მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი რესტორნებს აფრთხილებს: „დაუმორჩილებლობას მოჰყვება მკაცრი რეაქცია“

601a4fef2d9ce
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.21 11:24
3934
6 თებერვალს რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საბავშვო ცენტრები მრავალდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ დაუმორჩილებლობაზე გადადიან და ბიზნესებს თვითნებურად გახსნიან.

„დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მოყვება მკაცრი რეაქცია“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც რესტორნების მხრიდან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მთავრობის მხრიდან მოსალოდნელ ქმედებას შეეხებოდა.

ნათია თურნავა რესტორნებს თხოვნით მიმართავს და იმედოვნებს, რომ ამგვარი ქმედება არ გაართულებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის არსებულ დიალოგს.

„25 იანვარს ეკონომიკური გუნდი, ჩვენი მხრიდან ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით შეხვდა სარესტორნო ინდუსტრიას. გვქონდა დეტალური განხილვა და გავაცანით ის მიდგომები და კრიტერიუმები, რითიც ვსაზღვრავთ ბიზნესების გახსნას და ასევე ვისაუბრეთ აჭარაში რესტორნების გახსნაზე, სადაც ღია სივრცეები 1 თებერვლიდან დაშვებულია. კომუნიკაციის ნაკლებობა ნამდვილად არ არის. ტურიზმის ადმინისტრაციას და სამინისტროს ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია ხან ონლაინ, ხან პირდაპირ ტურისტულ ინდუსტრიასთან.

გასაგებია, რომ რესტორნები იმის გამო, რომ აჭარის გარდა სხვა ნაწილში ვერ იხსნება, მათ აქვთ უკმაყოფილება, მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა და ეპიდემიოლოგიური წესების მიმართა დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მოყვება მკაცრი რეაქცია. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში, პრემიერთან ერთად, ვიხილავთ როდის შეიძლება იგივე აჭარის მოდელი გადმოვიტანოთ დანარჩენ საქართველოზე და ვაკვირდებით ეპიდვითარებას და გამოსავალს, აქედან გამომდინარე ჩემი თხოვნაა და იმედსაც გამოვხატავ, რომ რესტორნები ასეთ არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გვექნება მათთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელზეც ყოველდღიურად ვმსჯელობთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ბიზნესის დახურვისა და გახსნის გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოზე მისი წევრების რეკომენდაციების საფუძველზე „კოლექტიურად“ მიიღება.