ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებულ BMG-ის კითხვებს უპასუხა. ვიცე-პრემიერის თქმით, ეროვნულმა ბანკმა აღნიშნულ წესში ცვლილება დამოუკიდებლად შეიტანა და მისი მიღებისას მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაცია არ შემდგარა.
ინტერვიუ ლევან დავითაშვილთან:
- იმ კარიერული გზის და გამოცდილების გათვალისწინებით, რაც არჩილ მესტვირიშვილს, პაპუნა ლეჟავას და ნიკოლოზ გაგუას აქვთ, როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს მათი გადაწყვეტილება დატოვონ ეროვნული ბანკი? მიზეზი ვიცით, რაც არის ნათია თურნავას ე.წ. გამონაკლისი ბრძანება იყო ის ზღვარი, როცა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თქვენ სამივეს ძალიან კარგად იცნობთ, როდესაც სამივემ ერთად მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორ შეაფასებდით რა შემთხვევაში მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას?
- მე ამ გადაწყვეტილებებს რა თქმა უნდა არ შევაფასებ, ალბათ უპრიანია, მათ მოტივაციაზე თვითონ გასცენ გადაწყვეტილებების მიმღებებმა პასუხი, ალბათ უფრო მეტი კომუნიკაცია, რომ ჰქონოდათ მათ დღეს მოქმედ ხელმძღვანელთან შეიძლება ბევრი საკითხი უფრო მეტად გარკვეულიყო. ქალბატონმა ნათიამ შემდგომ საზოგადოებასთან მკაფიო განცხადება გააკეთა, ასე რომ გადაწყვეტილებამდე ალბათ უპრიანი იქნებოდა მეტი კომუნიკაცია. ვფიქრობ, გადაწყვეტილება ვინც მიიღო მათ უნდა ჰქონოდათ მეტი კომუნიკაცია შიგნით - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს.
- იქამდე სანამ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება მიიღებოდა, რა კომუნიკაცია ჰქონდა ნათია თურნავას მთავრობასთან?
- არა, ეს ეროვნული ბანკის მანდატის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის გადაწყვეტილებაა. ეროვნული ბანკი ამ პროცესში არის დამოუკიდებელი.
- თქვენ ახსენეთ, რომ ბანკების ინვესტორებთან გქონდათ კომუნიკაცია, შეგიძლიათ გვითხრათ რა კომუნიკაცია? რადგანაც ფაქტია ჩვეულებრივი ბრძანება არ ყოფილა და ფაქტია ისიც, რომ ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის რეპუტაციაც შეილახა, ამიტომაც გაუჩნდათ ალბათ ინვესტორებს კითხვები. რა სახის კომუნიკაცია გქონდათ, რა კითხვები ჰქონდათ და თქვენ რა უპასუხეთ?
- მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს რეგულარული კომუნიკაცია ინვესტორებთან და ეს ბუნებრივია, რადგან მათ აინტერესებთ ჩვენი ეკონომიკა, არ ყოფილა ის, რომ ამ ბრძანებამ გამოიწვია პროვოცირება ინვესტორების და დღეს გარკვეული ინტერესები გააჩინა, რომელზეც ჩვენ გვაქვს საპასუხო. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი პირები ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან რეგულარულად ურთიერთობენ, რადგან ჩვენთვის FDI, მათ შორის ფინანსურ სექტორში FDI ძალიან მნიშვნელოვანია.
- დღეს ეროვნულ ბანკში საგანგაშო არაფერი არ ხდება? საფინანსო სექტორმა უნდა დაარღვიოს თუ არა საერთაშორისო სანქციები თუ საქართველოს კიდევ სხვა მოქალაქის სანქცირება მოხდება და იხელმძღვანელოს ნათია თურნავას ამ ბრძანებით?
- ნათიამ განმარტა, თუ როგორ მოქმედებს საფინანსო სექტორი, საფინანსო სექტორი იმოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და ასევე იმ საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს.
- ანუ საქართველოს მოქალაქეების სანქცირების შემთხვევაში, არ მათ არ უნდა შეეხოს ეს გადაწყვეტილება ვიდრე ქართული სასამართლო არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას?
- ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკში იქნება სტაბილური სიტუაცია და შესრულდება ის ყველა ფუნქცია, რაც მას საბანკო სექტორის სტაბილურობისთვის აქვს, მონეტარული პოლიტიკის სწორედ განსაზღვრისთვის… მადლობა.