მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშენებლობის ტერიტორიის გამწვანების პროექტის წარდგენა, ქვეყნის მასშტაბით, სავალდებულო იქნება

61f7d4bf420f3
მარიამ ვარადაშვილი
31.01.22 16:39
888
მშენებლობის ტერიტორიაზე მწვანე სივრცის მოწყობის პროექტის წარდგენა სამშენებლო კომპანიებისთვის შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ამას ითვალისწინებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილები.

კერძოდ, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გამწვანების პროექტის არსებობა სავალდებულო გახდება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს მწვანე სივრცეების გაჩენას და გააუმჯობესებს გარემოსდაცვით მდგომარეობას. გამწვანების პროექტის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით იქნება სავალდებულო იქნება.

"საქართველოში, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა, მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში გამწვანების პროექტის შემუშავება და დამტკიცება არსად ხორციელდება. წარმოდგენილი ცვლილებებით, ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო ხდება. გამონაკლისს მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს”, - წერია განმარტებით ბარათში.

გამონაკლისი ასევე იქნება იმ შენობა/ნაგებობების არქიტექტურული პროექტები, რომელთა შეთანხმება მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი არ არის განსაზღვრული.

კანონპროექტით მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული დოკუმენტები, მათ შორის სანებართვო განაცხადი უნდა მოიცავდეს განაშენიანების დეტალური გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს, რომელიც თავის მხრივ, ასევე აუცილებლად უნდა მოიცავდეს გამწვანების მინიმალური კოეფიციენტის ფართობს, ასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას მათ შორის დახასიათებას - ხნოვანებას, გარშემოწერილობას და სიმაღლეს, ასევე გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, აგრეთვე გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს და ბოლოს ფოტომონტაჟის სახით ვიზუალურად გამოსახულ გამწვანების პროექტს.

“კოდექსში შემოდის გამწვანების პროექტის განმარტება, რომელიც გულისხმობს მშენებლობის ტერიტორიაზე გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტს, რომლის წარდგენის ვალდებულება დეველოპერს და ზოგადად, მშენებლობის განმახორციელებელს ექნება როგორც განაშენიანების დეტალური გეგმის წარდგენის ეტაპზე, ასევე მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენისა და მშენებლობის ნებართვის პროექტის წარდგენის ეტაპზე, რომლის შესრულება, ისევე როგორც მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული სხვა პირობების შესრულება, სავალდებულო იქნება მშენებლობის ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე“, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მაია ბითაძემ.

“საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით კანონპროექტს მხარი დაუჭირა.