მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებსა და კომპანიებს შენობებში გაზგაყვანილობის შემოწმების საფასურის გადახდა მოუწევთ

5da03d28d7b7c
შოთა ტყეშელაშვილი
11.10.19 12:40
1771
საკანაონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა ახალი კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, საქართველოში შენობების შიდა გაზგაყვანილობის შემოწმება სავალდებულო გახდება.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 15 ნოემბრამდე უნდა მიიღოს ტექნიკური რეგლამენტი, რომელშიც უსაფრთხოების სტანდარტები და რეგულირების ნორმები იქნება განსაზღვრული.

საკანონმდებლო ცვლილებები ქვეყანაში არაერთი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მომზადდა.

“მომხმარებელთა ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის გამართულობა უსაფრთხოების აუცილებელი პირობაა, რადგან არასწორად გაყვანილი მილების ან ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარების ექსპლუატაცია იწვევს მომხმარებლის ობიექტზე ნახშირბადის მონოქსიდის (CO) გამოყოფას, აგრეთვე, შეიცავს ბუნებრივი გაზის დაგროვების რისკებს,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის მიხედვით, გაყვანილობის ქსელს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებული პირი შეამოწმებს:

“ამ მუხლის მიზნებისათვის, ინსპექტირების ორგანოს წარმოადგენს სამშენებლო ნორმებსა და წესებთან ბუნებრივი გაზის სისტემების შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი დამოუკიდებელი პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრედიტებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ და გააჩნია ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაზღვევა. მათზე ვრცელდება ინტერესთა კონფლიქტისა და პასუხისმგებლობის შესახებ ამ კოდექსით გათვალისწინებული ნორმები,”- ნათქვამია კანონპროექტში.

ცვლილებების შედეგად, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს გაზგაყვანილობის შემოწმებისთვის შესაბამისი საფასურის (ჯერ განსაზღვრული არაა) გადახდა მოუწევთ:

“კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელს მოუწევს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მომსახურების თანხის გადახდა,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.