მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ არის რეგიონი, რომელიც ჰესებს ეწინააღმდეგება, თუმცა დენის მოხმარებას ზრდის”

6001cf289c64e
BM.GE
16.01.21 10:46
1057
მესტიის რაიონის მაცხოვრებლები და აქ არსებული ბიზნესები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხიდან - ეს ხდება არა რაიმე საგადასახადო შეღავათის, თუ სუბსიდირების გამო, არამედ იმიტომ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე უარს აცხადებს. BMG-სთან საუბარში Galt & Taggart-ის ენერგეტიკის სფეროს ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ეს საკითხი მოწესრიგდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნარჩუნდება ვითარება, რომელიც რეგიონის ენერგოგამანაწილებლისთვის პრობლემას წარმოადგენს. 

ამასთან, ჩახვაშვილი ამბობს, რომ ელექტროენერგიის უფასოდ მიღების და კრიპტოვალუტების მაინიგის ზრდასთან ერთად, ეს რეგიონი ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასაც ეწინააღმდეგება. 

“მომხმარებლების ჯგუფი, როდესაც არ იხდის ელექტროენერგიის საფასურს და ამას არ აქვს კანონის საფუძველი, ეს მიმწოდებელ კომპანიაზე გადადის და გარკვეულწილად არასამართლიანობის ვითარებას ტოვებს. პირადად ჩემთვის არასამართლიანობის შეგრძნებას ტოვებს ის, რომ საქართველოს რაღაც ნაწილი არ იხდის ელექტროენერგიის საფასურს მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ელექტროენერგიის მოხმარებას და მაინინგში იყენებს ამ მოხმარებას. 

შეიძლება უფრო სწორი იყოს, რომ ეს მოხდეს სუბსიდირების ფორმით, ან მთავრობის განკარგულებით და შემდეგ უკვე სემეკიც შეძლებს, რომ “ენერგო პროს” ტარიფში ეს გაითვალისწინოს. იურიდიული თემაა თუ როგორ მოგვარდება და როგორ გადანაწილდება. მთავარი არის ის, რომ უნდა გადავწყვიტოთ სვანებმა უნდა გადაიხადონ ელექტროენერგიის საფასური თუ არა. თითქოს დე-ფაქტო ხდება ის, რომ დენის საფასურს არ იხდიან და ამას იურიდიული საფუძველი არ აქვს. 

უნდა აღიაროს მაშინ მთავრობამ, რომ არის რეგიონი, რომელიც ხელს უშლის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლას, მაგრამ ამავდროულად მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას, ზრდის ამ მოხმარებას და არ უნდა რომ გენერაციას ხელი შეუწყოს,”- ამბობს მარიამ ჩახვაშვილი. 



დღესვე სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ გადაცემა “ანალიტიკაში” განაცხადა, რომ სვანეთში არსებული ვითარების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯია” ყოველწლიურად 13-14 მილიონი ლარის ზარალს განიცდის. ამასთან, ნარმანიას თქმით, პანდემიური ვითარების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ აქ მოღვაწე ბიზნესებმა დენის ტარიფის გადახდა დაიწყონ. 

“არაერთ ეთერში მითქვამს და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ მესტიაში არსებული პრობლემატიკა არის მოსაგვარებელი. ის მას მერე, რაც აიტანეს მაინინგის აპარატები, მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. ამასთან, ქსელი არის მოძველებული და ის ვერ უძლებს იქ იმ დატვირთვას, რაც არის. 

რაც შეეხება “ენერგო-პროს” ზარალს, 13-14 მილიონი ლარით ზარალობს “ენერგო პრო” ყოველწლიურად მესტიაში არსებული სიტუაციით. ამიტომ, მას შემდეგ რაც პანდემია გადაივლის და ტურისტული სექტორი გააქტიურდება, კომპანიებმა, იქნება ეს სხვადასხვა ტურისტული ობიექტები თუ სხვა ტარიფის გადახდა უნდა დაიწყონ. 

რაც შეეხება უკანონო კრიპტო მაინინგს, ამისთვის უნდა გატარდეს სპეციალური ღონისძიებები და უნდა იქნას აღმოფხვრილი,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სვანეთში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული ინციდენტებიც ხშირია. “ენერგო-პროს” მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 9 იანვარს მესტიაში მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში შეიჭრნენ პირები, რომლებმაც ქვესადგურის გათიშვა მოითხოვეს.