მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად არის თუ არა ენერგეტიკული ბირჟა 1 იანვრიდან ვაჭრობის დასაწყებად?

618fcfb424ece
დავით ჯალაღონია
13.11.21 20:05
992
ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის ირინა მილორავას განმარტებით, 2022 წლის 1 იანვრიდან ბირჟა ელექტროენერგიით ვაჭრობის დასაწყებად მზად არის. ამის შესახებ მან Forbes Talks–თან ინტერვიუში განაცხადა.

თავდაპირველად, პლატფორმის ხელმძღვანელმა ბირჟის სატესტო რეჟიმის ეტაპები მიმოიხილა.

“პირველ ეტაპზე, 2020 წელი ჩვენ მივუძღვენით ისეთი ტიპის სიმულაციებს, როცა ჩვენ ვაძლევდით გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით ბაზრის მონაწილეებს დავალებებს და ისინი ამ დავალებების საფუძველზე ბირჟაზე განაცხადებს აკეთებდნენ და ბირჟაზე ვაჭრობის უნარებს ივითარებდნენ, თუმცა ეს არ არის ერადერთი ბაზარი, რომელიც 2022 წლიდან უნდა გაეშვას. არის კიდევ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი - ეს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარია, რომელიც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა. ამიტომ ჩვენ ორივე ბაზარი ერთად 1 იანვრიდან უნდა გავუშვათ.

რადგან ორივე ბაზრის გაშვება 1 ივლისისთვის იყო დაგეგმილი, აპრილიდან სატესტო ვაჭრობები დაიწყო, ოღონდ გაერთიანებულ ფორმატში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბაზრის მონაწილეები ჩვენთან ელექტროენერგიის ყიდვასა და გაყიდვაზე განაცხადებს აკეთებდნენ, ჩვენთან იხურებოდა აუქციონი, ვაჭრობის შედეგებს ვიღებდით და შემდეგ ეს შედეგები საბალანსო ოპერატორს გადაეცემოდა, რადგან ვაჭრობის შეჯამება საბალანსო ბაზრის ოპერატორთან ხდება, სადაც ასევე ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგია იყრის თავს. შემდეგ უბალანსობის გაანგარიშება და საბოლოო სურათის ჩამოყალიბება იქ ხდება”, – განაცხადა ირინა მილორავან და დასძინა, რომ სატესტო რეჟიმში თავდაპირველად ხარვეზები დაფიქსირდა.

“ამ მოდელის მთავარი გამოწვევა საათობრივი ვაჭრობაა, რასაც ჩვენ აქამდე თვის ჭრილში ვაკეთებდით – ვვაჭრობდით, ვვანგარიშობდით გამომუშავებულ და მოხმარებულ ელექტროენერგიას, ეს ყველაფერი ძალიან დინამიური პროცესი ხდება და ყოველსაათობრივად უნდა მოხდეს. ამ პროცესში უკვე აპრილიდან ვართ და ყოველთვიურად თითო-თითო სავაჭრო სესიას ვაკეთებდით. უკვე ოქტომბრიდან საათობრივი ვაჭრობა გავუშვით, თავის საბალანსო ბაზართან ერთად, ყოველდღიურად. მაგალითად, დღესაც ვაჭრობა ჩატარდა, აუქციონი დაიხურა, ფასი ჩამოყალიბდა და პრაქტიკულად მთელი პროცესია უკვე დატესტილი ჩვენს მხარეს. ბაზრის სრული ციკლი გვაქვს დატესტილი ბაზრის მონაწილეებთან და ამდენად, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პირველი იანვრისთვის მზად ვართ, უბრალოდ ამ დროს კიდევ ერთხელ ბაზრის მონაწილეებთან კომუნიკაციისთვის გამოვიყენებთ, რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ”, – განმარტა ირინა მილორავამ.

ცნობისთვის: ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება 1 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა პლატფორმაში მონაწილეთა არასათანადო მზაობის გამო ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. ეს ბირჟა ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებს და იმ პირებს, რომელთაც აქ ვაჭრობის საშუალება ექნებათ, ელ.ენერგიას დღით ადრე და დღიური ბაზრების რეჟიმით შესთავაზებს.