მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მთავრობის ყველა რგოლმა ინვესტიციების მოსაზიდად ყველაფერი უნდა გააკეთოს”- არჩილ გაჩეჩილაძე

604a53a323c1f
ანუკა ჯოხაძე
11.03.21 23:30
871
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის FDI საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.

"საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ BM.GE-ის განუცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება 2020 წელს არსებული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით გასაკვირი არ იყო. ამასთან, მისივე თქმით, მთავრობამ ეს პერიოდი ყველა დარგში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

“2020 წელი რთული იყო, ალბათ ურთულესი ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასე რომ, ინვესტიციების კლება ძალიან გასაკვირი არ იყო, მაგრამ ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მთავრობის ყველა რგოლმა ყველაფერი გააკეთოს ყველა დარგში ინვესტიციების მოსაზიდად. ინვესტიციები არის არა მარტო ფულის შემოდინება, არამედ ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ცოდნის ტრანსფერი და ეს არის  საქართველოს გრძელვადიანი წარმატება”, - ამბობს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

ცნობისთვის: ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს გაიზარდა, საფინანსო სექტორია. ზრდა ამ შემთხვევაში 2019 წელთან შედარებით 47%-ია.

ეკონომიკის სექტორები, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა:

სასტუმროები და რესტორნები - მინუს $221 მილიონი, 2019 წელს კი სექტორში $120 მლნ ჩაიდო (კლება $341 მლნ)
ენერგეტიკა - $6 მილიონი, კლება წინა წელთან -98%
ტრანსპორტი - $13 მილიონი, კლება წინა წელთან -77%
დამამუშავებელი მრეწველობა - $68 მილიონი, კლება წინა წელთან -41%
კავშირგაბმულობა - $48 მილიონი, კლება წინა წელთან -33%
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $10 მილიონი, კლება წინა წელთან -25%.

ეკონომიკის სექტორები, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა

საფინანსო სექტორი - $400 მილიონი, ზრდა წინა წელთან 47%
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $101 მილიონი, ზრდა წინა წელთან 94%
უძრავი ქონება - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 729%
მშენებლობა - $62 მილიონი, ზრდა წინა წელთან 76%
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 56%.