მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოგების გადასახადის გაზრდას საფინანსო სექტორზე გავლენა არ ექნება“ - სებ-ი

63a1978740ab8
ლიკა მეგუთნიშვილი
20.12.22 15:44
942
„მოგების გადასახადის გაზრდას საფინანსო სექტორზე გავლენა არ ექნება“ - ამის შესახებ BMG-სთან ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საფინანსო სექტორი ამ ტიპის ცვლილებას ადვილად გაუმკლავდება და ბალანსის სტრუქტურის ისე გადაწყობას შეძლებს, რომ გაზრდილი ხარჯი მარტივად გადაანაწილოს.

„მოგების გადასახადის გაზრდა ფინანსურ სექტორზე ისეთ გავლენას არ მოახდენს, რომ რაიმე შეცვალოს მათ საქმიანობაში. ვერც მსესხებელი, ვერც მეანაბრე თუ სხვა ტიპის ფინანსური პროდუქტის მიმღები, მატერიალურად ამას ვერ იგრძნობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენთან საპროცენტო შემოსავალი არ იბეგრება და საბოლოოდ, სხვა ქვეყნების მაგალითზე თუ შევხედავთ, ეს 20%-იანი მოგების გადასახადი არ არის მძიმე“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

გარდა ამისა, მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საინვესტიციო გარემოზე გავლენას ვერ მოახდენს და საფინანსო სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველი დარჩება.

„ქართული საბანკო სექტორი არის ძალიან წარმატებული და გვაქვს საკმაოდ ჯანსაღი და გრძელვადიანი ზრდა. ჯანსაღი მაჩვენებელია მოგებიანობის თვალსაზრისითაც, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ინვესტორები ქართული ბაზრის მიმართ კვლავ პოზიტიურად განწყობილები დარჩებიან. მათი ინტერესი ქართული ბანკების მიმართ დიდია, რაზეც ჩვენი ბანკების აქციების ფასიც მეტყველებს. არ ვფიქრობთ, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია ბაზრის მიმართ განწყობაზე ან ფინანსური სექტორის აქტივობაზე“ , - აღნიშნა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა.

ცნობისთვის, 2023 წლიდან საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაიზრდება. ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე წარუდგინა. დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საბიუჯეტო ეფექტი, რაც ამ გადასახადის მატებას ექნება, 172 მილიონ ლარს შეადგენს.