მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Native Racha-ს გაყიდვები გასამმაგდა - ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია წარმოებას ზრდის

618149ce323ab
ვიქტორია მღებრიშვილი
02.11.21 23:00
1784
დავარგებული ხორცპროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია Native Racha გაყიდვების გაზრდის პარალელურად 2022 წლის გაზაფხულიდან წარმოების გაფართოებას გეგმავს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი გაფართოების პროექტის საინვესტიციო ღირებულებას ვერ აკონკრეტებს და ამბობს, რომ დღეისთვის წარმოების ზრდის გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„Native Racha-ს გაყიდვები ბოლო პერიოდში გასამმაგდა. დღეისთვის კომპანია ტრადიციული დავარგებული პროდუქტის ბაზარზე როგორც ჰორეკას, ასევე რიტეილ-სექტორში ლიდერი კომპანიაა. დღეს პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რის გამოც წარმოების გაზრდას ვგეგმავთ. წარმოების გაფართოებაზე მუშაობა და პროექტირება დაწყებულია. ახალი პროექტის ამოქმედების შემდეგ ჩვენი მიზანი თვეში 7-დან 10 ტონამდე პროდუქტის წარმოებაა“, - ამბობს ვასილ ბაბლუანი.

დღეისთვის ამბროლაურში მოქმედ Native Racha-ს საწარმოში 30 ადამიანი მუშაობს. კომპანია თვეში 15-მდე დასახელების სამ ტონამდე დავარგებულ ხორცპროდუქტს აწარმოებს, მათ შორისაა რაჭული ლორი, ხამონი, რაჭული სუთი, სვანური კეპილი, სვანური ზისხორა და სხვა. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ საყოველთაო ინფლაციის ფონზე Native Racha-ს ადგილობრივი წარმოების ხორცპროდუქტები არ გაძვირებულა და ამის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.

„საქართველოში ასეთი დავარგებული პროდუქტის წარმოება არ არსებობს შესაბამისად ადგილობრივ წარმოებაში კონკურენტი არ გვყავს, მაგრამ იმპორტირებული დავარგებული პროდუქტის მაგალითად ხამონის და სხვა პროდუქტების ღირებულება ჩვენი პროდუქტის ღირებულებას 2-3-ჯერ აღემატება. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით Native Racha-ს ხორცპროდუქტების არ გაუძვირებია“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

ვასილ ბაბლუანი აღნიშნავს, რომ Native Racha-ს წარმოებამ ქართული მთის ღორის აღდგენის პროექტს შეუწყო ხელი, საიდანაც კომპანია ხორცპროდუქტებისთვის საჭირო ნედლეულით მარაგდება, მას Natige Georgia-ს შვილობილი კომპანია „კავკასიო სუსი“ მართავს. ფერმას საშუალოდ 500-მდე სული ღორი ჰყავს, რომელიც Native Racha-ს მომარაგების გარდა, კერძო შეკვეთებზეც მუშაობს.

ცნობისთვის: კომპანია Native Georgian-მა საწარმოს მართვა, რომელიც ამბროლაურის რაიონში მდებარეობს, 2018 წლიდან გადაიბარა.