მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სტადიონების რეაბილიტაციის ₾100 მლნ-იან პროგრამას იწყებს

6267d9aeece1b
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.22 15:54
950
მთავრობის განკარგულებით, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა დღეს მიიღო, UEFA-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ღირსეულად ჩასატარებლად, „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 100 მლნ ლარია.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია, როგორც სავარჯიშო მოედნების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე ახალი სტადიონების პროექტირება-მშენებლობა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მცირე განმარტება გააკეთა და განაცხადა: „სტადიონის მოწყობის სამუშაოები წელსვე დაიწყება, რათა მომდევნო წლისთვის მზად იყოს. საერთო ჯამში 12 ინფრასტრუქტურული პროექტია განსაზღვრული, რომელშიც მუნიციპალური განვითარების ფონდი იქნება ჩართული. უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა და ყველა რესურსი, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური,აქეთკენ  იქნება მიმართული“, - განაცხადა ქარსელაძემ.

კითხვას- 100 მლნ ლარი იყო თუ არა გათვალისწინებული 2021 წლის ბიუჯეტში, თუ დამატებით გამოიყო, ინფრასტრუქტურის მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა:

„100 მლნ ლარი პროგრამის ფარგლებში გამოიყო, რომელიც შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს და ეს რესურსი ამ კონკრეტული ღონისძიებისთვის არის გამოყოფილი, რათა შესაბამისი პირობების შექმნა და მაღალი რანგის ტურნირის განხორციელება მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს საბიუჯეტო რესურსია“, - თქვა ქარსელაძემ.