მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გეგმავს, უმუშევრობის დაზღვევა სავალდებულო გახადოს

60d36a545525c
ელენე გოგბერაშვილი
24.06.21 00:00
37475
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის მექანიზმის ამოქმედებას განიხილავს. დაზღვევის ახალი კომპონენტის შემოღება ახალი სოციალური კოდექსის ფარგლებში იგეგმება, რომლის დაწყების შესახებაც ოფიციალური პრეზენტაციით საზოგადოებას ორი დღის წინ აცნობეს.

პრეზენტაციაში ნათქვამი იყო, რომ კოდექსი მოიცავს სადაზღვევო რეფორმას და დაზღვევის ახალი კომპონენტების განხილვას, როგორიცაა სავალდებულო სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების და დროებითი შრომის უუნარობის დაზღვევა.

„კოდექსზე მუშაობის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე იყოს შესაბამისი დაცულობა და ეს დაცულობა თავის თავში მოიაზრებს როგორც ფულად გასაცემლებს, ასევე ჯანდაცვის საჭიროებების დაკმაყოფილებას, შრომის ბაზრის პოლიტიკას და დასაქმებაში ხელშეწყობას, ისევე როგორც უმუშევრობის რისკების დაზღვევას და გადაზღვევას“, - განაცხადა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ.

დამატებით დეტალებზე სამინისტრო აღარ საუბრობს, შესაბამისად უცნობია უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის რა მოდელს აირჩევს მთავრობა. სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის დაფინანსების განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. მათ შორის დაზღვევა ფინანსდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე დამსაქმებლების და დასაქმებულების შენატანებიდან. ხშირად დაფინანსება სამივე მხარის მიერ ხდება, როგორც ეს საპენსიო შენატანების შემთხვევაშია.

სწორედ იმის გამო, რომ საპენსიო რეფორმის ფარგლებში როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს 2%-იანი კონტრიბუციის გაღება უკვე უწევს, საქართველოს პროფესიული კავშირი უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის მოდელს არ ემხრობა. მათი პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფომ თავად უნდა იკისროს უმუშევრობის არა დაზღვევის, არამედ შემწეობის გადახდა იმ პირებისთვის, რომლებიც სამუშაოს დაკარგავენ.

„უმუშევრობის შემწეობა გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვის განმავლობაში დახმარების გაცემას. ეს განსხვავებულია იმ მიდგომისგან, რაც იყო შემოთავაზებული და ეს არ არის უმუშევრობის დაზღვევა, რომელიც გულისხმობს დასაქმებულების და დამსაქმებლების მიერ შენატანების განხორციელებას და ეს მოდელი( უმუშევრობის შემწეობა) იმის გამო გვაქვს არჩეული, რომ დღევანდელი მდგომარეობით ვთვლით, რომ დასაქმებულებს არ შეუძლიათ კიდევ დამატებით გააკეთონ შენატანები ახალ ფონდში, რადგან მათ ისედაც უწევთ შენატანის გაკეთება საპენსიო ფონდში.

ვთვლით, რომ სახელმწიფომ და ბიუჯეტმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე უმუშევრობის შემწეობის გადახდა, თუმცა ეს არ იქნება დიდი წნეხი იქიდან გამომდინარე, რომ შემწეობის გაცემის პერიოდი იქნება შეზღუდული 6 თვით და ეს შეეხება მხოლოდ მათ, ვინც მუშაობდა და შემდგომ დარჩა უმუშევარი და არა მათ, ვინც ქვეყანაში ზოგადად უმუშევარია.

არაკრიზისულ პერიოდში დაახლოებით 40 000 ადამიანი კარგავს სამსახურს წელიწადში და შემდგომ პოულობს. შესაბამისად გათვლა 40 000 ადამიანზე გვაქვს გაკეთებული, რაც 40 მლნ-ის ხარჯია ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, კრიზისულ პერიოდში ეს რიცხვი მეტი იქნება“, - აცხადებს პროფესიული კავშირების გაერთიანების ეკონომიკური ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე.

კერძო სექტორი უმუშევრობის დაზღვევის სავალდებულო კომპონენტის შემოღებას და ბიზნესის სადაზღვევო შენატანების დავალდებულებას არ ემხრობა. დამსაქმებელთა ასოციაციის პოზიციაა, რომ უმუშევრად დარჩენის რისკი დასაქმებულმა თავად უნდა გადააზღვიოს ხელფასის დაზღვევის სახით.

„პანდემიის დროს კარგად დავინახეთ, რამდენ ადამიანს დაუდგა ამის საჭიროება, როცა მათ დაკარგეს სამსახური და ის რესურსი, რაც უნდა წამოსულიყო სადაზღვევოებიდან. ამ სოციალურ ფონს არ მივიღებდით, თუ მათ ხელფასი დაზღვეული ექნებოდათ.

ჩვენი პოზიციაა უმუშევრობის დაზღვევა იყოს ნებაყოფლობითი და დასაქმებულებს ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანი თავად დააზღვიონ ის რისკები, რაც პოტენციურად შეიძლება დაუდგეთ.

ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვუდგებით ასეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უძვირებს ოპერირებას ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დეტალურად არ ვიცით, რა მოცულობის შენატანზე შეიძლება იყოს საუბარი, ვფიქრობთ, ეს არ უნდა იყოს წნეხი ბიზნესისთვის, რადგან ისედაც ბევრი რეგულაცია გვაქვს და ეს არ უნდა იყოს დამატებითი ტვირთი ბიზნესისთვის“, - აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში მილიონ 129 ათასი ადამიანი დასაქმებულია, 317 ათას 500 ადამიანი კი უმუშევარი. ამ პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე გვაქვს და 21,9%-ს შეადგენს. რამდენად ექნება გავლენა ახალ სოციალურ კოდექსს ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, ამას დრო აჩვენებს.

„სოციალური კოდექსის“ 2-წლიან პროექტის განხორციელებაში საქართველოს ვროკავშირი, საფრანგეთისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოები ეხმარებიან.

"სოციალურ კოდექსზე“ მუშაობა 2023 წელს უნდა დასრულდეს.