მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნარმანია: იყო დიდი პროტესტი, ჰესის ასაშენებლად თურქეთს მიწა არ გადავცეთო, სად წაიღებდა ინვესტორი მიწას?

62627b6813224
BM.GE
22.04.22 21:29
2200
„პრემიერ-მინისტრის განცხადება მიწის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით, ვფიქრობ დროული იყო.“ - ამის შესახებ სემეკი-ს თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “საქმიან დილაში” განაცხადა.

„პრემიერი არის პოლიტიკური ფიგურა და მან ყოველთვის სწორი ბალანსი უნდა დაიჭიროს, ერთი მხრივ, ინვესტორებსა და მეორეს მხრივ, საზოგადოებრივ ინტერესებს შორის. სწორედ ამით იყო ნაკარნახევი პრემიერ-მინისტრის განცხადება მიწის იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, უალტერნატივოა ის, რომ მხარეები ერთად დასხდნენ და მეტი კვლევები გაკეთდეს იქ, სადაც კითხვის ნიშნები ჩნდება.

„იყო დიდი პროტესტი, რომ ჰესის ასაშენებლად თურქეთს მიწა არ გადავცეთო, მაგრამ სად წაიღებდა ინვესტორი მიწას? 99 წლით გადაცემა ნიშნავს იმას, რომ საკუთრება რჩება სახელმწიფოს, უბრალოდ ჰესის ექსპლუატაციის პერიოდში მიწა თუ არ გადაეცა კომპანიას, ჰესი ჰაერში ხომ ვერ ჩამოეკიდება?“ - აღნიშნა „სემეკი“-ს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად ენერგეტიკული განვითარება მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისათვის.

„ჩვენ ამ თვალსაზრისით ნელ-ნელა უნდა ვდისტანცირდეთ რუსეთისგან. თურქეთში, აზერბაიჯანში უფრო ძვირია ენერგია, შესაბამისად თუ უფრო ძვირ ენერგიას შემოვიტანთ, ამით ტარიფზე ზეწოლა იზრდება და მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვა მოგვიწევს. ამიტომ ეს პროცესი მინიმუმ მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობით უნდა გავაგრძელოთ.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.