მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი ბათუმის პორტიდან უკან გაბრუნებულ სანქცირებულ რუსულ ნავთობზე განმარტებას აკეთებს

62ba0cb54750f
თამთა ჯიჯავაძე
27.06.22 23:53
3568
გემი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ნავსადგურში, ხოლო ტვირთის შემოწმება ხდება საბაჟო ორგანოში და არა ღია ზღვაში, - ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სანქცირებული რუსული ტვირთის ბათუმის პორტში შესვლას.

მისი თქმით, ტვირთის მფლობელმა კომპანიამ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საბაჟო ორგანოში, საწყობის რეჟიმში შენახვის, შემდგომში კი თურქეთში რეექსპორტის მიზნით. „თავად ამ ოპერაციაში უჩვეულო არაფერი არ არის და ამ სექტორისათვის დამახასიათებელი სტანდარტული საბაჟო ოპერაციაა“, - აცხადებს მინისტრი.

როგორც ლაშა ხუციშვილი განმარტავს, საბაჟო ოპერაციაში მოქცევამდე მოწმდება ტვირთის სანქციებთან შესაბამისობა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ტვირთის დანიშნულება არ იყო სანქციების დამწესებელი ქვეყნები: აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი იყო თურქეთი, რომელსაც არ აქვს დაწესებული სანქციები, უშუალოდ ტვირთთან მიმართებაში სანქციებთან შესაბამისობაში კითხვები არ არსებობს.

გადამოწმების პროცესში მოწმდება ტვირთის გამომგზავნი კომპანიაც, რომელიც აღმოჩნდა სანქცირებული და შესაბამისად ტვირთის მფლობელი კომპანიის მიერ გაცხადებულ საბაჟო ოპერაციაში მოქცევა საბაჟო ორგანოს მიერ არ განხორციელდა. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებამ ტვირთთან ერთად დატოვა საქართველოს ნავსადგური, ისე რომ არ მომხდარა ტვირთის ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე საბაჟო ოპერაციაში მოქცევა!

ანალოგიურად, მოწმდება სახმელეთო გზით შემოსული ტვირთები, მაშინ როდესაც ტვირთი ფიზიკურად წარდგენა ხდება საბაჟო ორგანოსთვის შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად საქართველოს სახმელეთო საზღვარზე.

ბუნებრივია, ნებისმიერი ტვირთის საქართველოს საბაჟო სივრცეში ფიზიკურად შემოსვლამდე, რომელი გზითაც არ უნდა შემოდიოდეს ის (სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო), ვერ მოხდება მისი სანქციებთან შესაბამისობის დოკუმენტური შემოწმება.

ეს შემთხვევა შინაარსობრივად არაფრით არ განსხვავდება იმ 90-ზე მეტი შემთხვევისგან, რომლის შეჩერებაც განახორციელა საბაჟო ორგანომ სანქციებთან მიმართებაში. ერთი განსხვავებით, იმ შემთხვევაში უმეტესად ტვირთის გამომგზავნი/წარმოშობის ქვეყანა იყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და დანიშნულება - რუსეთი.

საბაჟო სამსახური, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამაგალითოდ ახორციელებს მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულებას და ამ თემაზე სპეკულაციები მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სანქცირებული რუსული ტვირთი, რომელიც თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს "ესენკას" გადაჰქონდა, ბათუმის პორტში შევიდა. "მთავარი არხის" თანახმად, გემი რუსული სანქცირებული კომპანია "როსნეფტის" 30 000 ტონამდე ნავთობპროდუქტით იყო დატვირთული. მოგვიანებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საქართველომ სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გააბრუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები