მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მზად ვარ შევხვდე საპროტესტო აქციის ინიციატორებს“ – „ვისოლის“ პასუხი

618a5b3a64c6a
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.21 17:51
889
„უარი საწვავის ფასებს“ - ამ მოწოდებით სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში, დაახლოებით, 270 000 ადამიანი შეუერთდა. ისინი სხვადასხვა ნავთობიმპორტიორი კომპანიის მიმართ პროტესტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული კომპანიის გასამართ სადგურების მიმართ ბოიკოტის და საწვავის არ ჩასხმით გამოხატავენ. პროტესტი უმეტეს წილად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიმართ ხორციელდება, რასთან დაკავშირებითაც კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა საპროტესტო აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრისა და მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე საუბრის ინიციატივით გამოვიდა.

„მზად ვარ შევხვდე საპროტესტო აქციის ინიციატორებს და ცივი გონებით განვსაზღვროთ ის ეკონომიკა, რასაც ისინი გვთავაზობენ“, - განაცხადა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა გადაცემა „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

ის აცხადებს, რომ კომპანია მზად არის საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უპასუხონ და მათი შემოთავაზებები მიიღონ.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ მიზანი კეთილსინდისიერი ბიზნესის წარმოებაა, რაც პასუხისმგებლიანი ბიზნესის წარმოებაში გამოიხატება და იმ სწორი საქმის კეთებაში, რომელსაც თითოეული ჩვენი ჯგუფის შემადგენელი კომპანია ახორციელებს. ეს არის ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, საქმიანობის კეთილსინდისიერად წარმოება, "ვისოლ ჯგუფის" ამა თუ იმ მიმართულებაში, დაახლოებით, 5 000-მდე ადამიანია დასაქმებული და ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას თითოეული მათგანის და ჩვენი მომხმარებლის მიმართ.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ერთ-ერთი ნავთობკომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც ქართული კაპიტალით არის შექმნილი და დიდი კონკურენციის პირობებში გვიწევს ოპერირება.

ჩვენ ზუსტად უნდა მივაწოდოთ მომხმარებელს ის კალკულაცია, რომელიც ზუსტად გამოხატავს დღეს საწვავის საბაზრო ღირებულებას. ჩვენი ტიპის კომპანიამ, რომელიც არც მომპოვებელი და არც გადამმუშავებელია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ჩვენს კომპანიას ექსკლუზიური უფლება აქვს საბერძნეთის ნავთობგადამმუშავებელ კომპანია „ჰელენიკ პეტროლიუმთან“ და წლების განმავლობაში ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხის ნავთობის იმპორტს ვახდენთ.

ბენზინის ფასი რამდენიმე ძირითადი პროდუქტისგან შედგება: ნავთობის ფასი, გადასახადები, ლოგისტიკური ხარჯები. რომლის შემცირება შეგვიძლია?! - არ გადავუხადოთ მომწოდებელს, არ გადავუხადოთ ბიუჯეტს, ტრანსპორტირების ხარჯი არ გადავიხადოთ?!

მე თითოეული ადამიანის აზრი მაინტერესებს ჩვენს კომპანიაზე და დამოკიდებულებითაც საზოგადოების აზრს ვერასდროს უგულებელვყოფთ. ადრეც გვქონია მსგავსი შემთხვევები და შეხვედრებისას გაგვითვლია სად იყო ფასის შემცირების რესურსი, არ მინდა ადამიანები რამდენიმე ორგანიზატორმა მოწამლოს და ისე განაწყოს, რომ ბიზნესს არ დაუტოვოს გზა და თავის მართლების პოზიციაში ამყოფოს. ჩვენ ვიცავთ წესებს კეთილსინდისიერად.

ჩვენი ქართული წარმომავლობით გვიწევს ლიდერის პოზიციების შენარჩუნება. ჩვენთვის საიმიჯო ზიანი მნიშვნელოვანია და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კითხვაზე სწორი პასუხი გაეცეს. მზად ვარ შევხვდე საპროტესტო აქციის ინიციატორებს და ცივი გონებით განვსაზღვროთ ის ეკონომიკა, რასაც ისინი გვთავაზობენ. ჩვენი კომპანია რასაც აკეთებს დანახარჯების კუთხით, ისინი რომ დღეს ჩემთან სამსახურში მოვიდნენ, იგივე ანატომიით წარმოადგენენ საცალო ფასს“, - აცხადებს ვასილ ხორავა.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი 1 წლის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის გაძვირების ტენდენციაზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპანიას ამ ფაქტორებზე გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ.

„თუ ავიღებთ ერთი წლის დინამიკას, ნავთობპროდუქტების ფასი, დაახლოებით, 110%-ით არის გაზრდილი, რაც შიდა ბაზარზე პროდუქტზე 60%-მდე ფასის ზრდას ითვალისწინებს, რეალობაში კი ფასი, დაახლოებით, 43-44%-ით არის გაზრდილი. დინამიკაში მივყვებით იმ საერთაშორისო ფასებს, რომელიც ბაზარზე ფიქსირდება. ინფლაციური პროცესები არამხოლოდ ნავთობპროდუქტებს, არამედ სხვა სერვისებსაც აძვირებს.

საწვავის ფასი ჩვენი თანამშრომლებისთვისაც გაძვირდა და ჩვენ მათ ვერანაირ კომპენსაციას ვერ ვაძლევთ. მე მესმის ემოციური ფონის, რადგან ამ საზოგადოების წევრი ვართ და ვერ მივესალმებით საწვავის გაძვირებას, მაგრამ იმ გარემოებაში ვართ, სადაც ამას ვერ უგულებელვყოფთ; როდესაც ნავთობზე ფასები იზრდება კონკრეტული ხედვა უნდა დავაფიქსიროთ ბაზარზე. ამასთან განვმარტავთ, რომ ინდუსტრია ჩადებულ კაპიტალზე დაბალი მოგებიანობით ხასიათდება, ესეც გარკვეული ინდიკატორია. ის, რომ აქ რაღაც ზემოგება ხდება, არასწორია“, - განმარტა ვასილ ხორავამ.