მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მწვანე ქვეყნის სტატუსი იმაში გამოვიყენეთ, რომ მივიღეთ რამდენიმე მლნ ევროს შესაბამისი ცნობადობა“

602d2f0e2a15f
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.21 09:40
552
ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, დღეს უკვე პარლამენტარი მარიამ ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ მწვანე ქვეყნის სტატუსი საერთაშრისო ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად ისე გამოიყენა, რომ ამაში მარკეტინგული რესურსი არ დაუხარჯავს. ამ საკითხზე მან „ქალების ნარატივში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც მაშინდელი ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ „მწვანე ქვეყნის სტატუსის“ გამოყენების შეფასებას ეხებოდა.

მარიამ ქვრივიშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველომ „მწვანე ქვეყნის სტატუსი“ ვერ გამოიყენა და ამის საპასუხოდ საკუთარი არგუმენტები მოჰყავს.

„გავიხსენებდი იმას, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებზე მოხვდა, როგორც ქვეყანა, რომლისგანაც უნდა ისწავლონ ჩვენზე მეტად განვითარებულმა ქვეყნებმა. ეს მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლების და საქართველოს პოზიციონირების კუთხით. ამას შეეხო ტოპ გამოცემები, მათ შორის New York Times-ი, Forbes-ი... კულმინაცია იყო, როდესაც მივიღე მეილი CNN-სგან, სადაც ეწერა, რომ ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული საქმიანობით და ტურიზმის გახსნის მზაობით და მთხოვდნენ პირდაპირ ეთერში სასაუბროდ რამდენიმე წუთის დათმობას.

ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც 2020 წელს, საქართველოს და ამ შემთხვევაში, ტურიზმის ადმინისტრაციას მარკეტინგული კურსით რესურსი არ დაუხარჯავს. „მწვანე ქვეყნის“ სტატუსი გამოვიყენეთ იმაში, რომ მივიღეთ რამდენიმე მილიონი ევროს/დოლარის შესაბამისი ცნობადობა. CNN-ზე ჩართვისთვის თანხა არ გადაგვიხდია. ამ სტატიებს თავისი ღირებულება აქვს. ამით ჩვენი ცნობადობა საერთაშორისო არეალზე ძალიან გაიზარდა, თანაც როგორც ქმედითი, პატარა ქვეყნის, რომელმაც აჯობა ბევრ სხვას“, - განმარტავს მარიამ ქვრივიშვილი.

ის ამბობს, რომ კერძო სექტორის გადმოსახედიდან გახსნისთვის მზადება მნიშნელოვანი იყო, თუმცა 2020 წელს პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობა იყო და ქვეყანამ ამის უზრუნველსაყოფად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად საკარანტინე სასტუმროების პროექტი აამოქმედა.

„რთულია, კერძო სექტორის გადმოსახედიდან, როდესაც მოლოდინია, გაცხადებულია სტრატეგია გახსნისთვის მზადებასთან დაკავშირებით. მეც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც, მინისტრთა კაბინეტს და კერძო სექტორსაც ძალიან გვინდოდა მწვანე ქვეყნის სტატუსის გამოყენება. სამწუხაროდ, გართულებულმა ეპიდმდგომარეობამ, რომელიც თანმდევი და ლოგიკური იყო გახსნის ფონზე... მე ხაზს ვუსვამ, რომ არ შეიძლება შიდა ტურისტულ ნაკადებზე იყოს „აკიდებული“ ვალდებულება, რადგან არიან პასუხისმგებლობიანი წარმომადგენლებიც და ისეთებიც, რომლებიც მეტი ყურადღების მიქცევას საჭიროებენ.

2020 წელს პრიორიტეტად იყო ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. ამასთან ჩვენ შევძელით უფრო სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიგვეღო, რათა სხვადასხვა ფორმებით დავხმარებოდით ტურიზმის კერძო სექტორს. მათ შორის, აღსანიშნავია კარანტინების პროექტი, სადაც ასობით სასტუმრო იყო ჩართული. აქ არ ყოფილა სუბსიდირების მექანიზმი გამოყენებული. 4 000-ზე მეტმა ადამიანმა, თავიანთი შრომითა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, შექმნა ეს ინფრასტრუქტურა ჩვენთან ერთად.

შევქმენით ე.წ ბუფერული ზონა, სადაც ხდებოდა იმპორტირებული ვირუსის გავრცელების პრევენცია. ამით, შევინარჩუნეთ 4 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი ტურიზმის სექტორში, შევქმენით ის ინფარასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისოდაა აღიარებული, თუ როგორ შეიძლება, რომ თვითიზოლაციის საშუალება შექმნა სახელმწიფომ მოწყვლად რეგიონებში, რითიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ტურიზმის ინდუსტრიის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა - გვერდში დადგომის მომენტი“, - განმარტა ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა.