მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვუწოდებთ “ნამახვანის” ინვესტორს, შევიდეს მოსახლეობასთან უფრო ღრმა კომუნიკაციაში - თურნავა

5fe0bcf6944ea
შოთა ტყეშელაშვილი
21.12.20 19:35
728
პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ის ნამახვანჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელ კომპანია “ENKA Renewables-ს მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდებს. მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ ნებართვა კანონმდებლობის შესაბამისად გასცა, ხოლო თავად ახალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.

“კონკრეტულად ნახამვანჰესზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის 1.5 მილიარდი კილოვატის წლიური გამომუშავების სადგური, რომელიც 800 მილიონი დოლარის ინვესტიციით შენდება. 2021 წელს ასეთ პოსტ-პანდემიურ პირობებში ასეთ მეგა-პროექტებს უნდა გავუფრთხილდეთ. ეს პროექტი ასაქმებს 2 ათასამდე ადამიანს, რომელთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. ცალსახად ასეთ მსხვილ პროექტს გააჩნია ნეგატიური გავლენა გარემოზე, შესაბამისად, ძალიან სკურპლუოზური შესწავლა და კონტროლი სჭირდება ამ ნეგატიურ ეფექტებს. ინვესტორმა ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ ჩაატარა და ის სოციალურ პროექტებსაც აქტიურად ახორციელებს. გვაქვს მასთან კომუნიკაცია და მოვუწოდებთ შევიდეს უფრო ღრმად კომუნიკაციაში.

ჩვენი მხრიდან კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული არის ნებართვა, ჩატარებული არის გარემოს დაცვის შეფასება და საჯარო მოსმენები, მაგრამ ის ფაქტიც კი რომ ჩვენ ნებართვას გავცემთ ისე, რომ ეტაპობრივად თითოეული სამუშაო ციკლის შემდეგ ხდება კვლავ გადამოწმება რამდენად შესაბამისობაშია ის დამტკიცებულ პროექტთან; ეს სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ნამახვანის ჰესების კასკადს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საპარლამენტო მოსმენაზე ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არსებული პროტესტის შესახებ კითხვა ყოფილმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა დასვა. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დავითაშვილმაც უპასუხა, რომლის თქმითაც, განცხადებები იმის თაობაზე, რომ ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან ერთად საჯარო განხილვები არ ჩატარებულა, სიმართლეს არ შეესაბამება.

“ჩვენ ნამახვანჰესზე გადაწყვეტილება მივიღეთ პირობებით. პროექტის განხორციელების პროცესში დავაკონკრეტებთ და კვლევების ჩატარება, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების ნაწილი არის. დღეს მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ესეც მინდა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, სამინისტრო მზად არის, რომ საკუთარი პოზიციები დაიცვას. როდესაც საუბარია საჯარო განხილვებზე, მართლაც იყო საჯარო განხილვები ჩატარებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში. ეს განხილვები იყო მაღალი აქტივობით და 300-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა ამ საჯარო განხილვებს. შესაბამისად, არ უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ეს იყო მოსახლეობასთან კომუნიკაციის გარეშე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის: მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 23 ოქტომბერს დაწყებული აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან "ნამახვანიჰესის" ინვესტორის - კომპანიის „ენკას“ წასვლას ითხოვენ. 16 ნოემბერს კი, აქციებთან დაკავშირებით განცხადება პროექტის ინვესტორმა კომპანიამაც გააკეთა. ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.