21.აპრილი .2021 21:10

მოქალაქეებმა იანვარ-მარტში 779 მლნ-ის საშემოსავლო გადასახადი გადაიხადეს

მოქალაქეებმა იანვარ-მარტში 779 მლნ-ის საშემოსავლო გადასახადი გადაიხადეს
views 350
უკან

საქართველოში დასაქმებულებმა 2021 წლის პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის სახით 779.5 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმის 98% იყო.

მთლიანობაში 2021 წელს საქართველოს მთავრობა ამ გადასახადიდან 3.3 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს. შესაბამისად, პირველ კვარტალში საშემოსავლო გადასახადის წლიური გეგმის 24% შესრულდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის მსგავსად სხვა გადასახადების შესრულებაც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

2021 წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტმა აქციზის გადასახადიდან 306.7 მილიონი ლარი მიიღო, რაც პირველი კვარტალის გეგმის 137%-ია. დამატებული ღირებულების გადასახადიდან კი ბიუჯეტმა 976.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც პირველი კვარტალის გეგმის 98% იყო. ხოლო მოგების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა 430 მილიონი ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტალის გეგმის 94.5%-ია.

მთლიანობაში ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა, რაც გეგმით განსაზღვრულის 100.3%-ია.

2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი, შესაბამისად, ამ საპროგნოზო მაჩვენებელს ეფუძნება მიმდინარე წლის საგადასახადო გეგმაც. თუკი გადასახადების შესრულების მიმდინარე მაჩვენებელს 2020 წლის პირველი კვარტალის შედეგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გასული წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტმა გადასახადებიდან, ჯამში, 120 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე წელს. ცალკეული გადასახადების მიმართულებით ყველაზე დიდი სხვაობა საშემოსავლო გადასახადშია, საიდანაც 2020 წლის პირველ კვარტალში 911 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი ამ გადასახადის მოცულობა 14.5%-ით არის შემცირებული, ეს კი თავის მხრივ, ქვეყანაში გაზრდილ უმუშევრობას და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. ამ ფაქტორების გამო, 2021 წლის ბიუჯეტით საშემოსავლო გადასახადის უფრო დაბალი საპროგნოზო გეგმა განისაზღვრა, ვიდრე გასულ წელს იყო.