მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სებ–ის დამოუკიდებლობის სსფ–ის ფორმულა დარღვეულია” – ლექსო ალექსიშვილი

64b95ccc5b973
ელენე კვანჭილაშვილი
20.07.23 20:30
409
სტატიაში საუბარია:
ლექსო ალექსიშვილმა ‘ანალიტიკა’–ში განმარტა, რას ნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემის ერთი ბლოკი ოთხშაბათს მთლიანად იმ სიტუაციის ანალიზს დაეთმო, რაც კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ მას შემდეგ, რაც ფიტჩის უახლეს ანგარიშში ამოვიკითხეთ ფრაზა, რომ "სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება". სანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბორდი თავის დასკვნას არ მოამზადებს, მიმოხილვა დასრულებულად ვერ ჩაითვლება.

მეტი დეტალი ამ ეტაპზე არ ხმაურდება – ოფიციალური განცხადებისგან თავს იკავებს როგორც მთავრობა, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ფიტჩიც, რომელსაც ‘ანალიტიკა’ კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ანგარიშშია ნათქვამი.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის სებ–ის დამოუკიდებლობა რას ნიშნავს? გადაწყვეტილებების მიღების დროს, საბჭოს წევრთა რაოდენობა არამმართველი ნაწილიდან იყოს უფრო მეტი, ვიდრე მმართველი ნაწილიდან. ეს არის ამ თემის მარტივი ფორმულა. მიმდინარე ეტაპზე ეს არის დარღვეული” – ამბობს ლექსო ალექსიშვილი.

მისივე თქმით, სებ–ი ამ ფორმულის შესაბამისად და დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, დამოუკიდებელი სტრუქტურა არ არის და “ეს შეგვიძლია ასე მკაფიოდ ვთქვათ”.

მისივე თქმით, ეს დროებითი მოვლენაა, რადგან “საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტური ადგილები, როგორც მმართველობით, ისე არამმართველობით ნაწილში არის და შესაბამისად, მათი შევსების შემდეგ, თანაფარდობა, როგორც ჩანს, მეტ–ნაკლებად გასწორდება”.

თუმცა, იმასაც ამბობს, რომ მთელ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დამოკიდებულება არ ჰგავდა მთავარ პარტნიორთან დამოკიდებულებას. შესაბამისად, მთავარი კითხვა, რომელსაც დღეს პასუხი უნდა გაეცეს, მისი აზრით, არის ის თუ რამ გამოიწვიო მეორე მიმოხილვის გადადება. “ძალიან მკაფიოდ იყო გაცხადებული, რომ არ ჩაატაროთ კანონმდებლობაში რაიმე ტიპის ცვლილება ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მანამ, სანამ ეს არ იქნება კარგად განხილული სავალუტო ფონდთან” – ამბობს ლექსო ალექსიშვილი.

მისი ანალიზით, თემის განხილვა უნდა მომხდარიყო ტექნოკრატულ ჯგუფთან: “აქ არ იყო საუბარი, რომ რაიმე ტიპის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა და ამას რომელიმე მხარე ეწინააღმდეგებოდა – ამბობს ლექსო ალექსიშვილი ‘ანალიტიკა’–სთან – აქ უფრო საუბარია თვითონ დამოკიდებულებაზე, რამდენად იყო საქართველოს მთავრობა ერთი მხრივ და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მეორე მხრივ მზად იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ცვლილება მომხდარიყო. აღმოჩნდა, რომ მზად არ იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ერთმანეთს ეს ორი მხარე ამ თემასთან დაკავშირებით მკაფიოდ და უფრო დეტალურად არ შეუთანხმდა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ დაისვა კითხვა: კი, ბატონო – მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ თემებთან დაკავშირებით?”

‘ანალიტიკა’–ს ავტორისა და წამყვანის კითხვაზე – რატომ დუმს ამ დრომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი? – ლექსო ალექსიშვილის პასუხია, რომ “როგორც ჩანს, ამ ეტაპზე კონკრეტული სათქმელი არავის აქვს”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები