მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გაარკვევს, რატომ გააძვირა "თბილისი ენერჯიმ" კომერციული გაზი

5fc8a6dd74884
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.20 12:55
1024
2021 წლის 3 იანვრიდან თბილისის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზრდებათ. ფასის მატება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრს შეადგენს, რის შედეგადაც ახალი ტარიფი 1.1 ლარი იქნება. გაზის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ 1 დეკემბერს გააჟღერა. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ახალი ტარიფი პურის საცხობებს არ შეეხება.

ტარიფის მატებასთან დაკავშირებით BMG-ის კითხვაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა კომპანიასთან გაარკვევს, რის გამო მოხდა ფასის მატება. ამასთანავე, მინისტრი აცხადებს, რომ საყოფაცხოვრებო აბონენტებს ტარიფის მატება არ უნდა შეეხოთ.

“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გაზის ნაწილში მოსახლეობის მიმართულებით არ ველოდებით გაძვირებას და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ ფასებს, როგორ გაყიდის კომერციულ სექტორზე თბილისი ენერჯი გაზს, ეს არ არის რეგულირებადი და ეს მათი ბიზნესის ნაწილია, თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით. მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ, ეს არის თბილისის უწყვეტი მომარაგება უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით. აუცილებლად შევხდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ეყრდნობა ეს რეალურ გარემოებებს და რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელი არის ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა. ჩვენ ამაზე მათთან გვექნება კომუნიკაცია,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თავად “თბილისი ენერჯი” აცხადებს, რომ ტარიფის მატების მთავარ მიზეზს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება წარმოადგენს, რის გამოც კომპანიას შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზარდა.

"ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით.

დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც ცხადია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.

იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.