მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი 8 სტადიონი - ღირებულება და ისტორია

6384703520e05
ირაკლი მოდებაძე
29.11.22 00:07
1434

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს კატარში იმართება. მსოფლიოში ყველაზე ყურებადმა საფეხბურთო ჩემპიონატმა სტარტი ალ ბაიტის სტადიონზე აიღო. მანამდე კი ქვეყანაში ჩემპიონატის სამასპინძლოდ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათგან ყურადღების მიპყრობა იმ სტადიონებზე გვინდა, რომელზეც საფეხბურთო ტურნირები გაიმართება და რომლებიც 1 თვის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებს უმასპინძლებს. მთლიანობაში, მუნდიალს 8 სხვადასხვა სტადიონი მოემსახურება, რომელიც თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შედევრებია და უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

1. “ალ ბაიტი’’ - 847 მილიონი დოლარი



სლოგანი: "ისიამოვნეთ თბილი არაბული მისალმებით"
ქალაქი: ალ ხორი
ტევადობა: 60 000

სტადიონის სახელწოდება “ბაიტ ალ შაარიდან” მომდინარეობს, რაც იმ ტერიტორიის აღმნიშვნელი სახელია, რომელზეც სტადიონი მდებარეობს და სადაც მომთაბარე არაბული ტომები კატარში ყოფნის დროს ჩერდებოდნენ. სტადიონის დიზაინის ნახვისას დარწმუნდებით, რომ აქ როგორც ქვეყნისა და ტერიტორიის ისტორია და წარსული, ისე აწმყო და რეალობაა გათვალისწინებული. საინტერესოა, რომ ალ-ბაიტ პარკზე, ანუ იქ, სადაც სტადიონი მდებარეობს, 30 მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი, სხვადასხვა სახის სპორტული სათამაშო და სავარჯიშო არენები, გამწვანების ვრცელი გაზონები, სარბენი და ველოსპორტისთვის განკუთვნილი ბილიკები, ცხენოსნობისა და აქლემით ჯირითისთვის განკუთვნილი სივრცეებია განთავსებული. ქვეყნის კულტურის სამინისტროსა და სხვადასხვა კულტურული საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით, სტადიონზე და მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი კულტურული ღონისძიება იმართება, რომელიც ახალგაზრდებს ქვეყნის ისტორიას უამბობს.


2. "ალ ჯანუბი" - 700 მილიონი დოლარი



სლოგანი: "ფეხბურთის იალქნები ახალ ეპოქაში"
ქალაქი: ალ ვახრა
ტევადობა: 40 000

ქალაქ ალ ვახრას ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მეზღვაურობასთან, სწორედ ამიტომ სტადიონის დიზაინის ხშირი ელემენტებია იალქნიანი ნავები და საზღვაო ტრანსპორტი. სტადიონის დატვირთვა ყოველ სეზონზე შეიძლება, რასაც ხელს ის ფაქტი უწყობს, რომ არენა აღჭურვილია გაგრილების ინოვაციური სისტემითა და ასაწევი სახურავით.


3. "ალ თუმამა" - 342 მილიონი დოლარი



სლოგანი: "კულტურითა და ტრადიციებით გაჟღენტილი ქვეყანა"
ქალაქი: დოჰა, ალ თუმამა

ტევადობა: 40 000

ალ თუმამას სტადიონის მთლიანი დიზაინი “გაიფას”, ანუ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მამაკაცების ტრადიციული თავსაფარის ანალოგს წარმოადგენს. იგი რეგიონის ტრადიციული სამოსის სიმბოლოა და ასევე ღირსებასა და დამოუკიდებლობის ცენებებთან ასოცირდება.


4. 974 - ღირებულება უცნობია



სლოგანი: "ამ ყველაფრის გულში ინოვაციაა"
ქალაქი: დოჰა, რას აბუ აბუდი
ტევადობა: 40 000


სტადიონის მშენებლობაში ფოლადის განსაკუთრებული ნედლეული დაიხარჯა და იგი როგორც ადგილობრივი ინდუსტრიული პროფესიონალიზმის ისტორიას, ასევე თანამედროვე ტენდენციებს აერთიანებს. მშენებლობის პროცესში შემცირებული იყო ხარჯები, რასაც თანამედროვე მასალების გამოყენებამ შეუწყო ხელი. ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის არენად მიჩნეული სტადიონი ერთადერთია, რომელიც ზღვისპირა ტერიტორიაზე მდებარეობს.


5. "ლუსაილი" - 767 მილიონი დოლარი



სლოგანი: "წარსულის მემკვიდრეობა და მომავლის ხატი; ადგილი, სადაც ერთმანეთს კულტურა და სპორტი ხვდება"
ქალაქი: ლუსაილი
ტევადობა: 80 000

სტადიონის დიზაინი, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი, სინათლისა და ჩრდილების ცეკვით არის შთაგონებული. ეს ის არენა გახლავთ, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას – მუნდიალის ფინალს უმასპინძლებს. სტადიონზე ასევე წარმოდგენილია არაბული სამყაროს მდიდარი ისტორიული ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა ჭურჭლის, თასებისა და ხელოვნების ნიმუშების მოტივები რეგიონის ისტორიიდან.


6. "აჰმად ბინ ალი" - 360 მილიონი დოლარი



სლოგანი: "იქ, სადაც უდაბნოს ისტორიები იწყება"
ქალაქი: უმ ალ აფაეი
ტევადობა: 40 000

სტადიონის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია მბზინავი ფასადი, რომელიც შედგება ისტორიული ნიმუშებისგან, რომლებიც წარმოადგენს ქვეყნის კულტურისა და ისტორიის სხვადასხვა ასპექტს: ოჯახის მნიშვნელობას, უდაბნოს სილამაზეს, ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას, ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობის ისტორიას. აქ განთავსებულია ყველა ის ისტორიული და კულტურული ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქ ალ რაიანისთვის. უბანში განთავსდა მთელი რიგი სპორტული ობიექტები, მათ შორის კრიკეტისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო მოედანი, გარე სპორტული დარბაზი, საწყალოსნო ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, სკეიტ პარკი და მძლეოსნობის ტრეკი. ასევე, არაერთი სავაჭრო ცენტრი დასასვენებელი და სარეკრეაციო სივრცეები.


7. "განათლების ქალაქის სტადიონი" - 653 მილიონი დოლარი



სლოგანი: "შთამაგონებელი სამკაული’’
ქალაქი: ალ რაიანი
ტევადობა: 40 000

სტადიონის ფასადზე გამოსახულია სამკუთხედები, რომლებიც ბრილიანტის მსგავს გეომეტრიულ ფიგურებს ქმნიან და ისინი მზიან ამინდში ფერს იცვლიან. მიიჩნევა, რომ სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისა და გამძლეობისაა. ყატარში, ელიან რომ არენა ქვეყნის ღირებულების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი და სავიზიტო ბარათი გახდება.



8. "ხალიფას საერთაშორისო სტადიონი" - 280 მილიონი დოლარი



სლოგანი: "სპორტული ლეგენდის აღორძინება"
ქალაქი: დოჰა, ესპაირი
ტევადობა: 40 000

განსხვავებით ტურნირის მასპინძელი სხვა სტადიონებისგან, ხალიფას საერთაშორისო სტადიონი ყატარში ერთ-ერთი ყველაზე ძველია და 1976 წელს აშენდა. აქამდე, იგი ქვეყნის მთავარ არენად მიიჩნეოდა და მანვე უმასპინძლა 2011 წლის აზიის თასის გათამაშებასა და მის ფინალურ შეხვედრას. ამ სტადიონს ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრები უკვე მიუღია, ოღონდ საკლუბო დონეზე – 2019 წლის გათამაშების ფინალური მატჩი, “ლივერპულისა” და “ფლამენგოს” მონაწილეობით სწორედ ამ არენაზე გაიმართა. განახლების შემდეგ სტადიონს 10 450 ადგილი, განათებისა და გაგრილების სისტემა დაემატა. ასევე, სტადიონის განახლებული ფასადი არაბული კულტურის ორნამენტებით არის გაფორმებული.