მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, ყველას ყველაფერი დაუფინანსოს, ამიტომ ჯანდაცვაში შემავსებელი კომპონენტი უნდა შემოვიდეს - "ჯიპიაი ჰოლდინგი"

დაზღვევა

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პოლისების 30%-იან მატებაზე საუბრობს. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორი ბესიკ ფესტვენიძე BMG-სთან განმარტავს, რომ სამედიცინო სერვისების გაძვირებასთან ერთად, მოქალაქეების დაინტერესება კერძო დაზღვევით მზარდია.

ბესიკ ფესტვენიძის თქმით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ წლებია ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის ბაზრის 50%-ზე მეტს ფლობს. ბოლო პერიოდში დინამიკა განსაკუთრებით გააქტიურდა. მისივე განმარტებით, თუ ადრე ინდივიდუალურ პაკეტებს ძირითადად უცხოელები ან რეპატრიანტები ყიდულობდნენ, ახლა ზრდის ძირითადი წილი საქართველოს მოქალაქეებზეც მოდის.

„ინდივიდუალურ დაზღვევას ძირითადად ის ადამიანები ყიდულობენ, რომლებიც დასაქმებულები არიან, აქვთ შემოსავალი, თუმცა მათი სამსახური კორპორატიულ დაზღვევას არ სთავაზობს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც შვილები პოლისებს ასაკოვანი მშობლებისთვის ყიდულობენ.

ჩვენი პროდუქტი ნაკლები შეზღუდვებით და მეტი თავისუფლებით ხასიათდება. ჩვენს დაზღვეულს შეუძლია, დაზღვევის პირველივე დღიდან მიიღოს მომსახურება მოცდის პერიოდების გარეშე. მოცდის პერიოდები გვაქვს ჰოსპიტალურ ოპერაციებზე, დაგეგმილ ოპერაციებზე; გადაუდებელზე - არა. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება კარგი პროდუქტი იყოს. ეს პირველი კვარტლის შედეგებშიც აისახა - ზრდა დიდია - 30%-ზე მეტი ზრდაა პოლისების რაოდენობაში და 30%-იანი ზრდა პრემიაში“ - აცხადებს ფესტვენიძე BMG-სთან.

ამასთან, მისივე განმარტებით, დღეს მოქმედი რეგულაციით, მოქალაქე, რომელიც კერძო დაზღვევას ყიდულობს, ავტომატურად კარგავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლებას (გარკვეული გამონაკლისების გარდა). ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ე.წ. „დაშენებული პაკეტის“ შემოტანა შექმნიდა სისტემას, სადაც სახელმწიფო პროგრამა რჩება ბაზისად (მაგალითად, ჰოსპიტალური მომსახურებისთვის), ხოლო კერძო დაზღვევა დაფარავდა იმ ხარჯებს, რომლებსაც სახელმწიფო ვერ აფინანსებს.

ბესიკ ფესტვენიძის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს რესურსი, რომ მოქალაქეებს ყველა სამედიცინო საჭიროება სრულად დაუფინანსოს. განსაკუთრებული დეფიციტი ამბულატორიულ მომსახურებასა და მედიკამენტებზე მოდის.

„საყოველთაო ჯანდაცვაში ამბულატორიული და მედიკამენტების ნაწილი საკმაოდ შეზღუდულია. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ იყვნენ არჩევანის წინაშე - აირჩიონ საყოველთაო ჯანდაცვა თუ კერძო ინდივიდუალური დაზღვევა. უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ორი დაზღვევა, როგორც ორი ბურჯი, ისე შეავსებდა ერთმანეთს. იმას, რასაც სახელმწიფო სთავაზობს უფასოდ, ადამიანი დაამატებდა კერძო პოლისს თავისი საჭიროებისამებრ,“ - აცხადებს ფესტვენიძე.

მისივე თქმით, ეს მოდელი რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის: შემცირდება ჯიბიდან გადახდები, მოქალაქეს აღარ მოუწევს უარის თქმა სახელმწიფო გარანტიებზე კერძო პოლისის სანაცვლოდ; ხოლო სისტემა უფრო ეფექტური გახდება, რადგან სახელმწიფო და კერძო სექტორი ხარჯებს გადაინაწილებენ.

ფესტვენიძის განმარტებითვე, ეს მოდელი აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა - ევროპის ბევრ ქვეყანაში საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევასთან ერთად კერძო სექტორი ავსებს სისტემურ დეფიციტს.

„ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც კი, რომლებიც დიდ თანხებს ხარჯავენ ჯანდაცვაზე, არსებობს დეფიციტი, რომელსაც კერძო დაზღვევა აბალანსებს. სახელმწიფოს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ყველას ყველაფერი დაუფინანსოს. შესაბამისად, მოქალაქეს უნდა მიეცეს საშუალება, თავად შეიძინოს ის სერვისები, რასაც სახელმწიფო ვერ სთავაზობს,“ - აღნიშნავს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორი.

დაზღვევის სექტორი ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების მოდელის შემოტანას ითხოვს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საყოველთაო ჯანდაცვას კერძო დაზღვევა დააშენოს. მიზანია დაზღვეულმა, კერძო პოლისით აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამა სრულად არ ფარავს. მოდელი მოქალაქეს საშუალებას მისცემს, ერთდროულად ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამითაც და კერძო დაზღვევითაც, ნაცვლად იმისა, რომ მათ შორის არჩევანის გაკეთება უწევდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები