მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: პურის გაძვირების წინაპირობები არ არსებობს

5ea164368bebe
შოთა ტყეშელაშვილი
23.04.20 13:50
1083
“წინაპირობები იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს არ არსებობს,”- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის თქმით, როგორც ხორბლის იმპორტის ფასის დაზღვევის სუბსიდირების პროგრამა, ასევე მთავრობის მიერ ფქვილის ფასის რეგულირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ქმნის საფუძველს იმისთვის, რომ ბაზარზე პურის ფასი არ გაიზარდოს.

მინისტრის თქმით, სასურსათო ნედლეულზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, მთავრობამ ხორბლის იმპორტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. 

“იცით, რომ პურის ფასის სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვხედავთ, რომ სოციალური ფონი მოსახლეობის უფრო და უფრო მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის შეზღუდვების პირობებში. ამიტომ, ჩვენ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველობასთან, ინდივიდუალურ საწარმოებთან, რათა პურის ფასი შევინარჩუნოთ. მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია, ან მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული ფასის, რა თქმა უნდა, ვერ მოგვცემს გადაწყვეტის საშუალებას. ჩვენ უნდა შევთავაზოთ ქმედითი მექანიზმები სექტორს და ქმედითი მექანიზმი იყო ზუსტად ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა. ამას აქვს ორი მიზანი - დეფიციტის პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ გაზრდილ მოთხოვნას განსაკუთრებით სასურსათო ნედლეულზე, ეს პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კატეგორიას, ხორბალს ეხება. ჩვენი მიზანი იყო წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და მეტი მარაგი იქმნება სწორედ იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც ჩვენ ხორბლის იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში და მიიღონ სუბსიდირება, მათ აქვთ კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომ ფქვილის ფასი, რომელიც ძირითადი ინგედიენტია პურის წარმოებაში, იყოს დაფიქსირებული.

აქ ჩვენ დავაწესეთ ფასის ზღვარი, რომ ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატებოდეს 51 ლარს. ეს არის წინაპირობა იმისთვის, რათა პურის ფასი არ გაძვირდეს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს არის ენერგომატარებლები. თქვენ იცით, რომ ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან პურის კომპანიებს, 10 თეთრით შეუმცირეს ტარიფი პურის საცხობებს. შესაბამისად, წინაპირობები იმისა, რომ პურის ფასი გაიზარდოს არ არსებობს. მადლობა მინდა გადავუხადო პურის მწარმოებელთა კავშირს და თითოეულ მეწარმეს, რომელმაც მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და არ შეცვალა პურის ფასი,”- ამბობს ლევან დავითაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები