მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმები

5e70fa8db7450
შოთა ტყეშელაშვილი
17.03.20 20:04
2830
13 მარტს საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი წარადგინა. ამ პროგრამის მიხედვით მოხდება ტურისტული სექტორისთვის გადასახადების გადავადება და მათთვის საბანკო ვალდებულებების თანადაფინანსება. ასევე პაკეტის ნაწილია ინფრასტრუქტურული ხარჯების დამატებით 300 მილიონით გაზრდა და დღგ-ის უკან დაბრუნების პროგრამის გააქტიურება. მინისტრთა კაბინეტის წევრთა თქმით, ჯამში ეს პროგრამა 1 მილიარდ ლარს მოიცავს. 

კორონავირუსის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ შოკს მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები ძირითადად მონეტარული სტიმულებით უპირისპირდებიან. ამ პროგრამების ძირითადი ნაწილის  სამიზნე საფინანსო სექტორის და შესაბამისად მთლიანად ეკონომიკის დაკრედიტების უზრუნველყოფაა, რისთვისაც არაერთი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა. ჯერჯერობით ყველაზე დიდი ზომის მონეტარული სტიმულების პაკეტი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა, რაც გასული და მიმდინარე კვირის განმავლობაში, აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არსებულ პანიკურ ვაჭრობას და გაზრდილ გაურკვევლობას უკავშირდება. აშშ-ის მონეტარული სტიმულირების პაკეტი 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. 

გერმანიის ანტიკრიზისული გეგმის მოცულობა კი 600 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 

ფისკალური თვალსაზრისით, სტიმულირებას ყველაზე მეტი ბენეფიციარი ჰონგ-კონგში ეყოლება, რადგანაც მთავრობის გადაწყვეტილებით ჰონგ-კონგის ყველა მუდმივი მაცხოვრებელი ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით $1200-ს მიიღებს.

მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმები:

ამერიკის შეერთებული შტატები

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (FED) 2020 წლის 3 მარტს რიგგარეშე სხდომა ჩაატარა და საპროცენტო განაკვეთების შემცირება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდგომ, ყველაზე დიდი ერთჯერადი შემცირდება იყო.

12 მარტს, საფონდო ბირჟაზე არსებული პანიკური ვაჭრობის შემდეგ, ნიუ-იორკის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა რეპო ოპერაციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც საბანკო სისტემას დამატებითი ლიკვიდური სახსრების სახით 1.5 ტრილიონი მიაწოდა.

15 მარტს კი FED-მა მორიგი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტად შეარბილა მონეტარული პოლიტიკა. ამჟამად აშშ-ში პოლიტიკის განაკვეთი 0-0.25%-ის ფარგლებშია. ამასთანავე, FED-მა ე.წ. “რაოდენობრივი შერბილების” (quantitative easing) პოლიტიკის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და საფინანსო ბაზარს დამატებით $700 მილიარდის რესურსს მიაწვდის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფისკალური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი ზომები მიიღო. 13 მარტს, წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ფისკალური სტიმულირების პროგრამას, რომელიც სენატს ჯერჯერობით არ აქვს დამტკიცებული. 13 მარტსვე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ფედერალური მთავრობა შტატებსა და ოლქებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალური დაფინანსების სახით $50 მილიარდს მიაწვდის.

ავსტრალია

ავსტრალიამ 12 მარტს $11.4 მილიარდის მოცულობის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც შემდეგ მიმართულებებს ითვალისწინებს:

სუბსიდიები მცირე ბიზნესებისთვის, რაც დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად;
დამატებით ერთჯერადი ფულადი დახმარებები იმ პირებისთვის, რომლებიც სოციალურ დახმარებებს ან ხანდაზმულობის პენსიას იღებენ;
სუბსიდიები იმ სექტორებში მოღვაწე კომპანიებისთვის, რომლებიც ვირუსის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის ბიუჯეტში შესული ცვლილებებით შემდეგი ღონისძიებები არის დაგეგმილი:

  • ერთჯერადი - $1200-იანი ფულადი დახმარება, რომელსაც ჰონგ-კონგის ყველა სრულწლოვანი და მუდმივი მაცხოვრებელი მიიღებს; 
  • საგადასახადო შეღავათები მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის, მათ შორის შეღავათები საშემოსავლო და ქონების გადასახადებზე; 
  • სპეციალური მექანიზმით, მთავრობის მიერ ბიზნესებისთვის სესხების გარანტირება; 
  • ხანდაზმულობის პენსიის მიმღებები დამატებით ერთი თვის სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ. 


ჩინეთი

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე სახის მონეტარული სტიმული დანერგა.

2020 წლის 3 თებერვალს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა რეპო ოპერაციების მოცულობა დამატებით $174 მილიარდით გაზარდა, რაც საბანკო სისტემის ლიკვიდობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. 4 თებერვალს კი რეპო ოპერაციების დამატებით $71 მილიარდით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

13 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ეკონომიკის დაკრედიტების სტიმულირებისთვის ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა საბანკო სისტემისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შეამცირა, რაც მისი გათვლებით $79 მილიარდით გაზრდილ დაკრედიტებაში უნდა აისახოს.

მთავრობამ ბანკებს მიმართა თხოვნით შეღავათები დაუწესდეთ იმ ბიზნესებსა და მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალზეც კორონავირუსმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

სამხრეთ კორეა

3 მარტს სამხრეთ კორეის მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების $9.8 მილიარდის მოცულობის პაკეტი წარადგინა.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრის ჰონგ ნამ კის განცხადებით მიღებული ზომები ქვეყანაში შექმნილი შოკის პირობებში დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კონკრეტულად კი დაგეგმილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის პირდაპირი სუბსიდიების მიცემა, ასევე ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების ფინანსური დახმარება

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა (Bank of England) 11 მარტს მონეტარული სტიმულების პაკეტი წარადგინა. 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ასევე ბანკებისთვის კონტრ-ციკლური ბუფერი 0%-მდე შემცირდა, რაც მიზნად დაკრედიტების სტიმულირებას ისახავს.

11 მარტსვე დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა $37 მილიარდის მოცულობის პროგრამა წარადგინა, რომელიც შემდეგ ღონისძიებებს ითვალისწინებს:

საგადასახადო შეღავათი საცალო ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის;
ფულადი გრანტები მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის;
სახელმწიფო სუბსიდია ბიზნესებისთვის იმ დასაქმებულთა ხელფასების დასაფარად, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან ან ვირუსი შეეყრებათ;

გერმანია

გერმანიის მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საინვესტიციო ბანკ KFW-ს მისი მანდატის შესაბამისად, ქვეყნის კერძო ბიზნესზე $610 მილიარდის მოცულობის სასესხო დაფინანსების განხორციელება დაავალა. ამ ფინანსური რესურსის მიმღებები გერმანიაში მოქმედი მსხვილი და საშუალო ზომის ბიზნესები იქნებიან.

იტალია

იტალიის მთავრობამ 11 მარტს $28 მილიარდის მოცულობის დაფინანსების პროგრამა წარადგინა, რომელიც ორ ძირითად მიმართულებად იყოფა, ესენია:

სამსახურების დაკარგვის წინაშე მდგარი მოქალაქეების დახმარების ფონდი;
სახელმწიფო საკრედიტო გარანტიის ფონდის მეშვეობით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები მიიღებენ დაფინანსებას.

იაპონია

იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა საფინანსო სისტემის სტიმულირებისთვის ე.წ. რაოდენობრივი შემცირების (quantitative easing) პოლიტიკის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო და საფინანსო ბაზარს დამატებით $112 მილიარდის რესურსს მიაწვდის.

ამასთანავე, ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორების დასახმარებლად და დასაქმების ხელშესაწყობად, იაპონიის მთავრობამ $19.6 მილიარდი გამოყო.

კანადა

კანადის ცენტრალურმა ბანკმა არსებული ვითარების საპასუხოდ რიგი მონეტარული სტიმულები მიიღო.

4 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით ნახევარი პროცენტული პუნქტით შემცირდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. 12 მარტს კი კანადის ცენტრალურმა ბანკმა საფინანსო სისტემის ლიკვიდურობის შენარჩუნებისთვის რეპო ოპერაციების გაფართოების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ამასთანავე, შემცირდა კომერციული ბანკებისთვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რის შედეგადაც ბანკებს ეკონომიკისთვის დამატებით $214 მილიარდის საკრედიტო რესურსის გამოყოფის შესაძლებლობა მიეცათ.