მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nano Mask Georgia: "პირბადეებზე მოთხოვნა ორ თვეში 100%-ით გაიზარდა"

5e66472b735ce
ვიქტორია მღებრიშვილი
09.03.20 23:00
9681
პირბადეები ელვის სისწრაფით იყიდება, - ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს ბაზარზე მრავალჯერადი მოხმარების შავი პირბადეების იმპორტიორი კომპანია „ნანო მასკ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი გოგეშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია ბაზარზე ორი წელია რაც ოპერირებს, თუმცა წელს კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე პირბადეებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია.

„პირბადეები სეზონურად იყიდება ხოლმე, გასულ პერიოდში იყო გარკვეული მოთხოვნები პირბადის ზომებთან და ფერებთან დაკავშირებით, თუმცა წელს რაც არსებული მდგომარეობიდან გამომდინარეა, ეს მოთხოვნები ჩვენს მომხმარებელებს აღარ აქვთ და ნებისმიერი სახის პირბადეს ყიდულობენ. იანვარ-თებერვალში ჩვენს პირბადეებზე მოთხოვნა დაახლოებით 100%-ით გაიზარდა. ცოტათი გვიჭირს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, თუმცა რეგულარულად ვუკვეთავთ პირბადეებს და ვცდილობთ, დროულად დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლის მხრიდან არსებულ მოთხოვნა.

ჩვენ ვიღებთ როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ შეკვეთებს, შესაბამისად რიგ შემთხვევაში შეკვეთა საკმაოდ მოცულობითია ხოლმე. ამასთან, წელს ჩვენს გაყიდვებში საკმაოდ გაიზარდა კორპორატიული შეკვეთების წილიც“, - ამბობს გიორგი გოგეშვილი.

კითხვაზე რომელი ქვეყნიდან ხორციელდება პირბადეების იმპორტი, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მათი დიზაინით შექმნილი პირბადეები ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იწარმოება, თუმცა რომელი ქვეყანაა არ აკონკრეტებს.

„ეს პირბადეები ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, ჩვენი დიზაინით იწარმოება. კომპანიის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა დაზუსტებით გეტყვით რომ მომწოდებლებს ოფისი აქვთ ისრაელში, ამერიკასა და ევროპაში. ჩვენ შეკვეთას ევროპაში ვაძლევთ. პირბადეების შეკვეთისა და ტრანსპორტირებისთვის კი დაახლოებით 10-დან 14 დღემდე გვჭირდება“, - ამბობს „ნანო მასკ საქართველოს“ დირექტორი.

გიორგი გოგეშვილი მათ გაყიდვებში ახალი პროდუქტის - საბავშვო პირბადეების შემოტანასაც აანონსებს:

„მწარმოებელი გვთავაზობს სხვადასხვა ფერის პირბადეების დამზადებას, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ შავი გვაქვს. რამდენიმე დღეში კი საბავშვო ხაზი გვექნება, ნიმუშები მივიღეთ და იგივე ხარისხის საბავშვო პირბადეების გაყიდვას რამდენიმე დღეში დავიწყებთ, თუმცა ფერი ამ შემთხვევაში შავი აღარ იქნება“.