მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთავრობის მიერ ეპიდემიის მართვა, საჭესთან მჯდომ მთვრალ კაცს მაგონებს" - საბა კიკნაძე

6165cf32153d6
მარიამ ადამია
12.10.21 21:30
860
ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი, საბა კიკნაძე ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ ეპიდემიის მართვა ნასვამ კაცს ჰგავს საჭესთან, რომელიც ცდილობს რომ არ შეიმჩნიოს ეს მდგომარეობა. მისი თქმით, ერთ დაშვებულ შეცდომას მეორე მოსდევს და თუკი ასე გაგრძელდება, ზამთარშიც შარშანდელი მდგომარეობის გამეორებას უნდა ველოდოთ.

“ჩვენ ყველაზე არასწორ დროს გამოვაცხადეთ, რომ ნიღაბი მოგვეხსნა. როცა არ იყო საჭირო ჩავკეტეთ ქვეყანა და იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო სწავლობდა, როგორ უნდა ემართა ტურიზმი, საქართველომ, ეს დრო გამოტოვა. თუ ასე გაგრძელდება, ამ ზამთარსაც უნდა ველოდოთ შარშანდელ აბსურდს, როდესაც ჩაკეტეს ზამთრის კურორტები და რაც მივიღეთ შედეგებს დღემდე ვიმკით,” - განაცხადა Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა, გადაცემა “საქმიან დილაში”.

მისი თქმით, ტურიზმის ადმინისტრაციასა და მთის კურორტების კომპანიაშიც პროფესიონალი ადამიანები არიან დასაქმებული, თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანა იმართება ზედმეტად ვერტიკალურად და ამ პროფესიონალებს არ შეუძლიათ პროგნოზების კეთება.

“ვერტიკალური მართვის სადავეებში მყოფ ადამიანებს არ შეუძლიათ გრძელვადიანი ან თუნდაც საშუალო და მოკლევადიანი პროგნოზის კეთება, ასევე არ შეუძლიათ თამამად თქვან, მაგალითად როდის იწყება ზამთრის ტურისტული სეზონი. ამიტომაც ხალხს არ აქვს გარანტია, რომ აზრიანად მოიქცევა ხელისუფლება და არ ჩაკეტავს ეკონომიკას.

შედეგად კი, ქვეყანა გაურკვევლობის, არაპროფესიონალიზმისა და ნიჰილიზმის ზღვარზეა,” - აღნიშნა კიკნაძემ.

Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა კრიმინალური შემთხვევების ზრდაზე და აღნიშნა, რომ შემთხვევითობას აღარ ჰგავს უკვე წლის განმავლობაში ამდენი კრიმინალური ფაქტი, რომლებიც მიმართულია ტურისტებისკენ.

“ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა და ნიშნავს კრიმინალური სამყაროს მიშვებას, რის შედეგებსაც ვიმკით დღეს, ხოლო არგუმენტები რომ ყველა ქვეყანაში ხდება მსგავსი კრიმინალური შემთხვევები, არ არის საკმარისი საბუთი. მაინც გაფუჭებული იმიჯის გამოსწორების კუთხით, ჯერჯერობით ქვეყანაში არაფერი კეთდება,” - აღნიშნა საბა კიკნაძემ.