მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, სავარაუდოდ, უფრო მცირე ნაბიჯებით მოხდება - არჩილ გაჩეჩილაძე

ბოგ

რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, სავარაუდოდ, უფრო მცირე ნაბიჯებით მოხდება - ასეთი მოლოდინი აქვს საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს არჩილ გაჩეჩილაძემ, რომელმაც ჟურნალისტებთან სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის კუთხით ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

ბანკის ხელმძღვანელი მარეგულირებლის ნაბიჯებს „დროულს“ უწოდებს და ამბობს, რომ შედეგად ბაზარზე უფრო მეტი აქტივობა და კონკურენცია გაჩნდა.

„ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ დოლარის დეპოზიტების სავალდებულო რეზერვების მცირე ნაბიჯით შემცირება მოხდა, რამაც ბიზნესისთვის დამატებით დოლარის რესურსის მიწოდება გამოიწვია. ეს მოხდა ოქტომბერ-ნოემბერში და ეს იგრძნობა, ამან კონკურენცია გაამძაფრა. ასევე ვხედავთ, რომ ლარის განაკვეთი იმდენად შემცირდა, რომ ეს სესხებზე მოთხოვნის დამატებით წახალისებას იწვევს. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის მიერ ძალიან დროული ნაბიჯები იყო გადადგმული. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ ინფლაციის საბაზო მაჩვენებლის შედეგებს, რაც გვაჩვენებს რამდენით შეიძლება შემცირდეს ლარის სასესხო განაკვეთი. მომავალში, სავარაუდოდ ეს უფრო მცირე ნაბიჯებით მოხდება“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

bm.ge-ის კითხვაზე - რა გავლენას ახდენს ამერიკის და ევროპის საფინანსო სექტორების მარეგულირებლების მიერ რეფინანსირების განაკვეთებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი პასუხობს, რომ საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება დიდწილად რეგიონში მიმდინარე მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„ბევრად მეტია დამოკიდებული რეგიონის აქტიურობაზე და იმაზე - რა მოხდება ჩვენს ეკონომიკაში, ვინაიდან იქ [აშშ-ში, ევროკავშირში რეფინანსირების განაკვეთების] შემცირება და ზრდა, შედარებით მცირე, თანმიმდევრული და დროში გაწელილი იქნება. ჩვენი საპროცენტო განაკვეთებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია აქ რა მოხდება. მთლიანობაში დოლარის სწრაფ ზრდას ან შემცირებას არავინ ელოდება, შესაბამისად, თუ ასეთი სწრაფი მოძრაობები არ მოხდა, ეს იმდენად ნელი იქნება, რომ რადიკალურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. მოლოდინები, რა თქმა უნდა, შემცირებისკენ არის, თუმცა რამდენჯერმე თარიღმა მნიშვნელოვნად გადაიწია. დღეისთვის არის მოლოდინი, რომ შემდგომი 12 თვის განმავლობაში FED-ი განაკვეთებს დაახლოებით 1%-ით შეამცირებს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა როგორ გაგრძელდება, ვინაიდან საქართველოში ინვესტიციების კუთხით ზრდა გვქონდა და ეს თუ შენარჩუნდა, ეს ბაზარზე მეტი აქტიურობისთვის მთავარი სტიმული იქნება“, - განმარტა არჩილ გაჩეჩილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები