მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას ინფორმაციით, 6 317 სუბსიდირებული იპოთეკური სესხი გაიცა

5fd7763671759
ვიქტორია მღებრიშვილი
14.12.20 23:50
1315
2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში ნათია თურნავამ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ბიზნესის დასახმარებლად შეიქმნა და განხორციელდა.

„ჩვენი ერთ-ერთი პროგრამა და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის. 2020 წლის განმავლობაში, მიუხედავად პანდემიისა, დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, რაც ჯამურად 161 მლნ ლარის ინვესტიციაა; ასევე განხორციელდა მიკრომეწარმეების მხარდამჭერი კონკურსი, რისთვისაც გამოყოფილია 40 მილიონ ლარამდე, პრაქტიკულად, გაორმაგებული ბიუჯეტი“, - აღნიშნა მან.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სააგენტოს ფარგლებში საკრედიტო-საგარანტიო სქემა ამოქმედდა, რომელიც ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად იქცა კრიზისში მყოფი ინდუსტრიების მხარდაჭერისთვის (2020 წლის განმავლობაში დღემდე მხარდაჭერილია 121 პროექტი). მისივე თქმით, იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით, რომელიც განკუთვნილი იყო ბინათმშენებლობისა და იმ ადამიანების მხარდაჭერისთვის, ვისაც იპოთეკური სესხით ბინის შეძენა სურდა, 6 317 სესხის მხარდაჭერა მოხდა.

„ასევე აქცენტი გაკეთდა დაზარალებულ ინდუსტრიებზე, რომელთა დასახმარებლად სრულიად ახალი მიმართულებები შეიქმნა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში - მაგალითად, ეს არის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმროებისთვის, რომლითაც დღემდე უკვე ისარგებლა 2200-მდე სასტუმრომ; ასევე ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიების სუბსიდირების მექანიზმი, რომლითაც 33 ტურისტული კომპანია უკვე სარგებლობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში სამინისტროში რეგულარული შეხვედრები იმართებოდა სხვადასხვა ჯგუფთან, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ.

„მხარდაჭერის მიმართულებებს დავამატეთ ივენთ-კომპანიებისთვის საბანკო სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, ახლახან ამოქმედდა ასევე სარესტორნო ინდუსტრიის საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს განაცხადების მიღება და დღევანდელი ინფორმაციით, უკვე 1400-ზე მეტმა რესტორანმა მოგვმართა განაცხადით. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისეთი სტარტაპებისა და ინოვაციების წახალისებას, რომელიც დისტანციურ სამუშაოსთან და უსაფრთხოების ნორმების დანერგვასთან იყო დაკავშირებული“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა