25.თებერვალი .2021 19:33

მოწოდება, რომ ახლა მიდით და გახსენით სასტუმროები, არის სატყუარასავით - ცოტნე ჯაფარიძე

მოწოდება, რომ ახლა მიდით და გახსენით სასტუმროები, არის სატყუარასავით - ცოტნე ჯაფარიძე
views 532
უკან

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის მორიგი ტალღა დააანონსა. კერძოდ, დღეიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა ნებადართულია, ხოლო 8 მარტიდან საბაგიროებიც ჩაირთვება.

მთავრობის გადაწყვეტილებას გაუაზრებელს უწოდებს „ტრეფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე. მან „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, რომ „არანაირ ლოგიკას არ ეფუძნება სასტუმროებს უთხრა, ხვალ იხსნებითო“.

„მივედით ისევ იქამდე, რომ ყველაფერი ხდება აბსოლუტურად გაუაზრებლად. არანაირ ლოგიკას არ ეფუძნება, რომ ასეთ მოკლე დროში მოხდეს გაფრთხილება სასტუმროების, რომ იხსნებით ხვალიდანო. ჩვენი ჯგუფი „სოციალური აფეთქება“ ვმუშაობთ ამაზე და ვაპროტესტებთ, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერ-ნოემბრიდან, უნდა მომხდარიყო სამთო-სათხილამურო კურორტების ამუშავება, თუმცა საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ყველანაირი არგუმენტის, დასაბუთების და ხელმოსაჭიდი მტკიცებულების გარეშე გვეუბნებოდნენ - არ შეიძლება კურორტების, საბაგიროების გახსნაო და ახლა უცებ, მაშინ როცა დარჩენილი გვაქვს მაქსიმუმ ერთი თვე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ამინდმა გაგვიმართლა, ამბობენ, რომ საბაგიროები გაიხსნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ გუდაურში, ბაკურიანისგან განსხვავებით, მოთხილამურეები, პროფესიონალები ისვენებენ და გუდაური საბაგიროს გარეშე არის ნული.

„არავინ ჩამოვა გუდაურში საგუნდაოდ, თუ საბაგიროს არ გახსნიან. მოწოდება იმისა, რომ ახლა მიდით და გახსენით სასტუმროები, არის სატყუარასავით. თან ძალაში რჩება კომენდანტის საათი, რაც ბიზნესის ამუშავებისთვის შემაფერხებელია“, - ამბობს ჯაფარიძე.