მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვერ გავიგე რატომაა საჭირო პირველი ვიცეპრეზიდენტის სტატუსის შემოტანა” - ლექსო ალექსიშვილი

64b95e0aa28ff
ელენე კვანჭილაშვილი
20.07.23 21:45
723
სტატიაში საუბარია:
“პირველი ვიცე–პრეზიდენტის პოსტი საერთაშორისო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გაუგებარი წარმონაქმნია” – ამის შესახებ ლექსო ალექსიშვილმა ‘ანალიტიკა’–ს განუცხადა.

ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემის ერთი ბლოკი ოთხშაბათს მთლიანად იმ სიტუაციის ანალიზს დაეთმო, რაც კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ მას შემდეგ, რაც ფიტჩის უახლეს ანგარიშში ამოვიკითხეთ ფრაზა, რომ "სავალუტო ფონდის ბორდის მიერ ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა, როგორც ჩანს, გადაიდო, რაც ნაწილობრივ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით უთანხმოებას უკავშირდება". სანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბორდი თავის დასკვნას არ მოამზადებს, მიმოხილვა დასრულებულად ვერ ჩაითვლება.

მეტი დეტალი ამ ეტაპზე არ ხმაურდება – ოფიციალური განცხადებისგან თავს იკავებს როგორც მთავრობა, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ფიტჩიც, რომელსაც ‘ანალიტიკა’ კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ანგარიშშია ნათქვამი.

ლექსო ალექსიშვილმა თქვა, რომ პერსონებზე მეტად საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური გამართულობაა მნიშვნელოვანი. გადაცემის ავტორის და წამყვანის რეპლიკაზე, რომ პირველი ვიცე–პრეზიდენტის სტატუსის დაჟინებულმა შემოღებამ და შემდეგ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამ გააჩინა ის აღქმა, რომ სრულიად კონკრეტული პერსონისთვის სუფთავდებოდა ველი მაშინ, როცა ყველა სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს პოლიტიკური აფილირებისგან დაცლილი კანდიდატურების შერჩევას ურჩევდა – ლექსო ალექსიშვილმა დააზუსტა, რომ პერსონებს აქვთ მნიშვნელობა, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი კონკრეტულ კანდიდატურაზე რეაგირებას და მით უფრო ჩარევას ვერ მოახდენდა.

“რაც შეეხება თვითონ პირველი ვიცეპრეზიდენტის საკითხის შემოტანას, ამ შემთხვევაშიც, მე ვფიქრობ, რომ თავისთავად ეს თემაც გაუგებარი იყო – მბობს ლექსო ალექსიშვილი “ანალიტიკა”–სთან – ვიცე–პრეზიდენტებისგან შერჩევა, ვინ იქნებოდა მოვალეობის შემსრულებელი, სრულიად მარტივად იყო შესაძლებელი, ამიტომ ახსნა იმისა, თუ რატომ იყო პირველი ვიცე–პრეზიდენტის სტატუსის შემოტანა, ჩემის აზრით, ბოლომდე გაუგებარი დარჩა. მე, მაგალითად, ვერ გავიგე რატომ არის მაინცდამაინც პირველი ვიცეპრეზიდენტის სტატუსის შემოტანა საჭირო”.

ლექსო ალექსიშვილი ხაზს უსვამს, რომ პირველი ვიცე–პრეზიდენტის სტატუსის საკითხი მით უფრო გაუგებარი იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. “ეს მოვლენა, როგორც ასეთი, უმრავლეს შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმიტომ, რომ ბიუროკრატიული მოქნილობა ყოველთვის მეტ შესაძლებლობას ქმნის იმ კონკრეტულ მომენტში იმოქმედო ისე, როგორც საჭიროა” – ამბობს ლექსო ალექსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები