07.ოქტომბერი .2020 13:34

მსოფლიო ბანკი: შესაძლოა, საქართველოს 160,000-მდე მოქალაქე სიღარიბეში აღმოჩნდეს

views 1926
უკან

მსოფლიო ბანკი საქართველოში 2020 წელს აბსოლუტური სიღარიბის ზრდას პროგნოზირებს. ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, COVID-19-ის კრიზისით გამოწვეული უმუშევრობის შედეგად, ქვეყნის 160,000 მოქალაქე, შესაძლოა, სიღარიბეში აღმოჩნდეს. 

ამავე შეფასების თანახმად, მსოფლიო ბანკი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-ით შემცირებას პროგნოზირებს, 2021 წლისთვის კი ქვეყნის ეკონომიკის 4%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი. 

"საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა შენელდა ფისკალური მხარდაჭერით, კრედიტების სტაბილური ზრდით და ფულადი გზავნილების აღდგენით. მიუხედავად ამისა, 2020 წელს ეკონომიკის ზომა, სავარაუდოდ, 6%-ით შემცირდება, რაც ასახავს პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8 პროცენტს შეადგენდა. ზემოქმედება ასევე მწვავე იქნება სოციალური თვალსაზრისით, 2020 წელს საქართველოს დაახლოებით 160,000 მოქალაქე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს, ხოლო 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდეს. სავარაუდოდ, ეკონომიკის ზრდა 2021 წელს 4 პროცენტს მიაღწევს, რამდენადაც პანდემიასთან დაკავშირებული შოკები გაიფანტება და ტურიზმი აღდგენას დაიწყებს მომხმარებლებისა და ბიზნესის თავდაჯერებულობის მატებასთან ერთად," - ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში. 

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის სებასტიან მოლინეუსის განცხადებით,  ბანკი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ეკონომიკის პოსტ-პანდემიური აღდგენის პროცესში.

„საქართველოს ძალისხმევა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევის მიმართ მტკიცეა და შესაძლებელი გახდა პანდემიამდე ეკონომიკის გონივრული მართვით, თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია სიღარიბის სავარაუდო ზრდაზე რეაგირების თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკი ჩართული იყო COVID-19-ის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო ღონისძიებებში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. და ახლაც, კერძო სექტორისთვის დაგეგმილი დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა