქონელთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე;
8. სემეკ-ის გადაწყვეტილებით ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა;
9. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი "რიყის დოქების" 50%-ს ყიდის;
10. მთავრობა ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიისთვის საგადასახადო შეღავათს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს.


1. საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს

17 დეკემბერს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

2. 2022 წლის III კვარტალში საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი 1,595 ლარამდე გაიზარდა

2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5%-ით გაიზარდა და 595.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი - ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგში დაფიქსირდა (3 330.4 ლარი). ამავე პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 265.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 904.8 ლარით განისაზღვრა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3uXXwqN ;

3. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია და აუდიტის სამსახურის შეფასება

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-მდე შემცირდა. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, 2023 წელს ბიუჯეტის ხარჯი 21.9 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. საბიუჯეტო ხარჯი იზრდება როგორც საჯარო სფეროში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის ხარჯზე, ასევე სოციალური დახმარებების კუთხით.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე უცვლელია აუდიტის სამსახურის შეფასება, სადაც წარმოდგენილ მრავალ ხარვეზთან ერთად, აღნიშნულია, რომ პროგრამული ბიუჯეტი თავი საჭიროებს დახვეწას, ხოლო ფისკალურ რისკებად განიხილავენ სახელმწიფო საწარმოების ოპერირებას.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3hBIBQc ; https://bit.ly/3hv4Rey ; https://bit.ly/3YuqewW ; https://bit.ly/3BKp0nD 

4. მთავრობა ანაკლიის პორტს სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებს

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებას 2023 წლიდან აანონსებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ. მთავრობის თანამონაწილეობა ასევე გულისხმობს რკინიგზისა და გზის მშენებლობას. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, თედ ჯონასი მთავრობის 51%-იანი წილის თანამონაწილეობას ანაკლიის პორტის მთელი იდეის განადგურებად მიიჩნევს და განმარტავს, რომ სახელმწიფოს 51%-ის ფლობის პირობებში ანაკლიისთვის სერიოზული კერძო ინვესტორის მოძიება აბსურდულია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3BERFKT ; https://bit.ly/3YvXzHQ ; https://bit.ly/3WenLFG ; https://bit.ly/3jap4Xm

5. ნოემბერში საქართველოში რეკორდული მოცულობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში, საქართველომ სარეკორდო მოცულობის ფულადი გზავნილები მიიღო. აღნიშნულმა მაჩვენებელმა, გასული წლის ნოემბერთან შედარებით 151.4%-ით მეტი, 521.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, სადაც 60.6% რუსეთიდან მიღებულმა გზავნილებმა შეადგინა. ქვეყნების მიხედვით მეორე-მესამე ადგილებს კი, იტალია (36 მილიონი აშშ დოლარი) და აშშ (29 მილიონი აშშ დოლარი) იკავებენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Yw7tJt; https://bit.ly/3jddSZV 

6. 2021 წელს სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა ხელფასებმა 907 მილიონ ლარს გადააჭარბა

ფინანსთა სამინისტრო მიერ სახელმწიფო საწარმოების სახელფასო პოლიტიკის შესახებ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფო საწარმოებში ჭარბი დასაქმების პრობლემაა. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში მოქმედ სახელმწიფო კომპანიებში 59 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, მათი ხელფასი კი 2021 წელს 907 მილიონ ლარს აჭარბებდა. 10 უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია კი 35 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც სახელმწიფო კომპანიების სექტორის 61%-ია. კომპანიებს შორის პირველ ადგილზე დგას საქართველოს რკინიგზა, სადაც ყველაზე მეტი, 12 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3FUOLnJ 

7. ეროვნული ბანკის გაფრთხილება ირანულ საქონელთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზ

საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს პასუხობს საქართველოს ეროვნული ბანკის შემუშავებული დებულება, სადაც განისაზღვრა ის მოთხოვნები, რაც კომერციულ ბანკებს შეუმცირებს საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს. სებ-ის განცხადებაში ვკითხულობ - ,,აშშ-ის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვის მიზნით, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან ირანთან დაკავშირებული პირების მიმართ გაატარონ გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები.’’
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3G0Cn5L 

8. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა

ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩება, სემეკის აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია ,,სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით.’’
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3PwWrzO

9. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი "რიყის დოქების" 50%-ს ყიდის

დავით ხიდაშელი, რომელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა, 2022 წლის მარტში ე.წ. "რიყის დოქები" 10 მილიონ ლარად შეიძინა, მზად არის ობიექტის 50% გაყიდოს. ამ ეტაპზე არ არის დაკონკრეტებული, თუ რამდენი მილიონი ლარი იქნება 'რიყის დოქების" საწყისი ღირებულება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3FZdiI9 

10. მთავრობა ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიისთვის საგადასახადო შეღავათს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს

საადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს 2026 წლამდე ადგილობრივი მწარმოებლებისათვის თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისან გათავისუფლების შეღავათს, რითაც კომპანიები 1.4 მილიონ ლარს დაზოგავენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3WpzL6N