მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება დაადგინოს “კავკასუს ონლაინის” შეძენის კანონიერება - Neqsol

605c965d02f5e
სალომე მეცხვარიშვილი
25.03.21 18:00
887

მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, დაადგინოს “კავკასუს ონლაინის” შეძენის კანონიერება, - ამის შესახებ bm.ge-ს “კავკასუს ონლაინის” მფლობელ კომპანია “ნექსოლ ჰოლდინში” განუცხადეს.

როგორც “ნექსოლ ჰოლდინგის” სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი bm.ge-სთან აცხადებს, სამართლებრივი დავები კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით დაწყებულია როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. მისივე ინფორმაციით, გასულ პარასკევს სხდომა ვაშინგტონში, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში(ICSID-ში) უკვე გაიმართა. პროცესები დაძრულია საქართველოშიც, 1 მარტს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, “კავკასუს ონლაინში” დანიშნულ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილება შეუჩერდა, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

“ბოლო პერიოდში მიიქცია ყურადღება კომუნიკაციების კომისიის განცხადებამ და გარკვეული კითხვებიც გააჩინა, რამდენადაც კომუნიკაციების კომისიას, ერთი მხრივ, სურდა, ეპასუხა ვენეციის კომისიის დასკვნისთვის, მაგრამ განცხადების სათაური სრულად ეხებოდა "ნექსოლ ჰოლდინგს" და სათაური ასეთი იყო, რომ “ნასიბ ჰასანოვმა უკანონოდ შეიძინა კავკასუს ონლაინის 51%-იანი წილიც”. ვფიქრობ, მხოლოდ საერთაშორისო ან ადგილობრივ სასამართლოს აქვს უფლება, დაადგინოს შეძენის კანონიერება. ამიტომ, უბრალოდ ეს სათაური არასწორად მიმაჩნია”,- აცხადებს თემურ თაგიევი.

შეგახსენებთ, რომ “ნექსოლ ჰოლდინგის” მიერ “კავკასუს ონლაინის” წილების შესყიდვას კომუნიკაციების კომისია უკანონოდ მიჩნევს. კომპანიამ “კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასგან შეიძინა. თუმცა, ქართული მარეგულირებელი ტრანზაქციას არალეგალურად მიიჩნევს და არ აღიარებს, ამიტომ წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. აქამდე კახა ბექაურის უწყება “ნექსოლ ჰოლდინგს” “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის დაბრუნებას სთხოვდა, გუშინ კი განაცხადა, რომ “ნექსოლმა” “კავკასუსში” დარჩენილი - 51%-იანი წილიც გადაიფორმა. წილების საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად კომისიამ კომპანიაში სპეციალური მმართველიც დანიშნა, რომელიც ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით კომპანიაში მუშაობდა და ის იღებდა გადაწყვეტილებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები