მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოგვეცით მუშაობის უფლება“ - „ელიავას ბაზრობის“ მენეჯმენტი მთავრობას მიმართავს

5fe70431ce033
თელარა გელანტია
26.12.20 13:34
1025
შპს „სავაჭრო ცენტრი დიდუბე“, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის 7 ჰექტარ მიწის ფართობზე (სულ ე.წ. „ელიავას ბაზრობას“ უჭირავს 15 ჰა) განლაგებულ სავაჭრო ობიექტებს. უწყებათაშორის საბჭოს და მთავრობას ღია წერილით მიმართავს. „გთხოვთ მოგვცეთ მუშაობის განახლების უფლება იმ რეჟიმით და იმ ვადით, რომლითაც ფუნქციონირებს დედაქალაქის სავაჭრო ცენტრების აბსოლუტური უმრავლესობა და ნუ გვამყოფებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩვენს უშუალო კონკურენტებთან მიმართებაში“, - წერია ღია წერილში. მენეჯმენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, განსხვავებით სავაჭრო ცენტრებისა, ბაზრობებს მუშაობის უფლება არ მიეცათ. შეგახსენებთ, იდენტური მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ მთავრობას „ლილო მოლის“ ადმინისტრაციამ მიმართა.

შპს „სავაჭრო ცენტრ დიდუბის“ ღია წერილს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ამ სივრცეში დარეგისტრირებულია ათასობით იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელთაც 10 ათასზე მეტი ადამიანია ჰყავთ დასაქმებული და მათი ბიზნეს საქმიანობიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 300-500 მილიონ ლარი მიემართება. ე.წ. ელიავას ბაზრობაზე განთავსებულ სავაჭრო ობიექტებს, გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა უდიდესი სოციალური დატვირთვაც გააჩნია.

აქ დასაქმებული ადამიანები, რომელთა უმრავლესობა მცირე ბიზნესის წარმომადგენლები არიან, და მათი ოჯახები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, ვინც ფიზიკური გადარჩენის გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა პანდემიის პირობებში.

ჩვენი კომპანია წლების მანძილზე მხარში უდგას სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევის დროს და უპირობოდ ასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას. პანდემიის პირობებში კომპანიის საქმიანობა, დაფუძნებულია მხოლოდ მოქმედ კანონმდებლობაზე და საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებულ სამოქმედო გეგმაზე.

მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების თანახმად პანდემიის პირველი ტალღის დროს, ჩვენ 20 მარტიდან შევწყვიტეთ მომხმარებელთა მიღება. მუშაობის აღდგენის უფლება მოგვეცა ყველაზე გვიან სხვა სავაჭრო ობიექტებთან შედარებით - ა.წ. 10 ივნისს.

ამის მიუხედავად, ჩვენ გაცნობიერებული გვქონდა, რომ სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა არის ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და მაქსიმუმს ვაკეთებდით, რათა მთავრობის მესიჯები სწორად მიგვეტანა თითოეულ მოიჯარემდე და ზედმიწევნით დაგვეცვა ყველა რეკომენდაცია.

ის მდგომარეობა, რომელშიც ბოლო დღეებია აღმოვჩნდით, ჩვენს ტერიტორიაზე დასაქმებულ ადამიანებში იწვევს უსამართლობის განცდას. უწყებათაშორის კომისიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ფუნქციონირებს ყველა სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი, სამშენებლო მასალებით და მეორადი ავტო-ნაწილებით მოვაჭრე ობიექტები, ავეჯის ცენტრები და მაღაზიები. ყველას მიეცა უფლება გაეახლებინა სამუშაო პროცესი, გარდა ე.წ. ელიავას ბაზრობისა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სავაჭრო პროცესის ნაწილი მიმდინარეობს ღია სივრცეში. ბაზრობას უკავია 15 ჰა ფართობი და მომხმარებლის სიმჭიდროვე ამ სივრცეში, ბუნებრივად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამას საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია ითვალისწინებს. გარდა ამისა, ამ სივრცეში ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარით აშენებული, „მოლის“ ტიპის დახურული სავაჭრო ობიექტები და ჩვენ ვერანაირად ვერ ვუხსნით აქ დასაქმებულ ადამიანებს, თუ რატომ არის შესაძლებელი მუშაობის უფლება მიეცეთ იგივე პროფილის სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტებს, ხოლო ისინი მოკლებული იყვნენ ამ უფლებას და იმყოფებოდნენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში თავიანთ უშუალო კონკურენტებთან შედარებით.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ წინ გვხვდება „ხელოვნურად“ შექმნილი ბარიერი ჩვენი ბიზნესის განვითარების საქმეში, რაც ჩვენს დიდ გაკვირვებას იწვევს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს და მმართველ პარტიას ცალსახად აქვს განცხადებული ქართული ბიზნესის განვითარებისათვის მაქსიმალური მხარდაჭერა.

აღნიშნული გამოიხატება დედაქალაქის ცენტრში არსებული ე.წ. ელიავას ბაზრობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მოლად ტრანსფორმირების პროცესში მუდმივი სუბიექტური თუ ბიუროკრატიული ბარიერების არსებობით, რაც უკვე წლებია აფერხებს ამ საკითხის გადაწყვეტას.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა და გადახედოთ თქვენს გადაწყვეტილებას.

გთხოვთ, მოგვცეთ მუშაობის განახლების უფლება იმ რეჟიმით და იმ ვადით, რომლითაც ფუნქციონირებს დედაქალაქის სავაჭრო ცენტრების აბსოლუტური უმრავლესობა და ნუ გვამყოფებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩვენს უშუალო კონკურენტებთან მიმართებაში. მაშინ როდესაც სახელმწიფო დგას არაერთი გამოწვევის წინაშე, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს და ბიზნესის წარმომადგენელს ჰქონდეს სამართლიანობის განცდა.

ჩვენის მხრივ ვიძლევით გარანტიას, რომ უპირობოდ იქნება დაცული უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ, პანდემიის პირობებისთვის დადგენილი ყველა სტანდარტი და მოთხოვნა“, - ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს შპს “სავაჭრო ცენტრ დიდუბის” დირექტორი სერგო რუხაძე აწერს.