მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ახალ სააგენტოს ქმნის, რომელიც ბიუჯეტიდან 5 მილიონით დაფინანსდება

622c575ebc3a0
ელენე გოგბერაშვილი
12.03.22 13:00
3408
მთავრობა ეკონომიკის სამინისტროს ქოლგის ქვეშ ახალ სსიპ-ს, "სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს" ქმნის. აღსანიშნავია, რომ სივრცითი და ტერიტორიული მოწყობის მიმართულება აქამდე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ებარა. მთავრობის ინიციატივით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული  "საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების პროექტით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლება–მოვალეობები ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გადაეცემა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2018 წლამდე აღნიშნულ ფუნქციას ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებდა და მისი ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადაცემა ე.წ. „მცირე მთავრობის“კონცეფციით იყო გამოწვეული. 

კანონპროექტის მიხედვით, სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ეკონომიკის მინისტრი. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილი იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის საფასური მიიღოს, რომელიც სააგენტოს ანგარიშზე ჩაირიცხება.

წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და სააგენტოს მიერ მიღებული შემოსავლები. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნენების ფარგლებში გამოყოფილი 5 მლნ ლარი სააგენტოს საქმიანობის განხორციელებისათვის გადაეცემა.

დოკუმენტის თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტროში სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით 12 მოხელეა დასაქმებული. მათი დარიცხული წლიური შრომის ანაზღაურება 317 280 ლარს შეადგენს. აღნიშნული რიცხოვნობა შესაბამისი შრომის ანაზღაურებით კი ახალ სააგენტოს გადაეცემა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანაზღაურება 5 500 ლარს შეადგენდა, მომავალში სააგენტოს ხელმძღვანელის სავარაუდო ანაზღაურების სახით კი 7 500 ლარია გათვალისწინებული. 2 200 ლარიდან 6 000 ლარამდე იზრდება ხელმძღვანელის მოადგილეების თანამდებობრივი სარგოც.

წარმოდგენილი ცვლილებების განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო. გუშინ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დოკუმენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ  წარუდგინა.

„მოგეხსნებათ, დღეის მდგომარეობით სივრცითი დაგეგმარების მიმართულება არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქოლგის ქვეშ. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ კონკრეტულად ეს მიმართულება გადავიდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში, არა დეპარტამენტის სახით, არამედ უფრო გაძლიერებულად სსიპ-ის სახით. მიზეზი ის არის, რომ ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას. ასევე მის სისტემაშია სამშენებლო რეგულაცია, ამიტომ ერთიანი ხედვის კუთხით მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ ეს მიმართულება ასე კომპლექსურად გადმოვიდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში“, - განაცხადა ნინო ენუქიძემ.