მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლოდინები, რაც ენერგეტიკულმა ბირჟამ უნდა გაამართლოს – ინტერვიუ ირინა მილორავასთან

619a5357d248c
დავით ჯალაღონია
21.11.21 21:30
975
საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების საკვანძო რგოლი თავისუფალი, კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებაა, რაც თანდათან ფორმირების პროცესშია. ამ ბაზრის მუშაობა დარგის ყველა მონაწილემ ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებაში ნათლად უნდა დაინახოს, რადგან სწორედ ამ პლატფორმაზე დადგინდება ელექტროენერგიის ფასი. ბირჟის ამოქმედება თავდაპირველად, მიმდინარე წლის 1 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა მომავალ წლამდე გადაიდო. ამ ახალი სისტემის მზაობაზე, ასევე ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ არაერთ სიახლესა და არსებულ გამოწვევებზე, Forbes Talks-სთან ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ ისაუბრა.

- დიდი მოლოდინია ენერგეტიკულ ბირჟასთან მიმართებით. ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, შეგიძლია თქვათ, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა დაიწყება?

დავიწყოთ იმით, რომ პირველ ეტაპზე, 2020 წელი ჩვენ ისეთი ტიპის სიმულაციებს მივუძღვენით, როცა გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით ბაზრის მონაწილეებს დავალებებს ვაძლევდით და ისინი ამ დავალებების საფუძველზე აკეთებდნენ ბირჟაზე განაცხადებს, ბირჟაზე ვაჭრობის უნარებს ივითარებდნენ, თუმცა ეს არ არის ერადერთი ბაზარი, რომელიც 2022 წლიდან უნდა ამოქმედდეს. არის კიდევ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი – საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიხალეა. ამიტომ ჩვენ ორივე ბაზარი ერთად უნდა გავუშვათ 1 იანვრიდან და ვინაიდან ეს ორი ბაზარი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ორივე უნდა იყოს მზად ამ პროცესისთვის.

წელს, რადგან 1 ივლისისთვის იყო ორივე ბაზრის გაშვება დაგეგმილი, აპრილიდან სატესტო ვაჭრობები დაიწყო, ოღონდ გაერთიანებულ ფორმატში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბაზრის მონაწილეები აკეთებდნენ განაცხადებს ჩვენთან ელექტროენერგიის ყიდვასა და გაყიდვაზე, ჩვენთან იხურებოდა აუქციონი, ვიღებდით ვაჭრობის შედეგებს და შემდეგ, ეს შედეგები გადაეცემოდა საბალანსო ოპერატორს, რადგან ვაჭრობის შეჯამება ხდება საბალანსო ბაზრის ოპერატორთან, სადაც ასევე თავს იყრის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგია და იქ ხდება შემდეგ უბალანსობის გაანგარიშება და საბოლოო სურათის ჩამოყალიბება.

აპრილიდან ტესტირება დავიწყეთ, ორივე ბაზარი გავუშვით. რა თქმა უნდა, თავიდან იყო ხარვეზები, მათ შორის – ტექნიკური. ამ მოდელის მთავარი გამოწვევა არის საათობრივი ვაჭრობა. აქამდე რასაც ჩვენ თვის ჭრილში ვაკეთებდით, ვვაჭრობდით და ვვანგარიშობდით გამომუშავებულ და მოხმარებულ ელექტროენერგიას, ეს ყველაფერი ძალიან დინამიური პროცესი ხდება და უნდა მოხდეს ყოველსაათობრივად. ამ პროცესში ვართ უკვე აპრილიდან და ყოველთვიურად ვაკეთებდით თითო-თითო სავაჭრო სესიას. უკვე ოქტომბრიდან დავიწყეთ საათობრივი სატესტო ვაჭრობა თავის საბალანსო ბაზართან ერთად, ყოველდღიურად, ისე, რომ მაგალითად დღესაც ვაჭრობა ჩატარდა, აუქციონი დაიხურა, ფასი ჩამოყალიბდა და პრაქტიკულად, მთელი პროცესია უკვე დატესტილი ჩვენს მხარეს. უკვე ბაზრის სრული ციკლი გვაქვს დატესტილი ბაზრის მონაწილეებთან და ამდენად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვართ პირველი იანვრისთვის, უბრალოდ ამ დროს გამოვიყენებთ კიდევ ერთხელ ბაზრის მონაწილეებთან კომუნიკაციისთვის.

- ენერგეტიკული ბირჟის სავაჭრო სისტემის ყველა მონაწილისგან გაქვთ თუ არა საბოლოო დასტური, რომ მზად არიან იანვრიდან სისტემაში ჩასართავად?

ასეთ დასტურს, რა თქმა უნდა, ვერ ავიღებთ, ეს ჩვენ უნდა შევაფასოთ. უკვე გვქონდა პრეზენტაცია ჩვენც და საბალანსო ბაზრის ოპერატორსაც მონაწილეებთან და შევაჯამეთ ორი-სამი კვირის ვაჭრობის შედეგები – რა ტიპის შეცდომები იყო, სად რა უნდა გამოსწორდეს და ა.შ. ასეთი ანალიტიკური შეხვედრები გარკვეული პერიოდულობით ტარდება.

დავიწყოთ იქიდან, რომ მონაწილეების დიდი ნაწილი უკვე ჩართულია ბირჟაზე. ორი ტიპის მონაწილეები არიან - ერთი, რომელთაც ვალდებულება ეკისრებათ მთავრობის მიერ დამტკიცებული მოდელის კონცეფციით, რომ ბირჟაზე ივაჭრონ და არიან ისეთებიც, რომელთაც უფლება აქვთ ივაჭრონ, ანუ მათი გადასაწყვეტია. ყველა ის მონაწილე, რომელთაც ვალდებულება ეკისრებათ, უკვე რეგისტრირებულია და ძალიან აქტიურად ვაჭრობენ. დაახლოებით, 70-მდე რეგისტრირებული მონაწილე გვყავს, აქედან სტაბილურად, 50 ივაჭრება და რაც ყველაზე მთავარია, ბირჟაზე ვაჭრობს ყველა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტი. ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები სავალდებულოდ ვაჭრობენ დანაკარგების შესყიდვის ნაწილში, სისტემის კომერციული ოეპრატორი აფხაზეთის მოხმარების ნაწილში ვაჭრობს, ასევე ჩართულია ყველა დიდი საჯარო ელექტროსადგური, ანუ დიდ სურათს უკვე ვხედავთ. რა თქმა უნდა, ყველა არ არის ჩართული და ეს არის ზუსტად გამოწვევა, რომ ვეცადოთ, მაქსიმალურად ყველა იყოს ჩართული ამ პროცესში. ძირითადად არ არიან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები და მანდ სხვა ტიპის პრობლემაა – რადგან ბირჟაზე ვაჭრობა განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს და ვფიქრობ, მონაწილეებში არ არის ეს ინტერესი, ბაზარზე გამოვიდნენ და ივაჭრონ. სინამდვილეში მათ რჩებათ ბაზრის სხვა სეგმენტი - ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე შეუძლიათ ვაჭრობა, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი პროდუქტების ბაზარი, სადაც შეუძლიათ გაყიდონ თვის კონტრაქტი, წლის კონტრაქტი, ბირჟა კი მოკლევადიანი პროდუქტების ბაზარია, სადაც შეუძლიათ თავისი სავაჭრო პოზიციის დაბალანსება. ამიტომ ადრე თუ გვიან, ბაზრის ეს სეგმენტი მათ აუცილებლად დასჭირდებათ და მნიშვნელოვანია, რომ ისინიც აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში.

მეორე ჯგუფი - ესენი არიან ახალი მომხმარებელი, რომელიც ამ წლის 1 ივლისიდან გავიდნენ ბაზარზე. იცით, რომ ბაზრის მოდელის კონცეფციით, გარკვეული ტიპის მომხმარებელს ვალდებულება დაეკისრათ, ბაზარზე გასულიყვნენ. ისინი დღეს უკვე საბითუმო ბაზარზე არიან და გვინდა, ბაზრის ეს მონაწილეები ბირჟაზე ჩავრთოთ. დაახლოებით, 30-ზე მეტი მომხმარებელი დაემატა და ამ ტიპის მომხარებელთან დაკავშირებით, ცოტა სხვა სიტუაციაა, რადგან როცა ახალი მოდელი გაეშვება, მათ უფლება აქვთ დაბრუნდნენ საცალო ბაზარზე, ამიტომ ჩვენ გვინდა ავუხსნათ, რომ საცალო ბაზარზე დაბრუნების პირობებშიც კი, დღეს მიღებული გამოცდილება მათ ძალიან დაეხმარებათ და ამიტომ გვინდა, ისინიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ამ პროცესში ძალიან მოგვეხმარა მარეგულირებელი კომისია, რომელმაც ახლახანს მიიღო დადგენილება და ბაზრის ყველა მონაწილე ვალდებულია, ამ სიმულაციურ მეთოდებში ჩაერთონ.

- იმ მცირე სადგურებს შორის, რომელთაც ელოდებით, რომ წამოგყვებიან ამ პროცესში და ბირჟაზე ვაჭრობას დაიწყებენ, არიან თუ არა ბოლო წლებში ექსპლოატაციაში შესული ელექტროსადგურები? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ეს ბირჟა სტიმული უნდა იყოს მათთვის, რომლებიც საქართველოში მცირე სადგურების მშენებლობას გეგმავენ და სწორედ იქ, ბირჟაზე უნდა დაინახონ წამახალისებელი მექანიზმები და შედეგად, ქართულ ენერგეტიკულ სექტორში შემოვიდნენ.

აი, მივედით ერთ-ერთ გამოწვევამდე. თითქმის ყველა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც ბოლო პერიოდში აშენდა, სარგებლობს ე.წ PPA-ით (გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით). იმისთვის, რომ ინვესტორის უფლება იყოს დაცული, ბაზრის ახალი მოდელი არ შეეხო გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას და ისინი იგივე მოდელში რჩებიან, რაშიც აქამდე იყვნენ ანუ ელექტროენერგიას სისტემის კომერციულ ოეპრატორზე (ესკო) ყიდიან და შემდეგ, მათი ელექტროენერგიით ესკო ბირჟაზე ვაჭრობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, რომ ჩვენ ინტერესი გავუჩინოთ ამ მონაწილეებს და PPA-ს გვერდის ავლით, უშუალოდ ბაზარზე ივაჭრონ. ამისთვის მათ კიდევ რაღაც დამატებითი სტიმულები უნდა მივცეთ, რომ გამოვიდნენ ამ კომფორტის ზონიდან, რაც არის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება და ეს ცალსახად არის კომფორტის ზონა მათთვის, რადგან არ ეკისრებათ უბალანსობაზე პასუხისმგებლობა, გარანტირებული ტარიფი აქვთ და რაღაც ისეთი უნდა შევთავაზოთ, რომ ბაზარზე გავიდნენ, ბაზრის რისკი აიღონ, თუმცა სატესტო რეჟიმში ამ ტიპის სადგურები ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები. მე უფრო ვამბობ, ძველ ჰიდროელექტროსადგურებზე, თორემ ახალი ინვესტორები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი გადაწყვეტილად, მინიმუმ ბაზრის გაშვებიდან რამდნიმე წლის განმავლობაში დარჩებიან PPA-ს მოქმედების სფეროში, მაინც ძალიან მაღალ ინტერესს ამჟღავნებენ ამ ახალი ბაზრის მიმართ, რადგან გარანტირებული შესყიდვის პერიოდი გავა, მათ ბაზარზე ვაჭრობა მოუწევთ და შესაბამისად, აქედანვე ცდილობენ, პროცესში იყვნენ ჩართულები და მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად პასუხობს ინვესტორების მადას ენერგეტიკული ბირჟა? შეიძლება, ეს სიტყვა არ არის ზუსტი ფორმულირება, მაგრამ ალბათ, ინვესტორების ხედვას და სურვილებს მაინც გამოხატავს...

ჩვენ ამ სატესტო რეჟიმში ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრები, გენერაციის ახალ ინვესტორებთან გვაქვს. მათ გარკვეული შიშები აქვთ ამ ბაზრის მიმართ, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და გასაგებია. მაგალითად ის, რომ ბაზრის ფასი, რაც ჩამოყალიბდება ბაზარზე, შეიძლება არ იყოს საკმარისი მათი ინვესტიციის უკუგებისთვის - ეს ეხება როგორც არსებულ ინვესტორებს, რომელთაც, მაგალითად, არ აქვთ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, ასევე – ახალ ინვესტორებს.
 
- ეს "შიშები" მეტია ქარისა და მზის სადგურების ინვესტორებისთვის?

რა თქმა უნდა, მათთვის ეს შიშები მეტია და იქ კიდევ სხვა ტიპის შიშებიც შემოდის, ვინაიდან უბალანსობაზე პასუხისმგებლობაზე როცა ვსუაბრობთ, ეს განსაკუთრებით კრიტიკულია ზუსტად ასეთი განახლებადი ენერგიებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ მაქსიმალური სიზუსტით დააკომპლექტონ თავიანთი გენერაცია და ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, რომელსაც აყენებენ.

ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ ამ გენერაციის ინვესტორებს, რომ ერთია საბაზრო ფასი და მეორე ფასის მხარდამჭერი მექანიზმი. პრინციპში, ყველა ევროპული, განვითარებული ბაზრის გამოცდილებაა, რომ მხოლოდ ბაზარი, მით უმეტეს როცა ახალგაზრდა ბაზარზე ვსაუბრობთ, ვერ მოიყვანს ინვესტორს ან ძალიან გაჭირდება ინვესტორის მოყვანა, რადგან მინიმუმ, ის დააკვირდება რაღაც პერიოდის განმავლობაში, რამდენად ლიკვიდურია ბაზარი, სწორად ფუნქციონირებს თუ არა, ხომ არ არის მანიპულაცია, ფასები სწორად ყალიბდება თუ არა. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ვსარგებლობთ Nord Pool-ის ბაზრით, რომელსაც აქვს ფასწარმოქმნის ევროპული ალგორითმი, რომლითაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ფასი ითვლება, მაგრამ რისკები, რა თქმა უნდა, რჩება და ეს არის იგივე, მანიპულაციის რისკი, რომლის მიმართ აქვთ განსაკუთრებული შიში, მით უმეტეს, პატარა ბაზარზე ეს რისკი კიდევ უფრო გაძლიერებულია.

მათ ვეუბნებით, ჩავთვალოთ, რომ ბაზრის ფასია იმაზე დბაალი, ვიდრე თქვენ გქონდათ მოლოდინი. ასეთ დროს, ინვესტორის მოსაზიდად, ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, ბაზრის ფასი ხელოვნურად ავწიოთ. ამისთვის მათ უნდა შევთავაზოთ ფასის მხარდამჭერი მექანიზმები. ეს ორი ინსტრუმენტი ერთობლიობაში მუშაობს და უქმნის გარანტიას გენერაციის ინვესტორს, რადგან ახალგაზრდა ბაზარია და შესაბამისად, ბევრი ბუნებრივი შიში იქნება ამ ბაზრის მიმართ, ამიტომ მთავრობის დადგენილება, რომელიც განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდაჭერას ითვალისწინებს, დროული და სწორია. ეს არის ფასის პრემიუმი.

ხშირად მომისმენია, რომ ეს ფასის პრემიუმი, რაც არის დადგენილი 1.5 ცენტი და მაქსიმალური ჭერი, ზედა ზღვარი – 5.5 ცენტი, არ არის საკმარისი. სინამდვილეში, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ბაზრის ფასები ჩამოყალიბდბება და არ გამოვრიცხავ, რომ იგივე გადაიხედოს ეს მოცემულობა, 1.5 ცენტი და 5.5 ცენტი, რათა უფრო მეტად შევუწყოთ ხელი განახლებადი ენერგიების წყაროს ან შეიძლება გარკვეულ კატეგორიებს მივცეთ უფრო განსხვავებული მხარდაჭერის მექანიზმები.

ახლა რომ გადავიდეთ მანიპულაციაზე, რომელიც არის სინამდვილეში ყველაზე მთავარი გამოწვევა ჩვენი ბაზრის, რადგან ეს არ არის მხოლოდ ქართული ბაზრის პრობლემა. ეს არის ევროპული, განვითარებული ბაზრების პრობლემაც. მანიპულაციის რისკი კიდევ უფრო მაღალია, როცა პატარა ბაზრებზე ვსაუბრობთ. მაგალითად, იგივე სატესტო რეჟიმში ჩანს, რომ თითქოს ერთი შეხედვით უმნიშვნელო შემთხვევამ, როგორიც არის არასწორად წარდგენილი განაცხადი, შეიძლება კარდინალურად შეცვალოს ბაზრის ფასი, მაგრამ ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ ვიღაც ამას განზრახ აკეთებს, ეს იქნება პრობლემა და სწორედ აქ შემოდის მონიტორინგის ინსტრუმენტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ბაზარზე. როდესაც ვლაპარაკობთ ასეთი ტიპის კონკურენტულ ბაზარზე, აქ მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) როლი არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ორგანო, რომელი აკვირდება ყოველსაათობრივ რეჟიმში, როგორ მუშაობს ბაზრის თითოეული სეგმენტი. მისი რეაგირება უნდა იყოს ძალიან მყისიერი.

- გენერაციის ობიექტების ინვესტორების ყურადღებას ენერგეტიკულ ბირჟასთან მიმართებით კიდევ ერთი საკითხი იქცევს - ვინაიდან, ამ პლატფორმაზე ელექტროენერგია “ენგურჰესმაც” უნდა გაყიდოს, რომლის რესურსი ქვეყნის სხვა სადგურებთან შედარებით იაფია, კერძო სექტორს აინტერესებს, ეს ფაქტორი ხომ არ შეამცირებს ბირჟაზე დადგენილ საბოლოო ფასს იმდენად, რომ იქ ვაჭრობა მათთვის მიმზიდველი აღარ იყოს...

გენერაციის ობიექტების მთავარი შიშის ობიექტი, ძალიან ლოგიკურია, რომ არის “ენგურჰესი”, რადგან ეს ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურია, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშა და იაფიანი რესურსის წყაროა, რადგან მას იაფიანი უკუგების პერიოდი, თავდაპირველ ინვესტიციას ვგულისხმობ, დიდი ხანია, გავლილი აქვს. ყველგან არსებობს მკაფიო და ნათელი ჩანაწერი, რომ სადგურმა - კერძო, თუ სახელმწიფო საკუთერებაში, ვალდებულია ბირჟაზე ივაჭროს ნამდვილი ეკონომიკური ინტერესის გათვალისწინებით და ზუსტად ეს ნამდვილი ეკონომიკური ინტერესი იქნება სემეკ–ის მოკვლევის საგანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. დღეს კარგი ის არის, რომ ამ სიმულაციურ რეჟიმს მარეგულირებელი კომისიაც აკვირდება და როცა ვლაპარაკობთ ამ ანალიზზე, როგორც ჩაიარა სატესტო ვაჭრობამ, რა ტიპის პრობლემები და ხარვეზები იყო, მასრეგულირებელი კომისიაც ერთვება და ვიწყებთ იმ საკითხების იდენტრეფიცირებას, სადაც ეს რეალური ბაზარი რომ ყოფილიყო, მარეგულირებელ კომისიას შეკითხვები ექნებოდა. როცა კომისიას აქვს შეკითხვები, მონაწილე ვალდებულია დაასაბუთოს ეკონომიკური მიზანშეწონილობა მის მიერ გაკეთებული განაცხადის.

მიუხედავად იმისა, რომ ბირჟა არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სეგმენტი, ითვლება, რომ ეს არის ბაზრის ის სეგმენტი, რომელიც განსაზღვრავს ე.წ Reference price-ს სხვა დანარჩენი ბაზრის სეგმენტებისთვის, ამიტომ ინვესტორიც, ელექტროენერგიის მყიდველიც – ყველანი სწორებას აკეთებენ ბირჟის ფასზე და ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ეს ფასი იყოს გამჭვირვალე, სწორი, ეკონომიკურად დასაბუთებული და ა.შ და ზუსტად ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბაზრის წესებით, მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინა ვალდებულება, რომ მონაწილე, რომელიც ვაჭრობს ბირჟაზე, ვალდებულია ჩააბაროს კვალიფიკაციის გამოცდა. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ამ გამოცდების ორგანიზებაა, რომ კვალიფიციკური სავაჭრო წარმომადგენელი ჰყავდეს ბაზრის ყველა მონაწილეს.

ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ კვარტალში ერთხელ ჩავატაროთ ასეთი გამოცდები. ამ თვეში გვქონდა ერთ-ერთი ბოლო გამოცდა და 70-ზე მეტი კვალიფიციური სავაჭრო წარმომადგენელი გვყავს.

- ყველამ გაართვა თავი გამოცდას?

არ იქნება სწორი ჩემგან ამაზე ჩემგან საუბარი, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. მთავარი ის არის, რომ სინამდვილეში ეს ბაზარი ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას იძლევა. აქ განსაკუთრებული და დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, რამდენი ხანი ხარ ენერგეტიკულ სექტორში, რადგან იმდენად ნულიდან ვიწყებთ ყველაფერს, რომ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც ენერგეტიკაში შემოსვლა სურს, აქვს ზუსტად ეს შესაძლებლობა ახლა, რადგან ყველანი ნულიდან ვიწყებთ ამ ბაზრის შენებას.

- საბოლოოდ, რომ დავაჯგუფოთ ის ობიექტები, რომლებიც გაყიდიან ელექტროენერგიას ბაზარზე, რა სურათს ვღებულობთ?

რომ დავაჯგუფოთ, ესენია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სადგურები, მათ შორის “ენგურჰესი”, “ვარდნილი” და თბოელექტროსადგურები და ეს მეორე ჯგუფია, კერძო ელექტროსადგურები, რომლებიც არიან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით და ესკო წარმოადგენს მათ ელექტროენერგიას ბირჟაზე. ასევე არიან, ე.წ. ტარიფიანი სადგურები.

ჩვენ კი ვსაუბრობთ ბაზრის გახსნაზე, მაგრამ ეს ერთბაშად არცერთ ქვეყანაში მომხდარა. ჯერ კიდევ რაღაც ტიპის სადგურები იქნებიან სატარიფო რეგულირების ქვეშ, მათ შორის, იგივე “ენგურჰესი”. ერთი მხრივ, ამ სადგურებს ტარიფს მარეგულირებელი კომისია უდგენს და მეორე მხრივ, ისინი ბირჟაზე ვაჭრობენ. ასეთია, დაახლოებით, ათამდე ჰიდროელექტროსადგური და ეს ზღვარი, რომლის ქვემოთაც სადგურები გათავისუფლდებიან ამ საჯარო მიწოდების ვალდებულებისგან, კონცეფციით არის დადგენილი. ესენია: “ენერგო-პრო ჯორჯიას” ჰესები, “ხრამჰესი 1” და “ხრამჰესი 2” და ასევე, თბოელექტროსადგურები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან სატარიფო რეგულირების ქვეშ, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ სადგურებს ჯერ კიდევ ეკისრებათ ვალდებულება, ივაჭრონ ბირჟაზე და მათ უნდა ივაჭრონ ისე, თითქოს მათთვის ტარიფი არ დადგენილა ანუ როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი არასატარიფო რეგულირების ქვეშ არსებული სადგური. ესეც იქნება აუცილებლად მონიტორინგის ქვეშ.

რა მოსდის ბირჟის მიერ ანაზღაურებელ ფასსა და სემეკ–ის მიერ დადგენილ ფასს შორის განსხვავებას? – ეს განსხვავება ყოველთვის იქნება და ის აკუმულირდება სისტემის კომერციულ ოპერატორში (ესკო) და ამ განსხვავებით ხდება ჩვენი ქვეყნისთვის სპეციფიური საკითხების დარეგულირება, როგორიც არის მაგალითად, ოკუპირებული აფხაზეთი, რადგან აფხაზეთიც ვაჭრობს ბირჟაზე და მისი ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება არ ხდება. ამ ტიპის ტრანზაქციები თავს იყრის სისტემის კომერციულ ოპერატორთან. ასევე, უნივერსალური მიმწოდებელი (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიმწოდებელი) ვაჭრობს ჩვენთან, მაგრამ განსხვავებას საბაზრო ფასსა და კომისიის მიერ დადგენილ ფასს შორის, მას აუნაზღაურებს სისტემის კომერციული ოპერატორი.

- ინვესტორების "შიშებზე" საუბრისას ცალკე უნდა გამოვყოთ თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიისა და იმპორტირებული რესურსის მონაწილეობა ბირჟაზე. ცნობილია, რომ თბოსადგურები საბაზროზე დაბალ ფასად შეიძენენ ბუნებრივ გაზს და შესაბამისად, მათი გენერაციაც დღეს ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე შეღავათიანია. რა გავლენა იქონიებს ეს ფაქტორი დადგენილ საბაზრო ფასზე?

როცა ამ ახალი ბაზრის გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთია სწორედ ელექტროენერგიის იმპორტი და მეორე - თბოსადგურების ელექტროენერგია. იმპორტზე ორ ნაწილად უნდა გავყოთ საკითხი. ერთია იმპორტზე ხელმისაწვდომობა და მეორე - იმპორტის ეკონომიკური მახასიათებლები. კარგი ის არის, რომ ჩვენ უკვე ოთხივე ქვეყნიდან ვაკეთებთ იმპორტს და ეს ქვეყნები ერთმანეთს ანაცვლებენ, ტრანსსასაზღვრო ხაზები საკმარისად არის განვითარებული, თუმცა რისკებს ვერ გამოვრიცხავთ და უზარმაზარი რისკები არსებობს პოლიტიკურ ნაწილში.

მეორე საკითხია ეკონომიკური ნაწილი - საზღვრები გახსნილია, მაგრამ რამდენად ეკონომიკურად საინტერესოა იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი ჩვენი ბაზრისთვის? – გენერაციის ობიექტების შიში იმას უკავშირდება, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი არ იყოს იმდენად დაბალი, რომ ადგილობრივი გენერაცია ჩანააცვლოს. მე უფრო პირიქით მგონია. ჩვენ საზღვრებზე არ გვაქვს კონკურენცია, რადგან ოთხი ქვეყნიდან მხოლოდ თურქეთზე გვაქვს კონკურენტული ტრანსსასაზღვრო ურთიერთობა, სადაც შეგვიძლია ბევრი მონაწილე ჩაერთოს, დანარჩენ სამ საზღვარზე ერთი მონაწილე გვყას, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვრებზე კონკურენცია არ გვაქვს და ეს შეიძლება, არასწორად იქნას გამოყენებული. ამიტომ როცა გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ახალმა წესებმა ზუსტად ამ ტიპის გამოწვევებს უნდა უპასუხოს, რომ ამ მოცემულობაში მაქსიმალურად განვავითაროთ კონკურენცია.

მეორე, ეს არის თბოსადგურების იაფიანი რესურსი. პრინციპში, აბსოლუტრურად სწორად აყენებენ გენერაციის ობიექტები ამ საკითხს. ჩვენ თბოსადგურებზე ე.წ სოციალური გაზი გვაქვს, რაც განაპირობებს მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შედარებით დაბალ ფასს. სინამდვილეში, ჩვენს შორის განსხვავება იმაშია, ერთდროულად უნდა მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია, თუ რაღაც ნაბიჯები იქნას გადადგმული.

თუ ვიტყვით, რომ ერთდროულად უნდა მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია და გვინდა გაზზეც საბაზრო ფასი, მინიმუმ ამისთვის უნდა გვქონდეს გაზის ბაზარი (გაზის ბაზრის ახალი მოდელის კონცერცია მთავრობამ მიმდინარე წლის სექტემბერში დაამტკიცა). ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სოციალური გაზი (რასაც თბოსადგურები იყენებენ), მაგრამ არ ვიცით გაზზე საბაზრო ფასი. ალბათ, არ იქნება სწორი, ჩვენს რეგიონში ევროპის გაზის ბაზრის ფასს შევხედოთ, ამიტომ ეტაპობრივად უნდა მოხდეს გაზის ბაზრის განვითარება და შესაბამისად, აქედან უნდა მოხდეს გაზის ბაზრის ფასის გადმოსვლა ენერგეტიკულ სექტორში, თუმცა რაღაც ეტაპზე შესაძლებელია გარდამავალი გადაწყვეტილებების მიღება და კომერციული გაზის ნელ-ნელა შემოყვანა ელექტროენერგეტიკულ სექტორში და მაინც რომ შევაჯამო, ცოტა მაინც გადაჭარბებულად მეჩვენება ეს შიშები, რადგან პრაქტიკულად ყველა სეზონზე, როცა თბოსადგურები მუშაობენ, ხდება ელექტროენერგიის იმპორტი და ჩამკეტი ფასი, როგორც წესი, იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასია.

- იმპორტირებული ელექტროენერგია თუ მოხვდება ამ ბირჟაზე?

მათ ჯერჯერობით აკრძალვა არ აქვთ, შეუძლიათ ივაჭრონ ბირჟაზეც და ასევე, ორმხრივი ხელშეკრულებებით გაყიდონ ელექტროენერგია.

- გადავიდეთ ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობის გავლენებზე საყოფაცხოვრებო სექტორში. იქიდან გამომდინარე, რომ რეგულირებული სადგურები ბირჟაზე ივაჭრებენ და მათი შედარებით იაფიანი რესურსი ამ პლატფორმაზე გავა, რა გავლენას მოახდენს ეს მოცემულობა საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის ფასზე, აბონენტებზე, რომელთაც ასევე მიეწოდებათ და სჭირდებათ ეს იაფიანი რესურსი?

მიუხედავად იმისა, რა ამოცანები გვაქვს და აქვს სახელმწიფოს სოციალურ სექტორთან მიმართებაში, ამან არ უნდა მოახდინოს ბაზრის ფასზე გავლენა, მათ შორის არც “ენგურჰესმა”. “ენგურჰესმა” ზუსტად ისე უნდა ივაჭროს, როგორც ივაჭრებდა ნებისმიერი სხვა სადგური, რომელიც არ არის სატარიფო რეგულირების ქვეშ და ამას უნდა აკვირდებოდეს მარეგულირებელი კომისია.

სახელმწიფო განსაზღვრავს მოწყვლად მომხმარებელს და ეს განსაზღვრულია. ასეთია მოსახლეობა და მცირე ბიზნესი, რომლებიც 2026 წლის შემდეგაც კი რჩებიან სატარიფო რეგულირებაში. ზუსტად იმ სხვაობით, “ენგურჰესისა” და საბაზრო ფასის სხვაობით, მოხდება მომხმარებლებისთვის სტაბილური ფასის შენარჩუნება, მაგრამ თან უნდა ვეცადოთ, რომ სოციალური სეგმენტისა და საბაზრო ფასი ერთმანეთს მეტნაკლებად მიუახლოვდეს.

- როცა ფასის დადგენა/განსაზღვრაზე ვსაუბრობთ, ასეთი კითხვა ჩნდება – სატესტო ვაჭრობებმა რა აჩვენა, მაგალითად, "საქართველოს რკინიგზა" ან "რუსთავის მეტალურგიული ქარხანა" ელექტროენერგიას რამდენად უფრო იაფად, ან ძვირად შეიძენს ბირჟაზე, ვიდრე ამას გენერაციის ობიექტებიდან ახერხებდნენ?

ყველას აქვს ეს კითხვა, როგორია სატესტო ვაჭრობის ფასები და შეგვიძლია, თუ არა მას დავეყრდნოთ, რადგან ხშირად ინვესტორები კითხულობენ, თუ შეგვიძლია, გავუზიაროთ სატესტო ვაჭრობის ფასები. ყველა ჩვენი კონსულტანტი გვეუბნება, რომ არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ ეს მხედველობაში, რადგან ეს არის სატესტო ვაჭრობა, სადაც ბაზრის მონაწილეები თავიანთ სავაჭრო სტრატეგიებს ბოლომდე არ ამჟღავნებენ. ჩვენ ახლა რომ შევხედოთ ბოლო ერთი კვირის ფასებს, დღეების მიხედვით რადიკალურად განსხვავებულია. ამ განსხვავებას განაპირობებს რა? - ერთი ის, რომ პატარა ბაზრის პირობებში შეიძლება ერთმა შეცდომამ განაპირობოს მნიშვნელოვანი ცვლილება ფასში და ამოცანა გვაქვს, რომ ასეთი ტიპის შეცდომები არ იყოს; მეორე - მოთხოვნა როცა იზრდება ბაზარზე, ეგრევე იზრდება საბაზრო ფასიც და რაც კარგია და რისი გაზიარებაც შეგვიძლია ამ ეტაპზე, ის არის, რომ უკვე ვხედავთ დიფერენცირებულ ტარიფებს. უკვე დავინახეთ ჩვენი პიკის საათები რომელია, სადაც ფასები უფრო მაღალია, ვიდრე საბაზიუო და ღამის საათებში. ამ ტრენდს ბაზარი იძლევა, მაგრამ რაც შეეხება, რა დონეზე გვაქვს ტარიფები, ეს დაახლოებით არსებული ბაზრის დონეზეა, თუმცა ამის მხედველობაში მიღება არასწორი იქნება.

- ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების მხრიდან შესაძლოა მანიპულაციებთან დაკავშირებით, საინტერესოა, იმპორტიორ ქვეყნებს რა ბერკეტები აქვთ. მაგალითად, რუსეთს თუ მოუნდა ელექტროენერგიის ბირჟაზე შემოტანა და იქ გაყიდვა, აქვს თუ არა მას ბერკეტი, ისეთი ფასი წარადგინოს, რამაც შეიძლება, გარკვეულწილად ბაზარზე დემპინგი გამოიწვიოს?

კონკრეტულად იმპორტის შემთხვევაში ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის წესები იქნება ძირითადი დოკუმენტი იმპორტთან მიმართებით, მაგრამ რა რისკსაც თქვენ აჟღერებთ, ეს რისკი შეიძლება ნებისმიერი გენერაციის ობიექტისგან მოდიოდეს, რომელსაც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება აქვს. რა თქმა უნდა, რისკია, როცა ვსაუბრიბთ იმპორტიორზე, განსაკუთრებით ისეთი ტიპის იმპორტზე, როცა ვიცით, რომ საზღვარზე კონკურენცია არ გვაქვს და მხოლოდ ერთი მიმწოდებელია. ამ შემთხვევაში კონკურენტები ამ იმპორტიორისა უნდა გახდნენ სხვა ქვეყნის იმპორტიორები, იგივე აზერბაიჯანისა, თუ თურქეთის იმპორტიორები და კარგია ის, რომ თურქეთიდან დაიწყო ელექტროენერგიის იმპორტი. ეს მოცემულობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ იმპორტიორმა ჩვენი ბაზრის ფასზე გავლენა არ მოახდინოს – ეს ეხება როგორც ფასის დემპინგს, ისე ფასის გაუმართლებელ ზრდას, მაგრამ ვიმეორებ, ასეთი ტიპის რისკი შეიძლება, ნებისმიერი, საბაზრო ძალაუფლების მქონე გენერაციის ობიექტისგან მომდინარეობდეს. აი, ამ დროს, მარეგულირებელი კომისიის ჩართულობაა მნიშვნელოვანი.

- როგორც ახსენეთ, ბირჟის ამოქმედების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის ფასის დღისა და ღამის ჭრილში დანახვა. მართალია, 1 იანვრიდან ამას ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები გამოიყენებენ, მაგრამ როდის მივა ეს შესაძლებლობები საყოფაცხოვრებო აბონენტებთან?

1 იანვრიდან, ყველა მსხვილ მომხმარებელს, რომელიც ბაზარზეა, შეუძლია, ამ სიკეთით ისარგებლოს. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გაიიაფოს შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება. მთავარი მოთხოვნა ამ დროში დიფერენცირებული ტარიფებით სარგებლობასთან დაკავშირებით არის ე.წ “ჭკვიანი მრიცხველი”. მე ვერასოდეს ვისარგებლებ დიფერენცირებული ტარიფებით, თუ ჩემი აღრიცხვის ხელსაწყო არ აღრიცხავს, რა რაოდენობის ელექტროენერგია მოვიხმარე დღის, ღამის და პიკის საათებში, მაგრამ ისეც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სანამ ყველა მომხარებელთან არ იქნება ეს “ჭკვიანი მრიცხველი”, ეს სარგებელი მომხმარებლამდე არ მივა.

როგორ მოხდება ამის გადასვლა საცალო ბაზარზე? - მე წარმომიდგენია, რომ გარდა მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისა, ასევე რჩება მსხვილი მომხმარებელი და ისინი თუ შეცვლიან აღრიცხვის მონაცემებს, მათაც შეუძლიათ საბითუმო ბაზარზე გაუსვლელად მიიღონ ეს სარგებელი, რადგან საბითუმო ბაზრისა და საცალო ბაზრის მომხმარებელს შორის გაჩნდა ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ეს არის ე.წ თავისუფალი მიმწოდებელი, რომელიც ელექტროენერგიას თავისუფალ ბაზარზე ყიდულობს და ყიდის საცალო ბაზარზე, მომხმარებელზე. თავისუფალი მიმწოდებელი თავისუფალია ფასის შეთავაზებაში და მაღალი ალბათობით, ეს თავისუფალი მიმწოდებელი შეთავაზებაში აუცილებლად გაითვალისწინებს მოხმარების სეზონურობას და მისი წინადადება იქნება ისეთი, რომ თუ მოიხმართ მაგალითად, ღამის საათებში, ფასი იქნება დაბალი, ვიდრე – დღის საათებში. თავისუფალი მიმწოდებლები ამ განსხვავებას საცალო ბაზრის მომხმარებლებსაც შესთავაზებენ. ცალსახად, ეს უნდა მოხდეს “ჭკვიანი მრიცხველების” პირობებში.

- მოსახლეობაც რომ ჩაერთოს ბირჟაზე, საჭირო იქნება თუ არა სატარიფო მეთოდოლოგიაში ცვლილება?

რა თქმა უნდა. ახლა ჩვენ გვაქვს დიფერენცირებული ტარიფი რაოდენობის მიხედვით და არა დროის მიხედვით. ეს ნაწილი იქნება შესაცველი და ამას წინ უძღვის “ჭკვიანი მრიცხველების” მონტაჟი და მეორე – ბაზარზე დაკვირვება.

ახალ სამშენებლო ობიექტებს “ჭკვიანი მრიცხველების” მონტაჟის ვალდებულება უკვე აქვთ, თუმცა იცით, რომ მოსახლეობას ელექტროენერგიას უნივერსალური მომწოდებელი აწვდის. შესაძლებელია, მათ შორის მარეგულირებელმა კომისიამ გამოიყენოს შერეული მიდგომა – იყოს ძველი ტარიფიც და ახალი, “ჭკვიანი მრიცხველებისთვის” განსხვავებული ტარიფი. ეს დამოკიდებულია მარეგულირებელზე, რომელი მიმართულებით წავა.

- იმის გათვალისწინებით, რა ეტაპზეა დღეს რეფორმები ელექტროენერგეტიკის სექტორში, რა იქნება მომდევნო, მომდევნო, ხელშესახები ეტაპი? ველოდოთ თუ არა კონკურენციას ელექტროენერგიის მიმწოდებლების არეალში?

საბოლოო მიზანი არის სრულად დერეგულირებული ბაზარი, სადაც მე, თქვენ და მოსახლეობას ტარიფს მარეგულირებელი კომისია არ უდგენს და ყველანი, ნელ–ნელა შევდივართ კონკურენტულ ბაზარზე. ყველა მომდევნო ეტაპი არის ნაბიჯი წინ ამ მოცემულობისკენ. მე არაერთი გამოწვევა ჩამოვთვალე და ერთ–ერთი გამოწვევაა ასევე, საცალო ბაზარზე მიმწოდებლების გაჩენა, რადგან დღეს გვყავს “თელმიკო” და “ენერგო–პრო მიწოდება”, თუმცა საცალო ბაზარზე კონკურენციის განვითარება ერთ–ერთი სერიოზული გამოწვევაა.

- რამ უნდა გააჩინოს ეს ინტერესი?

სატესტო ვაჭრობაში ბევრი ისეთი მონაწილე გვყავს, რომელიც არც გენერაციის ობიექტია და არც – მომხმარებელი. ეს არის კლასიკური ტრეიდერი. ტრეიდერების ინტერესს უკვე ვხედავთ, მაგრამ ის მიმწოდებლისგან იმით განსხვავდება, რომ ტრეიდერი საბითუმო ბაზარზე ვაჭრობს – საბითუმო ბაზარზე ყიდულობს და იქვე გადაყიდის. მიმწოდებელი საბითუმო ბაზარზე ყიდულობს ელექტროენერგიას და საცალოზე ყიდის. ჯერჯერობით რომ გითხრათ, მიმწოდებლების ინტერესია–თქო, ასეთი არ არის და თუ რაიმეზე სამუშაო გვაქვს, ეს იქნება ზუსტად ამ მიმართულებით, რომ მომხმარებლამდე ელექტროენერგია არა მხოლოდ “თელმიკომ” და “ენერგო–პრო მიწოდებამ”, არამედ სხვა ორგანიზაციებმაც მიიტანონ. ეს შეიძლება, იყოს ქართული და უცხოური ორგანიზაციაც.

როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ აქ შემოეყვანათ Nord Pool (ორგანიზაცია, რომლის პროგრამულ უზრუნველყოფას საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟა ყიდულობს), გათვლა სწორედ იმაზე იყო, რომ მას შემოყოლოდა იმ ტიპის უცხოური ორგანიზაციები და მოთამაშეები, რომელთაც იციან ეს სისტემა, წესები და შესაბამისად, უფრო საინტერესო და ნაცნობ გარემოში მოხვედრილიყვნენ. წარმომიდგენია, რომ ეს ასეც უნდა მოხდეს და მათ შორის, საერთაშორისო მოთამაშეები უნდა შემოვიდნენ ჩვენს ბაზარზე.

- მართალია, ჩვენ ახლა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ერთ–ერთ ყველაზე მთავარ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მთლიან დარგს თუ გადავხედავთ, თითქოს ასეთი სურათია – ქაღალდზე და საკანონმდებლო სივრცეში, რეფორმები თავისი გზით მიდის და ასე თუ ისე, გეგმას მიჰყვება, მაგრამ მეორეს მხრივ, ენერგოსექტორს ძალიან მწვავე, ფუნდამენტური პრობლემები აქვს გენერაციის ობიექტების მშენებლობასთან, მის ტემპებთან დაკავშირებით. თქვენი შეფასებით, რამდენად დიდია ეს სივრცე რეფორმებსა და დასახელებულ პრობლემებს შორის? რა უნდა იყოს ამ ყველაფერზე სახელმწიფოს პასუხი?

თითქოს ეს ორი პროცესი ერთმანეთთან ახლოს არ არის, რადგან აქ სხვა ტიპის გადაწყვეტილებებია მისაღები; როდესაც არის ინვესტორი, რომელსაც ყველა საჭირო ნებართვა აქვს, სახელმწიფო ვალდებულია, გვერდით დაუდგეს და ის პროექტი განახორციელებინოს, რომელზეც მემორანდუმით აქვს შეთანხმება მიღწეული. ჩვენ ამ პროცესის გულშემატკივრები ვართ იმდენად, რამდენადაც ეს პროცესი, მათ შორის ბაზრის სწორ განვითარებაზე ძალიან ცუდად აისახება.

ჩვენ როცა შეფერხებულ და შეჩერებულ პროექტებზე ვალაპარაკობთ, ვსაუბრობთ ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, მაგრამ ასევე, ამ პროცესს აქვს ძალიან ნეგატიური გავლენა ამ ბაზრის განვითარებაზე. როცა ვამბობთ, რომ კონკურენციის განვითარება გვსურს და ვამბობთ, რომ პატარა, იმპორტდამოკიდებული ბაზარი ვართ, რაც ასეა, რადგან კონკრეტული დღის ჭრილში შესაძლოა, ელექტროენერგიის იმპორტმა 30% შეადგინოს, ვინ და რამ უნდა გაუწიოს კონკურენცია ამ მოცემულობას, თუ არა ადგილობრივმა გენერაციამ? ამიტომ ჩვენ ამ ახალი გენერაციის განვითარების გულშემატკივრები ვართ, რადგან ვიცით, რომ ეს ყველა ბაზარს თანაბრად დაეხმარება – ბაზრების ლიკვიდურობასა და ჩვენს შესაძლებლობებს გაზრდის. რაც შეიძლება მეტი ადგილობრვი გენერაცია უნდა განვითარდეს ქვეყანაში, მით უმეტეს, რომ ახალი ბაზარი გენერაციის ობიექტებს აძლევს სწორ სიგნალებს, თუ როგორი გენერაცია უნდა განვითარდეს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ეტაპიდან, როცა გენერაციის ობიექტის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ელექტროენერგია მივიღოთ. ამ მოთხოვნების ჩამონათვალი გაიზარდა, რადგან უკვე საინტერესოა, როდის მოგვცემს ელექტროენერგიას, შეუძლია თუ არა ივაჭროს სიმძლავრის ბაზარზე, დაეხმარება თუ არა სისტემას დეფიციტის პირობებში – ასე რომ სხვა ტიპის მოთხოვნები აქვს ბაზარს და ახალ რეფორმას ამ ახალი ობიექტების მიმართ და ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად ეს სივრცე უნდა დავიწროვდეს, ეს სადგურები უნდა აშენდეს და ახალ ბაზარში ჩაერთონ.

- აქვე უნდა ვახსენოთ “ნამახვანჰესის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები. როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდა პროცესი აქამდე, როცა ინვესტორი სტამბოლის ბირჟაზე განაცხადით გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს? რამდენად გააკეთა ქართულმა მხარემ ყველაფერი ამ სიტუაციის თავიდან ასარიდებლად?

მე არ ვიცი, ეს პროცესები სიღრმისეულად და ძალიან არ მიყვარს ისეთ საკითხებზე კომენტარების გაკეთება, რაც არ ვიცი, მაგრამ თავისთავად ფაქტი, რომ ინვესტორი გადის ქვეყნიდან, ჩემთვის კითხვაზე პასუხი არის მარტივი - ე.ი არ გავაკეთეთ საკმარისი, რადგან მივიღეთ ის მოცემულობა, რაც მივიღეთ, რომ პროექტის ინვესტორი გადის ქვეყნიდან.

როდესაც მეკითხებოდნენ, რა უნდა გაგვეკეთებინა, აუცილებელია, მეტი და მეტი ვისაუბროთ გენერაციის ობიექტების მნიშვნელობაზე ამ ქვეყნისთვის, რადგან ეს არ არის მარტო კომერციული პროექტი, ეს არის ამ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი.

თუ ჩვენ გვინდა ენერგეტიკულად დამოუკიდებლები ვიყოთ, ზუსტად ამ ტიპის ობიექტები უნდა აშენდეს. რატომ იყო ეს პროექტი საინტერესო ზოგადად და ასევე, ახალი ბაზრისთვის? – იმიტომ რომ ეს იყო ე.წ მარეგულირებელი სადგური, რომელსაც შეეძლო ძალიან აქტიური მონაწილეობის მიღება სიმძლავრის ბაზარზე. ამ ბაზრის ახალ მოდელში, სიმძლავრის ბაზარი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია და როდესაც სწორ გენერაციაზე ვსაუბრობ, ზუსტად ამას ვგულისხმობ, ეს არის სადგური, რომელსაც შეეძლება ივაჭროს სიმძლავრის ბაზარზე.

დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ამ სირთულისა, ეს სადგური აუცილებლად აშენდება და უნდა აშენდეს, რადგან ამ სადგურმა, გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაგვადგმევინოს, ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს სიმძლავრის ბაზარზე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მოცემულობა, რაც სახეზე გვაქვს, ეს არის “ენგურჰესის” ხელმისაწვდომობა. 2015 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მოხმარება ძალიან სერიოზულად არის გაზრდილი, თბილისის მოხმარებასაც გადააჭარბა. ეს იმას ნიშნავს, რომ “ენგურჰესის” ელექტროენერგია სულ უფრო და უფრო ნაკლები რჩება დანარჩენი საქართველოსთვის – “ენგური”, როგორც იაფი რესურსი და სარეზერვო სიმძლავრის მიმწოდებელი სადგური. რას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში? – ჩვენ ცენტრალური დისპეჩერების მოდელიდან თვითდისპეჩერების მოდელზე გადავდივართ და ასევე, საბალანსო ბაზარზს ვქმნით, სადაც სარეზერვო სიმძლავრეები იყიდება, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორმა რეალურ დროში უნდა მართოს ბაზარი – ანუ თუ მოხმარება გაიზარდა, ამას უნდა ჰქონდეს სადღაც დარეზერვებული სიმძლავრე და მისი მოთხოვნისთანავე, ეს სიმძლავრე უნდა მიეწოდოს სისტემას. აი, აქ “ენგურჰესის” მონაწილეობა თუ შეგვიმცირდება, ძალიან ცოტა გვაქვს სხვა ისეთი სარეზერვო სიმძლავრე, თბოსადგურებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც ყველა მახასიათებელს აკმაყოფილებს. ამიტომ სარეზერვო სიმძლავრეები გვჭირდება და სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო “ნამახვანჰესი”.

გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი დატვირთვა, რაც უნდა ჰქონოდა ასეთი ტიპის სადგურს, ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაცია. როდესაც ვსაუბრობთ ქარის ენერგიაზე, რომელიც სუფთა ენერგიაა და გვინდა, რომ ჩვენს ქსელში იყოს ინტეგრირებული, უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ქარი არ არის, სადგური ჩერდება და წარმოვიგინოთ, რომ 200 მეგევატი სიმძლავრე მყისიერად აკლდება სისტემას. ასეთ დროს შეიძლება, ორი შედეგი დადგეს – ან გამორთავ 200 მეგავატიან მომხმარებელს, ან სადღაც დარეზერვებულ 200 მეგავატს ჩართავ იმისთვის, რომ რეალურ დროში დარეზერვება მოახდინო. ამიტომ ამ სადგურს ძალიან სერიოზული დატვირთვა აქვს ბევრი მიმართულებით. ჩემი შეფასება არცერთ შემთხვევაში გამორიცხავს იმას, რომ ყველა პროექტი ამ ქვეყანაში უნდა გამჭვირვალედ და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მაქსიმალური დაცვით უნდა აშენდეს, რამდენადაც ეს არის კაპიტალტევადი, გრძელვადიანი პროექტები.