მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რას ამბობენ "ოცნების" მინისტრები ყაზახეთში ვიზიტზე? - განცხადებები

ყაზახეთი

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვია. ის ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყაზახეთის მთავრობის სახლში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

გთავაზობთ განცხადებებს, რომლებიც "ქართული ოცნების" მთავრობის მინისტრებმა ყაზახეთში შეხვედრის შემდეგ გააკეთეს:

ვიზიტის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ყაზახეთთან თითოეული უმაღლეს დონეზე შეხვედრა დიდი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს ყაზახეთთან მნიშვნელოვან ინვესტიციებზე და საინვესტიციო პროექტებზე აქვს მოლაპარაკებები.

„ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი სრულად არ გვაქვს ათვისებული ამ ქვეყანასთან. ამიტომ, თითოეული შეხვედრა უმაღლეს დონეზე ძალიან დიდი ბიძგის მიმცემია ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისთვის. დღესაც ჩვენ შეხვედრაზე დავფარეთ ფაქტობრივად, ეკონომიკური თანამშრომლობის ყველა საკითხი, რომელიც ეხებოდა ვაჭრობას, ორივე ქვეყნიდან ვაჭრობის ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს და ამაზე პრემიერ-მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს. ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა საინვესტიციო მიმართულებით და მართლაც, საქართველოში ყაზახეთიდან წლების განმავლობაში ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებზე და საინვესტიციო პროექტებზე მოლაპარაკებები გააჩნია ყაზახეთთან, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მზარდი ტენდენცია, რომელიც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ყაზახეთიდან გვაქვს, მომავალ წლებში შენარჩუნდება. ჩვენ, განსაკუთრებით, ველოდებით 2026-2027 წლებიდან იმ პროექტებში ინვესტიციებს, რომლებზეც ახლა მიდის მუშაობა.

ასევე ჩვენ შევეხეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობას და აქაც, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ყაზახეთი და საქართველო, ორივე, ე.წ. შუა, ანუ ცენტრალური დერეფნის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. ამ კუთხით თანამშრომლობა რკინიგზებს და სხვადასხვა უწყებებს შორის არის ყოველდღიურ რეჟიმში. დღევანდელი შეხვედრის დროსაც აღინიშნა ამ შესაძლებლობების კიდევ უფრო ზრდის მნიშვნელობაზე. მაღალ დონეზე კოორდინაცია ხელს შეუწყობს ტვირთნაკადის ზრდას შუა დერეფანში, ზოგადად, საქართველოს მიმართულებით შუა აზიიდან დამატებით ტვირთების წამოსვლას, მათ შორის, საუბარია იგივე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან მულტიმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზებაზე.

ჩვენ საუბარი გვქონდა ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. მზარდია ტურისტული ნაკადი ყაზახეთიდან საქართველოში. 2024 წელს 180 000-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა ყაზახეთიდან და ეს ტენდენცია იმედი გვაქვს, რომ შენარჩუნდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კი აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას, ასევე გაზიარებული იქნა ის მიღწევები, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოდერნიზაციას ეხება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა შუა დერეფნის მნიშვნელობას. ბოლო მიღწევები იქნა გაზიარებული იმ მიმართულებით, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოდერნიზაციას ეხება. ის ეფექტები, რომელიც უკვე სახეზეა, შესაბამისი დასრულებული პროექტებისა და მონაკვეთების სახით, ასევე ის გეგმა, რომელიც იმთავითვე ითვალისწინებდა მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის სახით, როგორც ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, ასევე მთელ რიგ ღონისძიებებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის პერიოდის გათვალისწინებით და შემდგომში უკვე უკრაინის ომიდან გამომდინარე, დერეფანი მზად დახვდა გაზრდილ ტვირთბრუნვას, უფრო მეტიც რეალურად იმ უახლოესი გეგმების განხორციელების შედეგად, რამდენჯერმე იზრდება გამტარობა, რაც ცალსახად მიუთითებს დერეფნის მიმზიდველობის გაზრდასა და შესაბამისად, ტვირთნაკადების გაზრდას.

მნიშვნელოვანია ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც გეგმაშია, რადგანაც ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც ამავდროულად არის საერთაშორისო მარშრუტების კრიტიკული მონაკვეთი. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დადებითად შეფასდა და შემდგომში ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პროექტების განხორციელება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს იმ დიდი პოტენციალის გამოყენებას, რასაც შუა დერეფანი, დაკავშირებადობის გაუმჯობესება და ყველა თანმდევი სარგებელი ჰქვია“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

"ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კი თქვა, რომ ყაზახეთს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა, განსაკუთრებით აგრო-სურსათის მიმართულებით.

„ყაზახეთს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა, განსაკუთრებით აგრო-სურსათის მიმართულებით, იმიტომ რომ არის აგრარული ქვეყანა. გარდა ამისა, ზუსტად ასეთი ტიპის ურთიერთობები აძლიერებს უფრო მეტად იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობას გააჩნია. ეს შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრებიც,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები