მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა კონსორციუმის შეთავაზებაზე უარს ამბობს - მაია ცქიტიშვილის განმარტება

5dc269952502c
სალომე მეცხვარიშვილი
06.11.19 10:33
4127
„სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული ინვესტორის კომერციული რისკების დაფარვას დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით“, - ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ სახელმწიფოსთვის ზაფხულში შეთავაზებულ ახალ მექანიზმს შეეხებოდა.

„ჩვენ მთავრობას ზაფხულში დაბალანსებული, სამართლიანი ალტერნატივით მივმართეთ, როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემა მოგვარებულიყო. შევთავაზეთ 150-მლნ დოლარიანი მექანიზმი, რომელშიც მონაწილეობას კონსორციუმის არსებული თუ ახალი ინვესტორები 50-50 მლნ-ით მიიღებდნენ; დამატებით ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, ასევე 50 მლნ დოლარის ოდენობით მონაწილეობაზე ამ მექანიზმში. ამ ვითარებაში ევროკავშირის წინაპირობა იყო, რომ მთავრობასაც 50 მლნ დოლარის ინვესტიციით მონაწილეობა მიეღო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს თანხა ათვისებული საერთოდ არ იქნება იმ დადებითი პროგნოზებიდან გამომდინარე, რომელიც განახეთ, მაგრამ რომც იყოს ათვისებული ეს თანხები, პროექტს სესხად დაერიცხება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გასტუმრებული იქნება და ინვესტორები ვერცერთ დივიდენდს ვერ დაირიგებდნენ, სანამ ეს თანხა იქნება ათვისებული“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

კონსორციუმის გენერალურ დირექტორს მაშინ არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როგორი იყო მთავრობის პოზიცია ამ შეთავაზებაზე, თუმცა დღეს bm.ge-ის შესაბამის კითხვაზე პასუხად მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ მთავრობა რისკების დაზღვევას არ აპირებს.

„ამ საკითხზე არაერთხელ გვქონდა უკვე საუბარი და ჩვენ არაერთხელ ავხსენით, რომ სახელმწიფო კომერციული ინვესტორის კომერციული რისკების დაფარვას, დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით, საკუთარ თავზე ვერ აიღებს. ეს საკითხი უკვე ამოწურულია. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა უკვე არაერთხელ მსჯელობა და მე მგონი, თითოეულმა თქვენგანმა, მათ შორის ჟურნალისტებმა იცით ყველა დეტალი“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ „ჯერჯერობით, ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორი წარმოდგენილი არაა“.

ცნობისთვის: თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახლვედიანი ირწმუნება, რომ საფინანსო ინსტიტუტებისგან ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნა არასწორად იქნა აღქმული.

„არასწორად არის დახასიათებული ტვირთბრუნვის გარანტიის დაზღვევის მოთხოვნა ბანკებისგან. ეს არ არის გარანტია, ეს არ არის დაზღვევა. აქ არის საუბარი ბანკების მიერ სესხის გადახდის ნაწილობრივ გარანტიაზე ანუ ეს არის დამატებითი ფონდი, რომელიც უნდა შეიქმნას. ეს არანაირად არ ემსახურება ანაკლიის ინვესტორების (კაპიტალში) კომერციული რისკის დაზღვევას. ეს მოთხოვნა მხოლოდ მიმართულია ბანკების სესხების ნაწილობრივ დასაფარად თუ ეს საჭიროება დადგება”, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.