საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) კვლევის თანახმად, ათწლეულის დასრულებამდე ელექტროენერგიაზე მსოფლიო მოთხოვნის თითქმის ნახევარს განახლებადი ენერგორესურსები დააკმაყოფილებს, თუმცა გაეროს გეგმა, რომლის თანახმადაც 2030 წლისთვის მწვანე ენერგიის წარმოება უნდა გასამმაგებულიყო, ვერ შესრულდება.
კერძოდ, სააგენტოს ყოველწლიური კვლევის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით 2030 წლამდე განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრე 5 500 გიგავატამდე გაიზრდება, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ზრდა 2017-2023 წლების შუალედში.
მეტიც, ანგარიშის თანახმად, ზრდა ჩინეთის, ევროკავშირის, ინდოეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთო სიმძლავრის ეკვივალენტია. თუმცა საკმარისი მაინც არ არის, რომ COP28-ზე გაეროს მიერ დაწესებულ სამიზნე ნიშნულს მიაღწიოს.
ანგარიშის თანახმად, თუ მსოფლიოში მწვანე ენერგიის გასამმაგებაა გეგმაში, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ამაში უფრო მეტი ძალისხმევა უნდა ჩადონ და განახლებადი რესურსები სახელმწიფო ენერგოქსელებს უნდა მიუერთდეს. IEA-ს თანახმად, ამისთვის საჭიროა 25 მლნ კილომეტრიანი ელექტროქსელის მოწყობა და მოდერნიზება, რათა ქსელის სიმძლავრემ 2030 წლამდე 1 500 გიგავატს მიაღწიოს.
განახლებადი ენერგიის სიმძლავრის ზრდის 80% მზის ფოტოვოლტურ ელექტროსადგურებზე მოდის, თუმცა, პროგნოზის თანახმად, 2017-2023 წლებთან შედარებით, გაორმაგდება ქარის ენერგიის წარმოებაც.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად გაეროს გეგმის სირთულისა, ქვეყნები თავიანთ ეროვნულ მიზნებს წარმატებით ასრულებენ - ანგარიშის თანახმად, 70 ქვეყანა მსოფლიოში განახლებადი ენერგიის მოცულობის 80%-ზეა პასუხისმგებელი.