მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მრჩევლების თანამდებობებზე ხშირად ე.წ. ოდეერები არიან დანიშნული - ლევან ალაფიშვილი

6144addae9f1a
ინგა მურუსიძე
17.09.21 22:00
758
რამდენი ადამიანია დასაქმებული სამინისტროებსა და მათ მმართველობაში არსებულ სსიპ-ებსა და შპს-ებში „მრჩევლის“ პოზიციაზე, როგორია მათი სამუშაო აღწერილობა და რამდენია მათი ყოველთვიური ანაზღაურება? – ამ კითხვებზე პასუხების მიღების მიზნით, BMG-მ ყველა სამინისტროს ოფიციალური წერილებით მაისის ბოლოს მიმართა და პასუხები რამდენიმე დღის წინ მიიღო, თან არასრული. საქმე ის არის, რომ სამინისტროების და სსიპ-ების უმრავლესობამ „მრჩევლების“ პოზიციაზე დასაქმებული ადამიანების ვინაობის გასაჯაროებაზე უარი გვითხრა და მიზეზად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მოიყვანა, რომ აღნიშნული პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენს. საჯარო უწყებების ნაწილი ინფორმაციის მოწოდებაზე უარის თქმის მიზეზად იმას ასახელებს, რომ მრჩევლები ანაზღაურებას ბიუჯეტიდან არ იღებენ.

საკითხზე დღეს იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ხშირად მრჩევლების პოზიციებზე ე.წ. ოდეერები არიან დასაქმებულები. 

„იმ სსიპ-ების წარმომადგენლებს, რომლებმაც გითხრეს, რომ სხვა შემოსავლებიდან ვიღებთ ინფორმაციასო, ვეტყვი თქვენი მეშვეობით, რომ მათი რიცხოვნობა ბიუჯეტის კანონშია და მისი შესრულების ანგარიშებშია კრებსითად წარმოდგენილი. ერთ შემთხვევაში საჯაროა და მეორე შემთხვევაში დახურული? ლოგიკა გვინდა ბატონებო, სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. ეს ინფორმაცია საჯაროა. ეს არის საჯარო ფინანსები, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ნებადართული ფინანსებიდან ფინანსდება ესა თუ ის სსიპ-ი. კერძოდ, ის ნებადართული შემოსავლები კანონმა მიანიჭა.

კონკრეტული სერვისების მიმღებები იხდიან ამ ყველაფერს და ჯამურად, ამას ჰქვია სახელად - საჯარო ფინანსები. კი ბატონო, ბიუჯეტი არ არის ნახსენები, მაგრამ სიტყვებით თამაში ღიმილის მომგვრელია, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აირიდონ. ძალიან ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი უსაფრთხოების საკითხებსაც უკავშირდება და ხშირად ამ თანამდებობაზე დასაქმებულნი არიან ე.წ. ოდეერები, სპეცსამსახურების წარმომადგენლები, იქნება ეს მუნიციპალიტეტები, თუ სხვადასხვა სსიპ-ები. ეს არის მახინჯი სისტემა და უნდა გამოსწორდეს სისტემურად“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.