მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ - მინისტრი

619786d7cb704
ინგა მურუსიძე
19.11.21 15:45
763
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელასრულების დაწესებულებიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

„ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს - იგი გადაყვაnილი იყოს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ვიცავთ არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მკურნალობის დასრულების შემდეგ, ის დაბრუნდება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ოპონენტების მხრიდან, ნებისმიერი პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადავა მე-18 დაწესებულებაშi და ნებისმიერი კანონდამრღვევი პასუხს აგებს კანონის წინაშე.

რაც შეეხება გარანტიებს, ეს არის შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ასევე ყოველგვარ პროვოკაციაზე უარის თქმა, იქნება ეს აქციები გორის ჰოსპიტალთან, თუ სხვა დესტრუქციული ქმედება, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ექიმების მუშაობას ან პატიმრის უსაფრთხოებას“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს ექსპრეზიდენტის შიმშილობის 49-ე დღეა. მან სოციალურ ქსელში თავის გვერდზე 1-ელ ოქტომბერს დაწერა, რომ უკვე საქართველოში, ბათუმში იყო. მთელი დღის განმავლობაში მთავრობა ირწმუნებოდა, რომ ექსპრეზიდენტი ქვეყანაში არ იყო, თუმცა იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში, სავარაუდოდ, ვიდეოს გავრცელებამდე ორი-სამი დღით ადრე შემოვიდა.