მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორს ახალ მოთხოვნებს უწესებს

6488624c27a87
ელენე გოგბერაშვილი
13.06.23 22:55
4740
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკი საბანკო სექტორს ახალ მოთხოვნებს უწესებს. საკონსულტაციოდ უკვე გამოქვეყნდა ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც ფართოვდება ბანკთან დაკავშირებულ პირთა წრე და იზრდება სპეციალურ რეესტრში მათი დატოვების ვადა. ცვლილებები ეხება ასევე ტრანზაქციების მოცულობას, რომელიც ბანკთან დაკავშირებული პირების მხრიდან არის განხორციელებული.

კონკრეტულად, ცვლილებები შევიდა ძირითადად დაკავშირებულ პირთა იდენტიფიცირების კუთხით, ანუ ვინ უნდა აღიაროს ბანკმა მასთან დაკავშირებულ მხარედ. მოქმედი დებულებით ეს შეიძლება იყოს როგორც დირექტორთა საბჭოს, ისე სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, არსებულ ნუსხას კი ემატება მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, რომელიც ასევე უნდა აღიაროს ბანკმა დაკავშირებულ მხარედ.

როგორც სებ-ში განმარტავენ, საფინანსო სექტორი აქამდეც ვალდებული იყო ამ პირების რეესტრი ეწარმოებინა, თუმცა წარმოდგენილი პროექტით დაზუსტდა და განისაზღვრა 12 თვიანი პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც ბანკის დატოვების შემთხვევაში ეს პირები ჩაითვლებიან მასთან დაკავშირებულ მხარედ.

ცვლილებები ეხება ასევე უზრუნველყოფის მოთხოვნებს. შეიქმნა კონკრეტული სია, რა ტიპის უზრუნველყოფის საშუალება შეუძლია გაითვალისწინოს ბანკმა დაკავშირებულ მხარესთან განხორციელებული ტრანზაქციების შემთხვევაში.

„ბანკთან დაკავშირებული მხარეები გაყოფილია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებად. დაემატა ის, რომ მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ყველა პირი ბანკმა უნდა აღიაროს როგორც დაკავშირებულ მხარედ. დაკავშირებულ მხარეს წარმოადგენენ ბანკის მაკონტროლებელი პირები, დირექტორთა საბჭოს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, მათთან დაკავშირებული პირები, ბანკის მშობელი საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტის წევრები. თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დატოვებს ბანკს, იგი 12 თვის განმავლობაში უნდა იყოს ბანკთან დაკავშირებულ პირად აღიარებული“,-აცხადებს ელენე კვიტაიშვილი, სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის კორპორაციული მართვისა და რესურსების ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.

დამატებით შეეხო ცვლილებები დაკავშირებული მხარის ტრანზაქციების მოცულობას, რომელსაც ამტკიცებს საბჭო. ამ შემთხვევაში ბანკები ვალდებული იქნებიან დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებული ტრანზაქციები განახორციელონ გაშლილი მკლავის პრინციპით, ანუ როგორც ეს ხდება არადაკავშირებულ პირებთან მიმართებით, რომ არ იყოს რაიმე უფრო შეღავათიანი პირობები გამოყენებული.

„ დამატებით შეეხო ცვლილებები ტრანზაქციების რა მოცულობას ამტკიცებს საბჭო, 200 000 თუ იყო აქამდე, ახლა 500 000 გახდა და 500 000 -ს ზემოთ საბჭომ უნდა დაამტკიცოს ყველა ტრანზაქცია, რომელიც დაკავშირებულ მხარესთან არის განხორციელებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციები უნდა ხორციელდებოდეს გაშლილი მკლავის პრინციპით, რაც აქამდეც იყო დებულებაში, უბრალოდ ახლა განვმარტეთ, რას ნიშნავს გაშლილი მკლავის პრინციპი, როგორ უნდა იმოქმედოს ბანკმა მის შესაბამისად და ა.შ

დაკავშირებულ პირებთან დაკავშირებული ტრანზაქციები ისევე უნდა განახორციეოს ბანკმა როგორც არადაკავშირებული და გაშლილი მკლავის პრინციპით უნდა ხდებოდეს ეს და არ იყოს რაიმე უფრო შეღავათიანი პირობები დაკავშირებულ მხარეებთან“,-აცხადებს კვიტაიშვილი.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს საფინანსო სექტორში გამოვლენილი ხარვეზების მოწესრიგებას და ამ მიმართულებით არსებული რისკების პრევენციას.

დებულების დამტკიცებიდან 6 თვე აქვს საფინანსო სექტორს იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკა და პროცედურები ახალ მოთხოვნებთან მოიყვანონ შესაბამისობაში. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ცვლილებების პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს მიაწოდეს კომერციულ ბანკებს და ეს ცვლილებები მათთვის სიახლეს არ წარმოადგენს. შენიშვნების შემთხვევაში კერძო სექტორს უკუკავშირისთვის დრო 25 ივნისამდე აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები