მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა (02-07.03.2020)

5e6515a14957d
ირაკლი მაკალათია
08.03.20 19:54
2391
გთავაზობთ მიმდინარე კვირის TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას. 

1. კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე და მთავრობის პოზიციები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით მთავრობა განიხილავს ეკონომიკაზე კორონავირუსის ზემოქმედების შემსუბუქების საკითხს. მისი თქმით მთავრობა გამოიყენებს მათ ხელთ არსებულ ყველა მონეტარულ და ფისკალურ ინსტრუმენტს. 

მთავრობის მიერ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი www.stopcov.ge, სადაც იხილავთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციებს და რეკომენდაციებს, რომელსაც გასცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობას კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად ექნება ფისკალური და მონეტარული სტიმულები. მინისტრის თქმითვე კორონავირუსი 2020 წელს გლობალურ ეკონომიკურ ზრდას სავარაუდოდ 0.5%-დან 1.5%-მდე შეამცირებს.

საქართველოში ვირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადი დარგი კი ტურიზმია. Galt&Taggart-ის ეკონომისტის ლაშა ქავთარაძის განცხადებით - "დრამატული სცენარის განვითარების შემთხვევაშიც, საქართველოს 3%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება“.

ამავე დროს "საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი მზად არიან დაეხმარონ მის წევს ქვეყნებს ეკონომიკური ზარალის გადატანაში, განსაკუთრებულ აქცენტს კი ღარიბ ქვეყნებზე გააკეთებენ.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3cC9TyB; https://bit.ly/2IuyTd8; https://bit.ly/330PfU6


2. საპენსიო სააგენტო: 575 მლნ ლარის საპენსიო დანაზოგის ინვესტირების ისტორია

გასული თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტომ საპენსიო ფონდიდან 575 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. 560 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსეს, ხოლო 15 მილიონი ლარი კი ვადიან დეპოზიტებზე. სააგენტოს განცხადებით, სადეპოზიტო სერტიფიკატის სარგებელი წლიურ 14.8%-ს შეადგენს, უფრო მეტს ვიდრე სახელმწიფოს ობლიგაციების 5 წლიანი სარგებელი. ინვესტიციების ვადიანობა განისაზღვრა 2-5 წლიანი პერიოდულობით.  

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დროებითმა მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა დავით წიკლაურმა უკვე დატოვა მთავარი საინვესტიციო ოფიცრის პოსტი, რომელსაც ის 3 თებერვლიდან 3 მარტამდე იკავებდა. რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკის საბოლოო დოკუმენტს, ის ამ დრომდე შეთანხმების ფაზაშია.
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 2020 წლის 4 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატების რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა. კონკრეტულად კი ახალი წესებით, "სერტიფიკატის გამოშვების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს ფორსმაჟორული შემთხვევების დროს კლიენტის მიმართ ბანკის მიერ ვადიანი დეპოზიტიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებების ანალოგიური ან უკეთესი პირობები."

2020 წლის განმავლობაში სახელმწიფო საპენსიო სააგენტო მასში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომლებზე 283,800 ლარის ხელფასების გაცემას გეგმავს. 80,000 ლარი არის გათვალისწინებული მივლინებებისთვის, 72,000 ლარი ბლუმბერგის საინვესტიციო პროგრამისთვის, 65,000 ლარი აუდიტის მომსახურებისთვის და 240,000 ლარი PR მომსახურების შესაძენად. საბჭოს სამი წევრისთვის წლიური ანაზღაურება 90,000 ლარით, ხოლო ორი წევრისთვის კი 54,000 ლარით არის განსაზღვრული.  

აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული ინვესტიციის შესახებ, ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც BMG-იმ აღნიშნული საკითხის შესახებ დაწერა. მხოლოდ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა საპენსიო სააგენტომ განცხადება, რომ მათ 560 მილიონი ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატები იყიდეს. 

ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/32YEqSyhttps://bit.ly/3aH5qZD

3. სომხეთის პრემიერ მინისტრის ვიზიტი საქართველოში

3-4 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

ორივე მხარემ აქცენტი გააკეთეს ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, მშვიდობასა სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ურთიერთობებსა და რეგიონის გამოწვევებზე. ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და სხვ. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, საქართველოს ექსპორტის 10,9% სომხეთზე მოდიოდა, ხოლო იმპორტის წილმა 3,0% შეადგინა.

ვრცლად ამ თემაზე სტატია.

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობის ანალიზი.


4. კორონავირუსის უარყოფითი ეკონომიკური გავლენა ტურიზმის ინდუსტრიაზე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257 547 შეადგინა, რაც 4,0%-ით მეტია წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობა კი 0,6%-ით შემცირდა. თებერვალში 59.5%-ით შემცირდა საქართველოში ჩინეთიდან ვიზიტები.

ეკონომიკის მინისტრი კორონავირუსის გამო მიყენებულ ზიანზე სამსჯელოდ ტურიზმის ინდუსტრიას შეხვდება. მინისტრის განცხადებით, პრობლემა კომპლექსურია, აპირებენ რომ მოუსმინონ ინდუსტრიის წარმომადგენლებს თუ რა პრობლემების წინაშე დადგნენ კორონავირუსის გამო და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება ეკონომიკურ დანაკარგებს: Galt&Taggart-ის გათვლებით ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერება საქართველოს ყოველთვიურად დაახლოებით 11.5 მილიონი დოლარით დააზარალებს

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2TTj9Wy;https://bit.ly/3aAGvqw; https://bit.ly/3ay4YfW

5. სებ-ის შერბილებული რეგულაცია - 4 საშემოსავლო კატეგორიის ნაცვლად 2 კატეგორია დარჩება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაცია შეარბილა - 4 საშემოსავლო კატეგორიის ნაცვლად 2 საშემოსავლო კატეგორია რჩება:
- თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);
- თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება ხელფასის 60%-ს (რაც 1001 ლარის ხელფასის შემთხვევაში თვეში 600 ლარია, 2000 ლარის შემთხვევაში თვეში 1200 ლარი, 3000 ლარის შემთხვევაში თვეში 1800 ლარი, 4000 ლარის შემთხვევაში თვეში 2400 ლარი და ასე შემდეგ).

ეროვნული ბანკი ასევე გეგმავს რისკებზე დაფუძნებულ უფრო ჯანსაღ მოთხოვნების დანერგვას ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან მიმართებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის საპასუხოდ შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე იმსჯელონ და რეფინანსირების განაკვეთი შეამცირონ.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2PWXbjZ; https://bit.ly/2TKSDOV.

6. ლარის კურსი და თებერვლის თვის ინფლაცია

2020 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა. საბაზო ინფლაციამ თებერვალში გასული წლის თებერვალთან შედარებით 4.6%, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.8% შეადგინა.

სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 12.7%-ით; სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში დაფიქსირდა 8.7% ინფლაცია; ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 4.6%; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 3.9%; ჯანმრთელობის დაცვა 3.9%; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი 3.4%; განათლება 3.1%; დასვენება, გართობა და კულტურა 2.5%; ტრანსპორტი 2.4%. ხოლო ორ ჯგუფში მოხდა დეფლაცია: კავშირგაბმულობა -1.3%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -1.7%.

რაც შეეხება ლარის კურსს, 1 აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა 0,0087 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 0,0528 ლარით.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/39yCiDF; https://bit.ly/2vM9Qzm.

7. კლინიკების წერილი პრემიერ-მინისტრს

საქართველოში მოქმედი 21 კლინიკის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კვლავ მიმართავენ და 520-ე დადგენილების შეცვლას ითხოვენ. წერილში ყურადღებას ამახვილებენ იმ რისკებზე, რასაც აღნიშნული დადგენილება ქმნის. BMG-იმ ექსკლუზიურად მოიპოვა აღნიშნული დოკუმენტი.

კლინიკების წარმომადგენლები წერილში წერენ, რომ უნივერსალური ხელმისაწვდომობის საბჭოს ფორმატში მხოლოდ ერთი შეხვედრა შედგა, რასაც მოჰყვა სამუშაო ჯგუფებთან რამდენიმე შეხვედრა, მცირე დროში სამუშაო ჯგუფებმა წარუდგინა სამინისტროს დასაბუთება, თუ რატომ უნდა მომხდარიყო 520-ე დადგენილებით გათვალისწინებულ გარკვეულ სერვისებზე ტარიფების გადახედვა/მოდიფიკაცია, თუმცა ამაზე სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციები არ წარმოუდგენიათ. კლინიკების წარმომადგენლების განცხადებით ტარიფების შეუსაბამობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას რეანიმაციის, არითმოლოგიის, კარდიოქირურგიისა და კარ დიოლოგიის მიმართულებით. ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ უახლოეს მომავალში, სამინისტროს მხრიდან კვლავ მოსალოდნელია ტარიფების ცვლილება. კლინიკების წარმომადგენლები დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვენ მთავრობისგან.

სრულად წერილი: https://bit.ly/2vLuZK0.

8. სემეკი - გაზის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

"სოკარ ჯორჯია გაზმა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) საინვესტიციო გეგმებთან დაკავშირებით განაცხადი წარადგინა. ეს დოკუმენტი დაახლოებით 45 მილიონ ლარამდე საინვესტიციო გეგმას მოიცავს, რომელიც ორ წელიწადნახევარზე უნდა განაწილდეს. საინვესტიციო გეგმების შეთანხმება გასულ წელს, ვერ მოხერხდა, რადგან 2019 წლის მდგომარეობით, "სოკარი" ახალ ტარიფში 150 მილიონი აშშ დოლარის ასახვას ითხოვდა. საქართველოს მთავრობამ კი აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომ ინვესტირებას ტარიფზე გავლენა არ მოეხდინა. სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფები "თბილისი ენერჯის", "სოკარ ჯორჯია გაზის", "საქორგგაზისა" და რამდენიმე მცირე მასშტაბის კომპანიისთვის 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა. ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, ხოლო ,,სემეკი“ სამომხმარებლო ტარიფებს 1 ივლისისთვის დაადგენს.

სემეკ-მა 5 მარტის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომსახურე კომპანიებსა და მათ მომხმარებლებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა და მომხმარებლებს 85 756 ლარი ჩამოაწერა.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2wCMNY5; https://bit.ly/38DaX20; https://bit.ly/2IvemoE.

9. ე.წ. "ღამის ეკონომიკის" პერსპექტივები

2-წლიანი მუშაობის შემდეგ, შემუშავდა თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფცია, რომლის პრეზენტაცია სავარაუდოდ 2 კვირაში მოხდება. თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით პრიორიტებული საკითხები იქნება: ხმაურის თემა, მცირე და მიკრო ბიზნესესბის ხელშეწყობა, ტურიზმის მიმართულება.

ღამის ეკონომიკა, საღამოს 8 საათიდან დილის 8 საათამდე მიმდინარე ეკონომიკური აქტივობას მოიცავს. მთელი ეს დრო უმეტესად საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მათგან რეკომენდაციების მიღებას და სატესტო რეჟიმში რამდენიმე პროექტის ჩაშვებას მოხმარდა. ღამის ეკონომიკის ერთ-ერთი პროექტია „ღამის ავტობუსები“, ასევე გაიმართა: ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, ვორქშოფი “ხმაურის იზოლაცია”, Newon ფესტივალი და ქუჩის მუსიკის ფესტივალი. ღამის მერიის შენახვა 2018-19 წელს თბილისის ბიუჯეტს 215,000 ლარი დაუჯდა.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2xjleDq.

10. რიყის "დოქების" ჩაშლილი აუქციონი

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი უშედეგოდ დასრულდა, 95 მილიონ ლარად შეფასებული რიყის ობიექტი არ გაიყიდა. მიმდინარე აუქციონზე არცერთ პოტენციური მყიდველს ბიჯი არ განუხორციელებია.

აუქციონის პირობებით, მყიდველს თანხა ორი თვის ვადაში უნდა გადაეხადა და 36 თვის განმავლობაში ობიექტზე 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.
ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/3aBSgge.