მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: საჯარო და კერძო პარტნიორობის კანონი მთლად კარგად არ მუშაობს

5db59ad90303f
დავით ჯალაღონია
27.10.19 18:30
1375
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის აზრით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონი კარგად არ მუშაობს.

ამის შესახებ თვალაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში ვიზიტისას განაცხადა, როცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იგი ქარის სადგურების პროექტების განხორციელებისთვის არსებულ ბარიერებზე საუბრობდა.

"ეს კანონი მიღებულია საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. დღემდე, რაც ვნახეთ, საკმაოდ რთულად და დიდი დრო სჭირდება პროექტების ბოლოში გასვლას, ამიტომ ალბათ შეგაწუხებთ იმ კუთხითაც, რომ ოპტიმიზაცია აუცილებელი გახდეს და შესაბამისი წინადადებით შეიძლება, შემოსვლა მოგვიწიოს. ეს კანონი მხოლოდ ენერგეტიკას არ შეეხება, ეს სხვა სფეროებსაც მოიცავს, მაგრამ ჯერჯერობით არის ქარის სამი პროექტი, რომელიც ამ პროცესშია", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ კანონი "მთლად ბოლომდე კარგად არ მუშაობს".

დავით თვალაბეიშვილის საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ PPP კანონთან და მის აღსრულებასთან დაკავშირებით იგი ექსპერტებთან ერთად ანგარიშს ამზადებს, რასაც დაინტერესებულ პირებს გააცნობს.

შეგახსენებთ, რომ ნინო წილოსანმა ამ სააგენტოს არაეფექტურ საქმიანობაზე დაახლოებით ორი კვირის წინ, ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან გიორგი კაკაურიძესთან ისაუბრა, როცა ეს უკანასკნელი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენდა. 11 ოქტომბერს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ნინო წილოსანმა კაკაურიძეს ჰკითხა, რატომ ვერ ითვისებს დაგეგმილ, ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის ბიუჯეტს წელს დაარსებული სსიპ-ი.

"ბიუჯეტი, რაც იყო ჩადებული, ათვისებულია 25%-ით. რეალურად, არ ვიცით, არ გვაქვს ინფორმაცია, გაუგებარია ამ პროგრამის ფუნქციონირება. მე, როგორც თემატური მომხსენებელი კერძო-საჯარო თანამშრომლობაზე, ექსპერტის მონაწილეობით, რეპორტის მომზადებას ვაპირებ. შემიძლია გითხრათ, რომ ეს მიმართულება ფაქტიურად, ჩავარდა.

ბიუჯეტში ათვისება 25%-ია, ხელმძღვანელიც დაგვიანებით დაინიშნა, სააგენტოც ფაქტიურად არ ფუნქციონირებს", - განაცხადა ნინო წილოსანმა, რის შემდეგაც მას კაკაურეძ უპასუხა.

"ეს სააგენტო დღეს ფუნქციონირებს, მომდევნო წელსაც იფუნქციონირებს. ამ სააგენტოს ძირითადი ფუნქცია, თითოეული შემოსული პროექტის არგუმენტირება და ანალიზის გაკეთებაა", - აღნიშნა მან.

მოგვიანებით, BM.GE–მ საჯარო და კერძო პარტნიორობის სააგენტოს ხელმძღვანელთან ალექსანდრე რევიასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა და იმ პროექტებზე მიიღო ინფორმაცია, რაზეც ამჟამად სააგენტო მუშაობს.