მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავარია, სად იდგებით 26 ოქტომბერს" - რატომ (არ)უნდა მივიდნენ 29 აპრილს საჯარო მოხელეები კონტრაქციაზე?

ეუ აქცია

29 მარტს მმართველმა პარტიამ "რუსული კანონის" მეორე მოსმენის პარალელურად კონტრაქცია დააანონსა.

BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" პოლიტიკოსი ბექა ლილუაშვილი, "გრანთ თორნთონ საქართველოს" თანამმართველი პარტნიორი პაატა შურღაია და TI ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი იმ საჯარო მოხელეებს მიმართავენ, რომლებიც სავარაუდოდ, აქციაზე საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იდგებიან.

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ 29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებას გამართავენ და შესაბამისად, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ საკუთარი სამოქალაქო პოზიცია საჯარო მოხელეებმა ღიად დააფიქსირონ.

ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკის" სტუმრები საჯარო მოხელეებს 29 აპრილს თავისი პოზიციის დაფიქსირების გააზრებისკენ მოუწოდებენ:

ბექა ლილუაშვილი პარტია "საქართველოსთვის" : - მე, კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს მინდა მივმართო და დიდი სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებს და პოლიციელებს. მე, სანამ პოლიტიკაში მოვიდოდი, რვა წელი საჯარო მოხელე ვიყავი და ამ ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურებოდი. ძალიან კარგად მესმის, რა მდგომარეობაში შეიძლება იყვნენ ადამიანები, მთელი ამ წლების განმავლობაში ვის ზურგზეც გადაიარა, რომ ქვეყანა ასე ახლოს მისულიყო ევროკავშირში გაწევრიანებასთან. პოლიტიკოსები ყოველთვის იცვლებოდნენ, დღეს ერთი იყო ხვალ მეორე, მაგრამ საჯარო კეთილსინდისიერი ბიუროკრატია იყო ის, ვინც აქამდე მოიყვანა პროცესი. დღეს, ყველაზე კარგად ხვდებიან ეს ადამიანები, რამდენად დიდ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს პოლიტიკოსების ნაბიჯები მათ შრომას. ხანდახან ოჯახის წევრების ინტერესიც არა ერთხელ დაუთმიათ. მე მინდა, მათ სოლიდარობა გამოვუცხადო. ძალიან კარგად მესმის ის ზეწოლები და მუქარები, რითაც ხელისუფლება მათ შეიძლება აშანტაჟებდეს. მთავარი მინდა ვუთხრა ამ ხალხს, მთავარი არ არის რომელ აქციაზე იდგებით, მთავარია, სად იდგებით 26 ოქტომბერს, რომ ისტორიას უკვე შემდეგ, ისტორიის სწორ მხარეს მდგომებმა შეგვაფასოს".

სანდრო ქევხიშვილი TI ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი: - ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შეძლოს, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოს და შეხედოს დიდ სურათს. დიდ სურათში ასეთი სიტუაციაა, ევროპა გვეუბნება, რომ მზად არის მიგვიღოს და ამისთვის უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. ყველა ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანდა ძალიან მალე განუზომლად გაეზარდა ეკონომიკა და გახდა უფრო მდიდარი. ეს გვაქვს ჩვენ პერსპექტივაში. ამ დროს, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? რომ მივიღოთ რუსული კანონი და ოფშორებიდან მოვიტანოთ ფული. რატომ არ ვსაუბრობთ, სასამართლო და ანტიკორუფციული, საარჩევნო რეფორმები? ამას ითხოვს ევროკავშირი და ამაზე ამბობს უარს ჩვენი მთავრობა, რითაც გვტოვებს მეგობრების გარეშე. ეს ეხება ყველას, მათ შორის საჯარო მოხელეებს. ყველა მოქალაქე უნდა დაფიქრდეს, რა სერიოზულ რისკთან გვაქვს საქმე".

პაატა შურღაია "გრანთ თორნთონ საქართველოს" თანა-მმართველი პარტნიორი: - გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვიცნობ არავის, ვინც "რუსულ კანონს" უჭერს მხარს. ვისაც კი, მოსაზრება ჰქონდა, რომ კანონი გამჭვირვალობას ემსახურება ამ გადაწყვეტილებით, რომ გაიმართოს კონტრაქცია აბსოლუტურად ყველას უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდა. მათ შორის, საჯარო მოხელეებსაც. ასე რომ ჩვენ არც გვჭირდება მიმართვა და ამაზე რესურსის დახარჯვა. ჩვენ გვჭირდება, აქცენტები გავაკეთოთ იმ შესაძლებლობაზე, რომელიც გვაქვს".

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან, დაიცვან იმ საჯარო მოხელეების უფლებები, რომლებიც პოლიტიკური იძულებისა და დევნის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები