მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2022 წელს ბიზნესიდან და მოსახლეობიდან 13.3 მილიარდის გადასახადებს ამოიღებს

6188f53f8afca
შოთა ტყეშელაშვილი
09.11.21 00:12
1473
საქართველოს მთავრობა 2022 წლის განმავლობაში ბიზნესიდან და მოსახლეობიდან 13.3 მილიარდი ლარის გადასახადებს ამოიღებს - ამის შესახებ მომდევნო წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტიდან ხდება ცნობილი. გადამუშავებული პროექტით მომდევნო წელს მთავრობა 220 მილიონი ლარით მეტი გადასახადის შეგროვებას გეგმავს, ვიდრე ამას ბიუჯეტის პირველადი ვერსია ითვალისწინებდა.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით, გეგმა ასე ნაწილდება:

● საშემოსავლო გადასახადი - 4.27 მილიარდი ლარი, მატება ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან 9.6 მილიონი ლარი;
● დამატებული ღირებულების გადასახადი - 5.36 მილიარდი ლარი, მატება ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან 5.8 მილიონი ლარი;
● მოგების გადასახადი - 1.56 მილიარდი ლარი, მატება ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან 201 მილიონი ლარი;
● აქციზი - 1.87 მილიარდი ლარი, მატება ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან 2.1 მილიონი ლარი;
● იმპორტის გადასახადი - 84.5 მილიონი ლარი, მატება ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან 0.4 მილიონი ლარი;
● სხვა გადასახადები - 130 მილიონი ლარი, მატება ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან 0.6 მილიონი ლარი.

უფრო დეტალურად, მთავრობის განმარტება გადასახადებთან დაკავშირებით ასეთია:

“2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია 25,5%-ით (937,5 მლნ ლარით). აღნიშნული მოცულობით ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მოსალოდნელი გადაჭარბების, მომდევნო წელს ეკონომიკის ნომინალური ზრდის და მიმდინარე წელს არსებული საგადასახადო შეღავათის დასრულების ფისკალური ეფექტებით;

2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით მოგების გადასახადი გაზრდილია 64,1%-ით (609,4 მლნ ლარით). აღნიშნული მოცულობით ზრდა გამოწვეულია საფინანსო სექტორის მიერ გადასახდელი გადასახადების მაღალი მოცულობით. მიმდინარე წელს საფინანსო სექტორის მიერ გადახდილი მოგების გადასახადი მინიმალურია, ვინაიდან 2020 წელს სექტორში მოგება მცირე იყო. მიმდინარე წელს აღნიშნულ სექტორში მოგების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც იწვევს 2022 წელს გადასახდელი მოგების გადასახადის ზრდას.

დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 624,1 მლნ ლარით (გაზრდილია 7,2 მლნ ლარით), მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 5 365,5 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი - 1 258.6 მლნ ლარს (მუნიციპალიტეტების დღგ 2021 წელთან შედარებით იზრდება 145.2 მლნ ლარით);

2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით დღგ გაზრდილია 13,0%-ით (764,1 მლნ ლარით). აღნიშნული მოცულობით ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მოსალოდნელი გადაჭარბების და მომდევნო წელს ეკონომიკის ნომინალური ზრდის ფისკალური ეფექტებით,”- ნათქვამია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.