მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას აბასთუმანში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების გარდა, დაბალბიუჯეტიანი ტურიზმის განვითარებაც სურს

647df59491b03
შოთა ტყეშელაშვილი
05.06.23 19:00
692
აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებით დღეს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა ინვესტორებთან გამართეს შეხვედრა. კურორტის რეაბილიტაციის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რის შესახებაც მან ჯერ კიდევ 2018 წელს ისაუბრა, თუმცა ამ დრომდე კურორტის რეაბილიტაცია არ დასრულებულა და არც დაგეგმილი სასტუმროები არ არის ჯერ გახსნილი.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამართულ შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა და ირაკლი ქარსელაძემ კერძო სექტორისგან მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი სასტუმროების მშენებლობების შესახებ. უწყების ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა თითქმის ყველა ინვესტორი, რომლებიც აბასთუმანში სასტუმროების, რესტორნების, ასევე ღონისძიებების სივრცეების პროექტებს ავითარებენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2025 წლის ზაფხულისთვის აბასთუმანში ძირითადი სასტუმროების უმეტესობა მზად იქნება სტუმრების მისაღებად.

“კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია მათი პროექტების შესახებ და იმსჯელეს სხვადასხვა მიმართულებებზე, რომლებიც სახელმწიფოს თანადგომით, აბასთუმნის პროექტის ფარგლებში, კერძო სექტორის ხელშეწყობისთვის ხორციელდება.

იმ პროექტებთან ერთად, რომლებსაც კერძო სექტორი აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში ახორციელებს, ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფოს მიერ შესრულებულ მნიშვნელოვან სამუშაოებს, მათ შორის, ითქვა, რომ დასრულებულია აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია, შემუშავებულია კურორტის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია, აბასთუმნის შემოვლითი გზის, ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს, იყო აბასთუმანში სასტუმროების განვითარების დივერსიფიცირება, რაც გულისხმობს როგორც ხუთვარსკვლავიანი, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების, ასევე ადგილობრივი, დაბალბიუჯეტიანი განთავსების ობიექტების განვითარებას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები უფრო ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება,”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები