ბრიტანული კომპანია Space Solar თვლის, რომ კოსმოსური ტექნოლოგიით იმაზე მეტი განახლებადი ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი, ვიდრე მისი დედამიწური ეკვივალენტინით.
მზის ენერგიის კოსმოსური ფერმა დედამიწის ორბიტის ზემოთ, სავარაუდოდ, 2035 წლიდან გაეშვება. ტექნოლოგიური ფირმა, რომელიც ოქსფორდშირიდან ოპერირებს, ვარაუდობს, რომ ახალი ელექტროსადგური ბრიტანეთის ენერგეტიკის ჯაჭვს მოამარაგებს - ამის შესახებ Euronews წერს.
პროექტის თანახმად, 2 კმ-ის სიგრძის მზის პანელები დედამიწაზე რესივერებს იმავე პრინციპით მიაწოდებს ენერგიას, როგორც მობილურ სიგნალს. გამომგონებლებმა მზის პანელების ცაში გაშვება კოსმოსში მზის სინათლის ინტენსივობის გამო გადაწყვიტეს. კოსმოსში მზის სხივები ათჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე დედამიწაზე და მათი შეგროვება დღის საათების ნაცვლად, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. გასულ წელს კოსმოსის ევროპულმა სააგენტომაც განაცხადა, რომ მზის ენერგიის ფერმის დედამიწიდან 36 ათასი კმ-ში გაშვებას გეგმავდა.
ტექნოლოგიური კომპანია აცხადებს, რომ კოსმოსში განახლებადი ენერგიის ინოვაციურმა პროექტებმა ცაში გაშვებულ მზის ენერგიის ფერმას ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა მიანიჭა. ახალი ტექნოლოგია, შესაძლოა, ბრიტანეთის ენერგიის მთავარი წყაროც გახდეს, რადგან, კვლევის თანახმად, კოსმოსური ელექტროსადგური დედამიწაზე ტრადიციულ მზის პანელებთან შედარებით 2-ჯერ, ოფშორულ ქარის ტურბინებთან შედარებით კი - 10-ჯერ ნაკლებ ფართობს დაიკავებს და 13-ჯერ უფრო მეტ განახლებად ენერგიას გამოიმუშავებს. კომპანიის მიზანია, რომ დედამიწის ელექტროენერგიის მოთხოვნის 20% 600 სატელიტის დახმარებით დააკმაყოფილოს.
ბრიტანეთის მთავრობამ კოსმოსური მზის პანელების პროექტების კვლევისთვის £6 მლნ-ი, კოსმოსური მზის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიის საერთაშორისო პროექტისთვის კი - £5 მლნ-ი გამოყო.