მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ დაუშვილი-თეა წულუკიანს: დიახ, ბიზნესის ინტერესის წარმომადგენელიც ვარ

5ff38ae5816d7
თელარა გელანტია
05.01.21 09:40
4706
„თქვენ ბიზნესომბუდსმენი ხართ დღეს ამ ტრიბუნასთან, თუ დეპუტატი? არ მინდოდა ამ დისკუსიაში შესვლა, მაგრამ არ მომყვებით კონსტრუქციულ დიალოგში“, - ამ კითხვით დეპუტატმა თეა წულუკიანმა ყოფილ ბიზნესომბუდსმენს და ამჟამად პარლამენტარ მიხეილ დაუშვილს მიმართა. 4 იანვრის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე კოლეგებს შორის კამათი შრომის კოდექსში დაგეგმილ იმ ცვლილებებს მოჰყვა, რომლის ინიციატორი მიხეილ დაუშვილია.

საქმე იმაშია, რომ კანონპროექტი შრომის კოდექსიდან მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას ითვალისწინებს, რაც შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს. კანონპროექტის ინიციატორი ირწმუნება, რომ ცვლილების ერთადერთი მიზანი ტექნიკური ხარვეზის გასწორებაა, რადგან კანონპროექტის ორი სხვადასხვა მუხლი ერთი და იგივე შინაარსისაა და მას კოდექსის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ფარავს, თუმცა ყოფილ ბიზნესომბუდსმენს კოლეგების ამაში დარწმუნება გარკვეულწილად გაუჭირდა.

„ამ ნორმის ამოშლა არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი შრომით ურთიერთობებში და კერძო სექტორში, თორემ არც ერთი სამინისტრო, არც ეს პარლამენტი და არც ერთი საჯარო დაწესებულება არ იკადრებს შრომის ურთიერთობებში და ვეღარ იკადრებს იმას, რასაც კადრულობს ხოლმე კერძო ბიზნესი მცირეწლოვანი ბავშვის დედასთან მიმართებაში, ჰომოსექსუალ ადამიანთან მიმართებაში, ფეხმძიმე ქალთან მიმართებაში, შშმ პირთან მიმართებაში. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. იმიტომ რომ ერთი ზოგადია, რომელზეც თქვენ გვეუბნებით, რომ უფრო კონკრეტულ ნორმას ფარავსო და მეორე არის უფრო კონკრეტული. ამ ორი ნორმით დასაქმებულ პირს აქვს უფრო მეტი დაცულობა და თქვენ ამას გნებავთ, უძახეთ ტექნიკური ხარვეზი, გნებავთ, ნუ უძახებთ. ბიზნესს ნამდვილად გაუხარდება ამას თუ წავშლით, მაგრამ მათ სხვანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ აყვავდნენ, არა ისე, რომ ფეხმძიმე ქალი არ მიუშვან სამსახურში, რადგან 9 თვეში შემდეგ ფული უნდა უხადონ დეკრეტული შვებულებისთვის. ამას ემსახურება ეს, მეტს არაფერს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თავის მხრივ, კანონპროექტის ავტორმა იუსტიციის ყოფილ მინისტრს უპასუხა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ის ყველას დამცველია, მათ შორის - ბიზნესის.

„სიმართლე გითხრათ, მართლა მიკვირს, რატომ ფიქრობთ, რომ ან წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში ან თუ დასაქმების ერთ-ერთი კანდიდატი შშმ პირია, მათ უფლებრივ მდგომარეობას რაიმე ზიანი მიადგება? გულწრფელად არ მესმის. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში გასწორდება ტექნიკური ხარვეზი, რომელმაც პრაქტიკაში შეიძლება შექმნას ბუნდოვანება და მეტი არაფერი. ამასთანავე, არცერთი დასაქმებულის ან პოტენციური დამსაქმებლის უფლებრივ მდგომარეობას არავითარი ზიანი არ მიადგება.

ასევე, უნდა გამოვეხმაურო ქალბატონი თეას <წულუკიანის> კომენტარს, რომ დიახ, ამ ტრიბუნაზე და ზოგადად ამ სტატუსითაც ყველას უფლებების დამცველი ვარ, ყველას ინტერესის წარმომადგენელი და მათ შორის, დიახ, ბიზნესის წარმომადგენელი და მათი ინტერესების წარმომადგენელიც, იმიტომ რომ, ვფიქრობ და მჯერა, რომ ამ სექტორის მამოძრავებელი ძალა არის, რა თქმა უნდა, კერძო სექტორი და ბიზნესის სიძლიერეზეა დამოკიდებული რამდენად ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკონომიკა და ყველანაირი უფლების დაცვა და სახელმწიფოს მშენებლობა პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია კერძო სექტორი და ეკონომიკა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ცვლილებების ინიციატორს აღნიშნული პუნქტის კოდექსში დატოვების წინადადება შესთავაზა. მიხეილ დაუშვილმა წარმოდგენილი წინადადება მიზანშეწონილად მიიჩნია და საბოლოოდ, პარლამენტმა კანონპროექტი აღნიშნული დათქმით დაამტკიცა. რაც შეეხება ცვლილებების პაკეტში შემავალ კიდევ ორ კანონპროექტს, დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით, მათი კენჭისყრა 5 იანვრის სხდომისთვის გადაიდო.