მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მშპ-სთან სახელმწიფო ვალის ფარდობას 50%-დან 45%-მდე შევამცირებთ - ეკონომიკის მინისტრი

6290ec43aa16d
შოთა ტყეშელაშვილი
27.05.22 19:33
1296
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობას შეამცირებს.

2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვულია, რომ წლის ბოლოს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა 50% იქნება, თუმცა პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისი მოსმენისას ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ეს მაჩვენებელი 45%-მდე შემცირდება, რაც ეკონომიკური ზრდით და ვალის კლებით იქნება განპირობებული. დავითაშვილის თქმით, წელს ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება.

“ჩვენ მიერ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა [6%-ის ზრდა] მინიმუმ უნდა იყოს შენარჩუნებული. რას გვაძლევს ეს? - ეს გვაძლევს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფისკალური დეფიციტის ნაცვლად ფისკალური კონსოლიდაცია და 4.4% შევამციროთ 3.5%-მდე და შესაბამისად, სახელმწიფო ვალის შემცირების საშუალებაც უნდა მოგვეცეს და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო ვალი მშპ-ს 50%-დან უნდა შემცირდეს და 45%-ს უნდა ჩამოსცდეს”, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

2022 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 29.8 მილიარდი ლარია, საიდანაც 5.9 მილიარდი ლარი საშინაო, 23.9 მილიარდი კი საგარეო ვალია. ეს წელს დაგეგმილი მშპ-ის 64.8 მილიარდი ლარის 46%-ია. ამჟამად, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის კლების წამყვანი მიზეზი ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გამყარებაა, რაც ლარებში საგარეო ვალის ნაშთის მოცულობას ამცირებს. იმ შემთხვევაში თუკი 1) წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება და 2) ლარი გაცვლითი კურსის სიმყარეს შეინარჩუნებს, მაშინ ქვეყნის საგარეო ვალის ზომა მართლაც 45%-მდე დავა.

თუმცა, განსხვავებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები, რომლებიც ახალი გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე საქართველოში 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 3-4%-ის ფარგლებში პროგნოზირებენ.

საქართველოს სახელმწიფო ვალი განსაკუთრებული ტემპით პანდემიის პირველი ტალღის დროს გაიზარდა. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ პანდემიური ეკონომიკური კრიზისის შესარბილებლად საერთაშორისო დონორებისგან $2 მილიარდის საგარეო ვალი აიღო, ამავე წელს ლარი მკვეთრად გაუფასურა. შედეგად, სახელმწიფო ვალი 2019 წელს არსებული 40%-დან რეკორდულ 60%-მდე გაიზარდა. 2021-ში ვალის მოცულობამ მშპ-ს 51%-მდე იკლო, წელს კი მთავრობა მის 45%-მდე შემცირებას მოელის.