მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზისა და ქარის სადგურებისთვის შესაძლოა, ფინანსური მხარდაჭერის ახალი სქემა დაინერგოს

61ed4835ee094
დავით ჯალაღონია
24.01.22 10:10
1256
საქართველოში განახლებად ენერგიებზე (მზე, ქარი, ჰიდრო) მომუშავე ინვესტორებს მთავრობა ფინანსური მხარდაჭერის სქემას სთავაზობს.

ამ სქემის (Feed-in-premium) მიხედვით, გაყიდულ ერთ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე ინვესტორმა სახელმწიფოსგან შეიძლება, მაქსიმუმ 1.5 ცენტი მიიღოს, მხოლოდ 5.5-ცენტიანი ზედა ზღვარის ფარგლებში. მაგალითად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ელექტროენერგიის ფასი ბაზარზე 1 ცენტი თუ იქნება, სახელმწიფო ელექტროსადგურს 1.5 ცენტზე მეტად მაინც არ დაეხმარება, 5-ცენტიან ელექტროენერგიაზე კი ინვესტორი მხოლოდ 0.5 ცენტს მიიღებს. ეს სქემა მას შემდეგ შემუშავდა, რაც მთავრობა ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ინვესტორებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს აღარ უფორმებს.

ჰესების, მზისა და ქარის სადგურების განვითარებით დაინტერესებული დეველოპერები განმარტავენ, რომ ამ მექანიზმით პროექტების დაწყება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სადგურს, რომელიც აშენდება, ელექტროენერგიის ენერგეტიკულ ბირჟაზე გაყიდვა მოუწევს, BMG ბირჟის ხელმძღვანელთან ირინა მილორავასთან საუბრისას დაინტერესდა, იგეგმება თუ არა მხარდაჭერის მოქმედი მოდელის ცვლილება ინვესტორების სასარგებლოდ.

"მხარდაჭერის ეს მექანიზმი, რაც მოქმედებს დღეს, გენერაციის ინვესტორს ეუბნება, რომ იგი ვალდებულია ივაჭროს ბირჟაზე და მეორე მხრივ, მთავრობა იღებს ვალდებულებას, მას მისცეს გაყიდულ კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე 1.5 ცენტი, მაგრამ არა უმეტეს, 5.5 ცენტისა და აქ ხშირად მოისმენდით გენერაციის ინვესტორების მოთხოვნას, დაწესდეს ქვედა ზღვარი, რაც ლოგიკურია ჩემი აზრით, რადგან მათ სჭირდებათ მინიმალური შემოსავლის გარანტირება. ასეთ შემთხვევაში, ამ მოდელში, მინიმალური შემოსავალი 1.5 ცენტია, მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი გენერაციის ობიექტების დაფინანსებისთვის.

მეორე გამოწვევა არის ის, რომ შეიძლება ამ მექანიზმმა ვერ უპასუხოს ისეთი ტიპის განახლებადი ენერგიების განვითარებას, როგორიც არის მზის ენერგია, რადგან ეს არის ზაფხულის ენერგია და შესაბამისად, მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ ზაფხულის თვეებში. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მზისა და ქარისთვის განსხვავებული მოდელები იქნეს შერჩეული, ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ აუცლებლად მივალთ ამ გადაწყვეტამდე.

იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, უნდა გავუშვათ ბაზარი, იმიტომ რომ უნდა ვნახოთ, რა ფასს გვაძლევს ბაზარი. შემდეგ უნდა შევაფასოთ, არის თუ არა ბაზრის ფასს პლიუს 1.5 ცენტი საკმარისი გენერაციის ინვესტორებისთვის და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება", – განმარტა ირინა მილორავამ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის ფარგლებში, სხვადასხვა ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და შემდგომ მშენებლობის მიზნით სახელმწიფოსთან 6 მემორანდუმია გაფორმებული. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრეა 67.22 მეგავატი, საინვესტიციო ღირებულება - 86 მილიონ 577 ათასი აშშ დოლარი.